1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი”-უცხოური პრესა
“კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი”-უცხოური პრესა

“კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი”-უცხოური პრესა

45
0

უკრაინისათვის მიმდინარე ზამთარი ნამდვილ ჯოჯოხეთს წარმოადგენს: პრობლემები სხვადასხვა დარგებში გაჩნდა და მთლიანობაში სახიფათო ზვავად იქცა, – ნათქვამია ლიბანური ტელეარხის „ალ მაიდენის“ (Al Mayadeen) ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით “კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი” (ავტორი – დმიტრო კოვალევიჩი, სპეცკორესპონდენტი უკრაინაში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული კრიზისის წინაშეა, რომელიც სულ უფრო ღრმავდება: ელექტროენერგიის ხშირ გამორთვებს, უწყლოობას, დაბალ ტემპერატურას და საერთოდ მოშლილ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ემატება მზარდი სამხედრო ხარჯები – ქვეყნის დასავლური პრიორიტეტების შესაბამისად – და ეს ყველაფერი რიგითი უკრაინელების ზურგზე გადადის.
იანვრის მეორე ნახევარში უკრაინის დიდმა ქალაქებმა – კიევმა, ოდესამ, დნიპრომ, ხარკოვმა და სხვებმა ელექტროენერგიის ტოტალური გამორთვა განიცადეს. ზოგიერთ მიკრორაიონში ელექტროდენი, გათბობა და წყალმომარაგება კვირების განმავლობაში არ არის. იმის გამო, რომ უკრაინის მსხვილ ქალაქებში საბჭოთა დროიდან დარჩენილი ცენტრალური გათბობის სისტემებია ექსპლუატაციაში, ისინი ვერ უძლებენ 20 გრადუსიან ყინვას და მწყობრიდან გამოდიან. თვით უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროშიც კი გათბობისა და კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა – ყინვამ მილები დახეთქა. „100-150 ათასი კიეველი, რომელთა ბინებში მილებია დახეთქილი, ამ ზამთარს სითბოს გარეშე დარჩნენ“, – განაცხადა კომუნალური სამსახურის მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარემ ოლეგ პოპენკომ.

კიეველები ბინებში სანთლების შუქზე გაზის ბალონებითა და ნავთქურებით თბებიან. კიევში, ხარკოვში, ოდესაში და სხვა დიდ ქალაქებში სუპერმარკეტები და სხვა მაღაზიები დაკეტილია, ხოლო იმ მაღაზიებში, რომლებიც ჯერ კიდევ ვაჭრობენ, ფასები მკვეთრად გაიზარდა. მოსახლეობა გზებს ბლოკავს, რომ როგორმე დღეში ელექტროენერგია რამდენიმე საათით მიიღონ. მთლიანობაში სიტუაცია უკრაინის ცენტრალური ნაწილის ოლქებში და საოლქო ცენტრებში კრიტიკულია: ელექტრომომარაგების სისტემა კოლაფსში გადადის.

დასავლური მედიის მასალების თანახმად, კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია იმ ევროპული დახმარების მასობრივი დატაცება, რომელიც უკრაინაში მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის უნდა დახარჯულიყო – უნდა შესყიდულიყო ელექტროგენერატორები, უნდა აშენებულიყო დამცავი ნაგებობები ტრანსფორმატორებისა და ელექტროკაბელებისათვის. კორუფციონერების ნაწილი დაიჭირეს, ნაწილმა კი ისრაელში გაქცევა მოასწრო.

პარლამენტის წევრმა ალექსი გონჩარენკომ, რომელიც პროდასავლური პოლიტიკოსია ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიიდან, თავისი პოზიცია გამოხატა შექმნილი სიტუაციის გამო: „მთავრობა პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს არც სამხედრო სფეროში და არც ენერგეტიკაში… სამშვიდობო მოლაპარაკება წინ არ მიდის, სრული სიჩუმე დგას… სამაგიეროდ, ზელენსკის მეგობრები ხშირად დადიან თბილ მაიამში და თელ-ავივში, აქ კი რიგითი უკრაინელები იყინებიან“.

“ენერგეტიკული ომი”: ვინ დაიწყო და რა მიიღო

უკრაინელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამჟამინდელი სოციალური კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზია უკრაინის მიერ დაწყებული ე.წ. „ენერგეტიკული ომი“, რომელიც რუსეთის ელექტრო და თბოენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული და რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი 2025 წლიდან აწარმოებს. მისი ადმინისტრაცია ამას „ასიმეტრიულ მოქმედებას“ უწოდებს. გასაგებია, რომ ომის დროს მოწინააღმდეგეები ესწრაფვიან ერთმანეთის სამხედრო და ენერგეტიკული ობიექტების განადგურებას, მაგრამ… უკრაინა რუსეთთან შედარებით სუსტი სახელმწიფოა. კიევმა დაუჯერა დასავლელ მოკავშირეებს, რომლებმაც მას რუსეთის ნავთობის საბადოების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ნავთობბაზების დაბომბვა ურჩიეს – კრემლი ნავთობს ვეღარ ამოიღებს, ვერ გადაამუშავებს, ვერც გაყიდის და, შესაბამისად, შემოსავლები შემოაკლდებაო.

უკრაინამ მართლაც დაარტყა რუსული ნავთობის მრეწველობისა და ტრანსპორტის საშუალებებს – დრონების მეშვეობით აზიანებს და ანგრევს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, აფეთქებს ტანკერებს შავ ზღვაში და ნავთობის ჭაბურღილებს კასპიის ზღვაში. სწორედ ასეთი სისტემატური შეტევების შემდეგ რუსეთმაც დაიწყო საპასუხო დარტყმების მიყენება და სულ რაღაც რამდენიმე შეტევით უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის თითქმის სრული პარალიზება მოახდინა. რიგითი უკრაინელები ენერგეტიკული ომის მძევლები გახდნენ – ომისა, რომელსაც დასავლური კორპორაციები აწარმოებენ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების მოსაპოვებლად, რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის მიზნით საერთაშორისო არენაზე. ამას წინათ მთელმა მსოფლიომ დაინახა „გლობალური ენერგეტიკული ომის“ ფაქტი – აშშ-ის აგრესია ვენესუელის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ, [რომელიც, სხვათა შორის, ნარკოტიკებთან ბრძოლის საბაბით დაიწყო].

ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში აფრთხილებდნენ, რომ რუსული ენერგოინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დარტყმები უკრაინას უკან კატასტროფულად შეუბრუნდებაო, მაგრამ კიევმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეტევები გაეგრძელებინა. დღესაც ზელენსკის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ უკრაინული საზოგადოების განწყობა მისთვის ხელსაყრელია (არ არის ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციები) და, შესაბამისად, შეუძლია კვლავაც გააგრძელოს რუსეთთან დაპირისპირება რაიმე დათმობის გარეშე.

ექსპერტები მიუთითებენ იმ პრობლემებზე, როცა ენერგეტიკაში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას ქვეყანა სრულ ჩაბნელებამდე მიჰყავს და, მისგან გამომდინარე, ხდება ახალი კრიზისების პროვოცირება [ჯაჭვური რეაქციის პრინციპით]. „ენერგოსისტემის აღდგენა უბრალოდ, შეუძლებელი ხდება – ის მოითხოვს კაპიტალურ დაბანდებებს, რომლისთვის არც დრო და არც რესურსები არ არსებობს. აუცილებელია ახალი ენერგო სტრატეგია, მაგრამ ხელისუფლება უკრაინელებს ურჩევს [სამშობლოს სახელით] მძიმე სიტუაციას გაუძლოს“, იტყობინება უკრაინული მედია (Telegram-არხი, 15 იანვარი).

რა სურთ უკრაინელებს?

დასავლელ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, უკრაინელების სახლით ლაპარაკი უყვართ. მათი თქმით, იციან, თუ რა პირობებით მიიღებენ ან არ მიიღებენ უკრაინელები კონფლიქტის შეწყვეტას. მაგრამ იბადება კითხვა: საიდან იციან? საომარი მდგომარეობის პირობებში უკრაინაში არც ოფიციალური რეფერენდუმები არ ტარდება და არც არჩევნები, საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები კი მერყევია და რეალური სიტუაციის გამომხატველად ვერ ჩაითვლება. უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობენ სამხედრო ყაიდის ავტორიტარული რეჟიმით და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, პრობლემატურია საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირება.
უკრაინის არმიის ნელ, მაგრამ პერმანენტულ უკან დახევას თან ახლავს ახალგაზრდების იძულებითი მობილიზება. მუდმივი გაჭირვება მოსახლეობის დეპრესიას იწვევს. ნუთუ დასავლეთში ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინელები ამ ყველაფერს მუდმივად შეურიგდებიან და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოველთვის მხარს დაუჭერენ?

დასავლური მასმედიაც კი იძულებულია უკრაინის ხელისუფლების უსაფუძვლო თავდაჯერებულობა აღნიშნონ. ბევრი უკრაინელი უკვე ფიქრობს, რომ ამდენ ტანჯვასა და გაჭირვებას, ამდენ ეკონომიკურ ზიანს და დემოგრაფიულ კატასტროფას, ასეთ გაურკვეველ პერსპექტივას განა უმჯობესი არ იქნებოდა ძირითადად რუსულენოვანი და პრორუსული დონბასის თავიდანვე დათმობა?
უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ უკრაინელები მზად არიან შეურიგდნენ ტერიტორიულ დათმობას ომის შეწყვეტის სანაცვლოდ: „იმას, რასაც ყველა ხედავს რეიტინგებისა და გამოკითხვების შედეგად, ეს ერთი ისტორიაა, ხოლო რასაც ხალხი ქუჩაში და სამზარეულოში ლაპარაკობს, ეს სრულიად განსხვავებულია“.

ვერხოვნა რადას დეპუტატმა ანა სკოროხოდმა აღშფოთება გამოხატა ქვეყანაში სულ უფრო გაუარესებული სიტუაციის გამო. „მოსახლეობა იმდენად გაბოროტებულია, იმდენად დაღლილია, რომ ასეთ თვალსაზრისებს ვისმენ… აბსოლუტურად უცნობი ადამიანები იმ დონეზე არიან მისულები, რომ ამბობენ – „ჩემთვის უკვე სულერთია, რომელი დროშის ქვეშ ვიქნები, მე ჩემი ოჯახის ბედი მადარდებს… ვიქნებით თუ არა ცოცხლები ბომბების და რაკეტების გრიალში“.

ანა სკოროხოდი უკრაინის პარლამენტში 2019 წელს აირჩიეს ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიიდან, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ პარტიიდან გარიცხეს სხვაგვარად აზროვნების გამო.

ან ზელენსკი, ან მილიონობით უკრაინელი

უკრაინული გამოცემების თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არ არის დათმობებზე წავიდეს რუსეთთან მიმართებით, რასაც დონალდ ტრამპიც ადასტურებს: მან თავისი უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო პროცესის დაბრკოლებაში დაადანაშაულა. მართლაცდა, ყველა სიგნალი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოდის, მოწმობენ იმას, რომ ბრძოლა გაგრძელდება. უკრაინის ხელმძღვანელობაში დარწმუნებულები არიან, რომ ფრონტი არ დაინგრევა და ქვეყნის მოსახლეობა ზამთარს გადაიტანს. მმართველი პოლიტიკოსები და გენერლები მოქალაქეებს იმედს უნერგავენ, რომ გამარჯვების სილუეტი უკვე ჰორიზონტზე მოჩანს, რუსეთი დასავლური სანქციებით დაინგრევა, ცოტაც უნდა მოითმინონ.

როგორც ვასილი ვოლგა, ყოფილი ბიზნესმენი და პარლამენტის დეპუტატი (დევნილი), თვლის, უკრაინაში კრიზისის გამწვავება გამოწვეულია იმით, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ხელისუფლებას ეჭიდება და პოსტიდან წასვლა არ სურს, ამიტომაც იგი სამხედრო-საომარ კურსს აგრძელებს: „მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ზელენსკი კბილებით არის ჩაფრენილი ხელისუფლებას. როცა კბილები დასცვივდება, ფრჩხილებით ჩაეჭიდება. ის ბოლო მომენტამდე ასე იქნება. რაც დრო გადის, ზელენსკისათვის ხელისუფლებიდან ჩვეულებრივი წასვლა სულ უფრო პრობლემატური ხდება“. ვასილი ვოლგა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ზელენსკი შეიძლება ახლო მომავალში იმ ადამიანებმა დახვრიტონ, ვინც მას ამჟამად მხარს უჭერს.

ალექსანდრე დუბინსკი, რომელიც პარლამენტის წევრი იყო ზელენსკის პარტიიდან და „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდებით იყო დაკავებული (მისი მტკიცებით, ბრალდება ყალბი იყო და ზელენსკისა და ერმაკის კრიტიკის გამო დააკავეს), წერს, რომ ზელენსკისათვის საომარი მოქმედებების გაგრძელება მისი პირადი უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. „იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ჩაშალოს. მან პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ირგვლივ არაკომპენენტური და ხარბი მეგობრები შემოიკრიბა, რომლებმაც ხაზინის ძარცვა დაიწყეს. ბევრ დასავლურ სპეცსამსახურს ზელენსკის შესახებ უამრავი კომპრომატი აქვს“, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლელი ლიდერები არ შეეცდებიან ზელენსკის ნაცვლად ახალი „ომის გამჩაღებელი“ მოიყვანონ.
რუსეთ-უკრაინის ომი 1941-45 წლების საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომზე უფრო დიდხანს გრძელდება. ევროპას სურს ომის ისეთი დასრულება, რომლის შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე საერთო ევროპული სამხედრო ძალები განლაგდებიან. ეს არის აბსურდული მიზანი, რუსეთი ამას არ დაუშვებს.

წყარო: