“თურქეთ-სომხეთის “გაყინული” საზღვარი “დნობას” იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში”-Financial Times
ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 3 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თურქეთ-სომხეთის „გაყინული“ საზღვარი „დნობას“ იწყებს: სამშვიდობო ძალისხმევა, რომელიც პატარა სასწაულად უნდა ჩაითვალოს დღევანდელ არეულ მსოფლიოში“ (ავტორი – ჯონ-პოლ რათბონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მაისის ბოლოს ყარსში – თურქეთის პროვინციულ ცენტრში – თოვლი მოვიდა, რაც დაემთხვა კიდეც მის დასახელებას – „ყარ“ თურქულად „თოვლს“ ნიშნავს. თეთრად შეიმოსა მის ახლოს მდებარე ანიც – შუა საუკუნეებში დანგრეული მონუმენტური ქალაქი. ცივი ამინდის მიუხედავად, იმ დღეს ანი მაინც მოვინახულე. ძლიერი ქარი ქროდა და ამიტომ თავი გალავნის კედელს შევაფარე, თან ჩემგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, მდინარე არპაჩაის (ახურიანის) გაღმა ნაპირზე აფრიალებულ სომხეთის დროშას შევყურებდი.
იქვე, მდინარის ღრმა ხეობაში, სადაც თურქეთისა და სომხეთის გამყოფი სახელმწიფო საზღვარი გადის, დღესაც არის შემორჩენილი უძველესი ქვის ხიდი, რომელიც X-XI საუკუნეებში ორივე ნაპირს აკავშირებდა, მაგრამ მოგვიანებით დაინგრა. საზღვარი უკვე ასი წლის განმავლობაში დახურულია მცირე პერიოდის – 1991-1993 წლების – გამოკლებით და მას ხშირად უწოდებენ ევროპის ბოლო დახურულ საზღვარს, ცივი ომის დროიდან შემორჩენილს.
დროშა მიანიშნებს, რომ [სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა] უმჯობესდება და თუ მას 7 ივნისს, კვირას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხელს არ შეუშლის, დიდი ალბათობით, საზღვარიც მალე გაიხსნება, რაც პატარა სასწაულად და რეგიონული სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან ელემენტად შეიძლება შეფასდეს ამ არეულ მსოფლიოში.
ის, რომ ეს მოვლენა კავკასიაში ხდება, ნიშანდობლივ ფაქტს წარმოადგენს. კავკასიის ჩრდილოეთით რუსეთ-უკრაინის ომი ბობოქრობს, სამხრეთით კი – აშშ-ირანის ომი. და ამ უბედურებისა და სისხლისღვრის ფონზე კავკასიაში უკვე შედარებითი სიმშვიდეა: ოთხი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გასულ წელს დასრულდა და მხარეები, აშშ-ის შუამავლობით, დაზავდნენ.
საზღვრის გახსნა რაღაც ექსტრაორდინარული პროცესის დაწყების სიმპტომიც შეიძლება გახდეს – პროცესი იმისგან განკურნებისა, რასაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა „საერთო ტკივილი“ უწოდა. ეს არის ირიბი მინიშნება სომეხთა იმ მასობრივ მკვლელობებზე, რომლებიც ოსმალეთის ჯარებმა 1915 წელს ჩაიდინეს და რომელსაც სომხეთი და ბევრი სხვა ქვეყანა, თურქეთის გამოკლებით, გენოციდად თვლიან. ნობელის პრემიის ლაურეატს ორჰან ფამუქს თავის გახმაურებულ რომანში „თოვლი“ (2002 წ.) ეს თემაც აქვს გაშუქებული.
წიგნში ასახული მოქმედება ყარსში ხდება, მასში კარგად ჩანს რუსული კულტურისადმი კეთილი დამოკიდებულება. ეს შეიძლება უცნაურიც კი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და თურქეთი საუკუნეების განმავლობაში ეომებოდნენ ერთმანეთს და რუსეთმა სამჯერ მოახდინა ყარსის ოკუპირება. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა მაჩვენა რუსეთის არმიის ყოფილი ყაზარმები, რომლებიც დღეს ელიტურ სასტუმროდ არის გადაქცეული. მისი თქმით, იმ გარემოებამ, რომ ყარსი 1878 წლიდან 1917 წლამდე რუსეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული, ქალაქი თურქებისთვისაც კი ღირსშესანიშნავ ადგილად გადააქცია.
სომხეთი კი ორჰან ფამუქის წიგნში საკმაოდ ფერმკრთალად არის ასახული. ყოველთვის, როცა მწერალი „სომხეთს“ ახსენებს, წერს მხოლოდ მიტოვებულ შენობებზე, ეკლესიებზე, ნასახლარებზე და სომხური ქალაქ-მოჩვენების ანის ნანგრევებზე. ისე, როგორც [მე-19 საუკუნის] სომეხი მწერალი რაფი [აკოფ მელიქ-აკოფიანი] აღნიშნავდა: „იქ, სადაც ოდესღაც სამეფო სასახლეები იდგა… ახლა ქვეწარმავლები ბუდობენ“. ორჰან ფამუქის წიგნში არაფერია პირდაპირ ნათქვამი 1915 წლის უბედურებაზე.
გასაგები, რომ ორჰან ფამუქის მიდგომა წინასწარგანზრახულია: როცა იგი „თოვლს“ წერდა, იმ დროს ისტორია მძიმედ აღიქმებოდა და ამიტომ იძულებული იყო მხოლოდ მიენიშნებინა მილიონობით ადამიანის დაღუპვაზე. სინამდვილე მან თოვლით შენიღბა, რომლითაც ყარსია დაფარული წიგნში ასახული მთელი პერიოდის განმავლობაში.
„ყარსის მცხოვრებთა უმეტესობა სომხეთზე ნაკლებად ფიქრობს“, – ამბობს მუქადერი, ადგილობრივი გიდი. ადგილობრივი სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ყადირ ბოზანი კი ნაწყენი ტონით ამატებს: „ყარსი ერთადერთი თურქული ქალაქია, რომელიც სომხეთთან დახურულ საზღვართან მდებარეობს და ეს ფაქტორი მრავალი წლის განმავლობაში მის ეკონომიკურ განვითარებას ხელს არ უწყობდა“.
სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიმდინარე დიპლომატიური დაახლოების დღევანდელი დელიკატური პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ყველაფერი ნეგატიური პოზიტიურით შეიცვალოს. გასული თვის – მაისის დასაწყისში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი სომხეთის დედაქალაქს ერევანს ვიზიტით ეწვია. სავაჭრო შეზღუდვები უქმდება. დაგეგმილია სასაზღვრო მდინარე არპაჩაიზე (ახურიანზე) არსებული უძველესი ხიდის აღდგენაც.
იმის მწარე ხსოვნას, რასაც სომხები „დიდ კატასტროფას“ უწოდებენ, ახლა ორივე მხარე საკმაოდ იშვიათად ეხება და თუ ეხება, მხოლოდ ირიბად. სომხეთისა და თურქეთის ლიდერები, როგორც ჩანს, ცდილობენ ისეთი სიტუაცია შექმნან, რომლის დროსაც ადამიანები ისტორიული ხსოვნით იცხოვრებენ, მაგრამ ტრაგედია მათი მოქმედების განმსაზღვრელი არ იქნება: „წარსულში მომხდარი უმძიმესი მოვლენა ხალხებს შორის მუდმივი კედელი კი არ უნდა იყოს, არამედ ხიდი, რომელიც მწარე გაკვეთილების საფუძველზე აშენდება, სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის სახელით“, – განაცხადა თურქეთში არსებული სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქმა.
გეოგრაფიამ თურქეთი და სომხეთი მეზობლებად გადააქცია. პოლიტიკა მათ დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთთან აუცხოვებდა. „ხშირად მიფიქრია, რომ ყარსი ჩიხშია მოქცეული, აღმოსავლეთისკენ გასასვლელი არ აქვს“, – მეუბნება მუამარ სანჯარი, ქვეყნის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, – „ახლა კი იმედი გამიჩნდა, რომ ყარსი სატრანსპორტო კვანძად გადაიქცევა“.
მოვისმინე ისიც, რომ თურქეთის საავტობუსო კომპანიები გეგმავენ ერევანში პირდაპირი რეისების მოწყობას და ბილეთების დაკვეთაც უკვე დაწყებულია. ისიც მითხრეს, რომ ერთ-ერთი სომეხი, რომელსაც ადრე ბიზნესი ირანში ჰქონდა, ახლა ქარხნის აგებას ყარსში გეგმავს.
გვიანი გაზაფხულის თოვლის სიცივე სითბოთი იცვლება: დნება ყინული, რომელიც ყარსი-ერევნის გზას ბლოკავდა.