1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია”-The Daily Telegraph
“ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია”-The Daily Telegraph

“ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია”-The Daily Telegraph

143
0

„ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია ჯეფრი ვან ორდენი, სამხედრო მიმომხილველი.

„ევროპული ქვეყნები საკუთარი თავის გადარჩენის გეგმაზე ფიქრობენ, მიმდინარეობს არაოფიციალური ლაპარაკი ევროკავშირის არმიის შექმნის მიზნით, მაგრამ ჩაანაცვლებს თუ არა ევროკავშირის არმია ნატოს? შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის შეკავებას აშშ-ის გარეშე? ვინ უფრო დაიცავს ევროპას – საფრანგეთი თუ აშშ? რა როლის შესრულება ეკისრება დიდ ბრიტანეთს?“ – ეს კითხვებია დასმული პუბლიკაციაში, რომელსაც ქვემოთ მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

როცა დონალდ ტრამპი გასულ კვირას დავოსში იყო, ნატოს სამხედრო კომიტეტმა – ალიანსის სამხედრო მმართველობის უმაღლესმა ორგანომ –  ბრიუსელში თათბირი გამართა, რომლის დროსაც სამხედრო რესურსებით სარგებლობის დაჩქარებისა და არქტიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ამიერიდან ნატოს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები აღმოსავლეთის ფლანგზე ბრიგადებამდე გამსხვილდება, ხოლო ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყანა არქტიკაში თავისი სამხედრო ძალების მუდმივ დისლოკაციაზე გადადის. პირველად ცივი ომის შემდეგ ნატოს კონკრეტული წევრი სახელმწიფოები წინასწარ გამოყოფენ ჯარებს განსაზღვრული გეოგრაფიული არეალის დასაცავად.

იმედიან ფონს ქმნის ის გარემოებაც, რომ აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში გამოხატული ერთგვარი „ანტიევროპული ფონის“ მიუხედავად, ვაშინგტონს მაინც განზრახული აქვს ევროპას კრიტიკულად აუცილებელი დახმარება გაუწიოს, თუმცა შეზღუდული სახით.

არქტიკაში რუსეთის რეალური შეკავების გათვალისწინებით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ აშშ-მა ამ პროცესში მონაწილეობა გააგრძელოს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნებიან ევროპის ქვეყნები (და არა ევროკავშირი) ყველაფერი გააკეთონ საკუთარი დაცვისათვის. როცა დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებისაგან მეტ სამხედრო ხარჯებს ითხოვს, მისი მოქმედება ახალი არ არის – იგი, უბრალოდ, თავისი მოქმედებით აშშ-ის წინა პრეზიდენტების მოთხოვნებს მეტ წონას აძლევს, ბოლო 70 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება იმ იდეას, რომ ევროკავშირის არმია ნატოს ჩაანაცვლებს, ნებისმიერი პროექტი ამ მიმართულებით უარყოფილი უნდა იქნას. თუ არ იქნება აშშ-ის მხარდაჭერა და მასში უშუალო მონაწილეობა, ყოველი მსგავსი იდეა განუხორციელებელია. გარდა ამისა, ნუთუ რომელიმე ევროპული ქვეყანა სერიოზულად ფიქრობს, რომ მაგალითად, საფრანგეთი მისი უფრო აქტიური და ერთგული მხარდამჭერი იქნება, ვიდრე აშშ? გავიხსენოთ, რომ სწორედ საფრანგეთმა დატოვა ნატოს სამხედრო სტრუქტურები 1966 წელს და 2009 წლამდე მათ მუშაობაში არ მონაწილეობდა. დღესაც სწორედ საფრანგეთია მზად ნებისმიერი მომენტი გამოიყენოს ბრიტანეთის დასამცირებლად და მისთვის ხელის შესაშლელად რიგი პოლიტიკურ-დიპლომატიურ მიმართულებებით.

1986 წელს, როცა რონალდ რეიგანისა და მიხეილ გორბაჩოვის მოლაპარაკებებმა რეიკიავიკში (ისლანდია) პარიზში, ლონდონში და ბონში მღელვარება გამოიწვია, იმ დროს სრულიად სხვა ეპოქა იყო. ევროპაში არ ხდებოდა შეიარაღებული კონფლიქტები, დიდი ბრიტანეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ს ხარჯავდა სამხედრო სფეროში, ჩვენი დივიზიები კი გერმანიაში იყვნენ განთავსებულნი სხვა ნატოელი მოკავშირეების  (საფრანგეთის გარდა) ქვედანაყოფებთან ერთად, საბჭოთა კავშირის სავარაუდო აგრესიის მოსაგერიელებლად.

2004-2014 წლები, ნატოს სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით, „მშიერი დრო“ იყო – ევროპელები თვალს ხუჭავდნენ რუსეთის მიერ სამხედრო ხარჯების ზრდაზე და თავიანთი სამხედრო ბიუჯეტების შემცირებას აგრძელებდნენ. რეგიონულმა კონფლიქტებმა ბოსნიაში, კოსოვოში და ლიბიაში გამოავლინეს ევროპელების სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდული ხასიათი და აშშ-სთან ურთიერთობებში დაძაბულობა წარმოქმნეს.

ევროკავშირმა დაიწყო გარკვეული (მაგრამ მაინც კოსმეტიკური) ზომების მიღება სამხედრო დაგეგმვისა და სარდლობის სტრუქტურიზებაში: ბრიუსელი შეეცადა გლობალური მოთამაშე გამხდარიყო. თუმცა გადადგმული ნაბიჯების დროს ყურადღება ექცეოდა არა იმდენად სამხედრო პოტენციალის ზრდას, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ ინტეგრაციას. მოსკოვის მთავარი მიზანი კი ძველებურად უცვლელი რჩებოდა: დაენაწევრებინა ტრანსატლანტიკური ალიანსი, დაეშორებინა აშშ ევროპისაგან იმ მიზნით, რომ კონტინენტი კრემლისთვის  საჯირითო ადგილი გამხდარიყო, ანუ ევროპისა და მასთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ რუსეთს გადაეწყვიტა.

ამჟამად არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ ისევ პოლიტიკური სტრუქტურების განმტკიცებაზე გადავერთობით იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ძალა და ბრძოლისუნარიანობა გავზარდოთ.

ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობს არაოფიციალური მოლაპარაკება ევროკავშირის არმიის შექმნის მიზნით. არის ბევრი მიზეზი იმისა, რომ ეს მოლაპარაკება არასწორ ნაბიჯად ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ევროკავშირი გულუბრყვილო სუბიექტის შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა გამორიცხავს ერთიანი სამხედრო ძალის შექმნაში დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის მონაწილეობას – იმ საბაბით, რომ ლონდონი და ანკარა ევროკავშირის წევრები არ არიან – რომ არაფერი ვთქვათ ნორვეგიაზე და ისლანდიაზე. საერთოდ კი, ევროკავშირის ავტონომიური არმიის იდეა, აშშ-სა და კანადის გარეშე, განწირულია ჩასაფუშად.

საინტერესოა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილება როგორც „მესამე ქვეყნად“, რომელსაც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მხოლოდ საკვანძო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ და მხოლოდ იარაღის შესყიდვის საკითხებში. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მთელი ეს ისტორია ტრადიციულად „შეიმოსება“ ბიუროკრატული აპარატით, ევროკავშირის წესებით და მას, ტრადიციისამებრ, ზედამხედველობას გაუწევს ევროპარლამენტი და ევროსასამართლო.

არადა, [ევროკავშირის საერთო არმიის შექმნის ნაცვლად], ყველაზე კარგი მიდგომა იქნებოდა ევროპის ქვეყნების პოზიციების განმტკიცება ნატოში მინიმალური რყევებით. აუცილებელია ადაპტაცია 21-ე საუკუნის ომების წარმოებისადმი.

ასეთი ნაბიჯები დაარწმუნებდა ამერიკელებს იმაში, რომ ევროპელები სერიოზულად უდგებიან თავდაცვის საკითხებს და ვაშინგტონისაგან მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება ფაქტი იმისა, რომ ისინი სწორად იქცევიან და თავიანთი ხალხების ინტერესებით გამოდიან.

წყარო