1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს”-The Economist
“აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს”-The Economist

“აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს”-The Economist

132
0

ბრიტანულ ჟურნალ “ეკონომისტში” (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს”. პუბლიკაციაში გაანალიზებულია ნატოს პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ აშშ გააგრძელებს თავის არამეგობრულ მოქმედებას ალიანსის ერთ-ერთი წევრის – დანიის მიმართ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის სწრაფვას ნებისმიერ ფასად დაეუფლოს გრენლანდიას ნატოს შიგნით ფეთქებადსაშიში სკანდალის გამოწვევა შეუძლია. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცოფებულია: როგორ გაბედეს ევროპის ქვეყნებმა და წინ აღუდგნენ აშშ-ის, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს, სურვილს? ისინი, ვინც არ ეთანხმებიან ამერიკის განზრახვას დანიის ავტონომიური ტერიტორიის ანექსირების მიზნით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ჰოდა, სწორედ ამიტომ დონალდ ტრამპი მათ – ევროპის რვა სახელმწიფოს – რომლებმაც თავიანთი სამხედრო ქვედანაყოფები გრენლანდიაზე გაგზავნეს კუნძულის „ამერიკისაგან დასაცავად“, სავაჭრო ტარიფების 10%-ით ზრდით დაემუქრა. ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ ამერიკა ვერ დააშინებს.

დონალდ ტრამპმა თავის არეულ და ბრაზიან პოსტში მოკავშირეებს გამოუცხადა, რომ მათ, აშშ-სადმი თავიანთი წინააღმდეგობით პლანეტის უსაფრთხოებას ცუდი სიტუაცია შეუქმნეს – რადგანაც ამერიკა უკან არ დაიხევს, ამიტომ მათ, ევროპელებმა, დანიისადმი სოლიდარობით, მდგომარეობა გაართულეს. თუ ევროპელები აშშ-ის სურვილს არ დაეთანხმებიან, „10%-იანი ბაჟი ივნისში 25%-მდე გაიზრდება და ასე იქნება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გარიგება გრენლანდიის შეძენაზე“.

დანიელი და ამერიკელი ჩინოვნიკების მოლაპარაკება გასულ კვირაში უშედეგოდ დასრულდა. ამერიკელებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი სურვილი გრენლანდიის შესყიდვა-ანექსირების თაობაზე. თეთრი სახლის განზრახვის საპასუხოდ, ათასობით დანიელი და გრენლანდიელი ქუჩაში გამოვიდა ლოზუნგებით, რომ აშშ-სათვის ეჩვენებინათ – „გრენლანდია არ იყიდება“, ხოლო ევროპელმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმეს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების გაზრდის გამო. „ჩვენზე არანაირი დაშინება გავლენას არ მოახდენს – არც უკრაინის და არც გრენლანდიისადმი სოლიდარობის საკითხში“, – გაბედულად განაცხადა ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა. შვედეთი პრემიერ-მინისტრმა ულფ ქრისტენსონმა არანაკლებ მკვეთრად განაცხადა: „ჩვენ შანტაჟი ვერ შეგვაშინებს“. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ტარიფებთან დაკავშირებით „აბსოლუტურად არასწორი“ უწოდა. ევროკავშირის ლიდერები დაიქადნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ და შესაბამის საპასუხო რეაგირებას მოახდენენ აშშ-ის წინააღმდეგ.

ნატოსათვის ფსონები ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. „თუ ნატოს წევრი აშშ გადაწყვეტს სამხედრო დარტყმა მიაყენოს ნატოს სხვა წევრს, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ იარსებებს, ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა, – „ეს ეხება არამარტო ნატოს, არამედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემასაც მთლიანობაში“.

საერთოდ, კონფლიქტური სიტუაციები ნატოს წევრებს შორის იშვიათი არ არის და ადრეც მომხდარა. 1950-იან და 1970-იან წლებში დიდი ბრიტანეთი და ისლანდია ერთმანეთს თევზჭერის გამო აუმხედრდნენ, 1975 წელს კი ისლანდიის სამხედრო გემებმა ბრიტანულ ტრაილერებს ცეცხლიც კი გაუხსნეს. ერთი წლით ადრე კი, 1974 წელს, თურქეთმა სამხედრო დესანტი გადასხა კვიპროსზე თურქული მოსახლეობის დასაცავად, ბერძნულმა მოსახლეობამ კი დახმარებისთვის საბერძნეთს მიმართა – ნატოს ორი წევრის არმიები მზად იყვნენ ერთმანეთთან ომის დასაწყებად. მწვავე დაძაბულობა, როგორც იქნა, ბრიუსელის დიდი ძალისხმევით, განიმუხტა, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული ორ მეზობელს შორის სამხედრო ინციდენტები ხშირად ხდება (მაგალითად, 1996 წელს ბერძნულმა ავიაგამანადგურებელმა ეგეოსის ზღვაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო). მსგავსი ინციდენტი მოხდა თურქეთისა და საფრანგეთის სამხედრო გემებს შორის 2020 წელს ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომთან დაკავშირებით.

განსხვავება წინა წლებში მომხდარ დაპირისპირებებსა და ამჟამინდელს შორის საკმაოდ სერიოზულია იმდენად, რამდენადაც აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უძლიერეს სამხედრო-პოლიტიკურ საყრდენს წარმოადგენს. მრავალი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს უცვლელად ამერიკელი გენერალი წარმოადგენს. ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ნატოს ყველა სტრუქტურაში წამყვანი თანამდებობები აქვთ, ხოლო აშშ-ის ავიაციისა და კოსმოსური დაზვერვის გარეშე ნატოს ევროპულ ძალებს რუსული აგრესიის მოგერიება ძალიან გაუჭირდებათ (ან საერთოდ ვერ მოიგერიებენ).

თუ აშშ გრენლანდიას „ჩაყლაპავს“, იურიდიული გზით თუ სამხედრო ძალით, გაჩენილი უმწვავესი კრიზისი დაარღვევს ევროპული სახელმწიფოების ნდობას აშშ-სადმი ნატოს წესდების მე-5 პუნქტის საფუძველზე (კოლექტიური თავდაცვა და ურთიერთდახმარება). საერთოდ, დონალდ ტრამპი ალიანსის ამ პრინციპს ხშირად ეჭვქვეშ აყენებს. ევროპის რწმენა ამერიკის მიმართ უკვე ბეწვზე ჰკიდია. თუ აშშ თვითონ არის მზად თავისი მოკავშირის – ნატოს წევრის დანიის ტერიტორიული მთლიანობის დასარღვევად, რატომ უნდა დაეხმაროს ის სხვას – ნატოს არაწევრ უკრაინას, რომელსაც რუსეთი გლეჯს ნაწილ-ნაწილ?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გრენლანდიის ადმინისტრაციულ ცენტრში – ნუუკში – ქუჩის ბრძოლები არ დაიწყება, უსისხლო ანშლუსის (ანექსიის) მიერ გამოწვეული შოკი ნატოს წევრებში ღრმა და შეუქცევად იმედგაცრუებას გამოიწვევს. „როგორ განახორციელებს ნატო რუსეთის წინააღმდეგ შეკავების ძალისხმევას, როცა ალიანსის ყველაზე ძლიერი წევრი ხელყოფს თავისივე მოკავშირის ტერიტორიულ სუვერენიტეტს?“, – რიტორიკულად სვამს კითხვას ჯო ბაიდენის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში ჯული სმიტი.

ასეთ შემთხვევაში ევროპული მთავრობები სერიოზული არჩევანის წინაშე დადგებიან. ერთნი, ალბათ, იტყვიან, რომ გრენლანდიის საკითხი იმდენად დიდი და პრობლემური არ არის, რომ მისი გულისთვის ტრანსატლანტიკური კავშირები დაირღვეს. მეორენი, ალბათ, პირველების აზრს არ დაეთანხმებიან და განაცხადებენ, რომ თუ ნატოს შიგნით განხეთქილება მოხდება, ამით რუსეთი ისარგებლებს – ჯერ მცირე ინციდენტით ევროპული თავდაცვის სიმტკიცეს შეამოწმებს და შემდეგ შეიძლება შეუტიოს კიდეც.

კიდევ ერთი ვარიანტი: ევროპელებს შეუძლიათ სერიოზული პასუხი გასცენ ამერიკას. მაგალითად, ეკონომიკური სანქციები გამოუცხადონ და სავაჭრო ბაჟები გაზარდონ. ევროკავშირმა დონალდ ტრამპის ამასწინანდელი ბაჟების ზრდა იმიტომ „ჩაყლაპა“, რომ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ ბოლო ამერიკული მუქარების გამო შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. არის იმის საფრთხე, რომ გასული წლის აგვისტოში აშშ-სა და ევროკავშირს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულება დაირღვევა და მისი დენონსაცია მოხდება. ანუ ევროკავშირი უფრო აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს და მისი სამიზნე ამერიკული კომპანიები გახდება. თუმცა ამ ვარიანტსაც აქვს ნეგატიური მხარე: სავაჭრო ომის გამოცხადებით ევროკავშირი იძულებული გახდება კიდევ უფრო მეტი სამხედრო ხარჯები გასწიოს, ანუ საბოლოო ჯამში სავაჭრო ომის ხარჯები ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.

მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფნისა და მისი ბაზების არსებობის პერსპექტივა ევროპის კონტინენტზე. ბევრ ევროპულ ქვეყანას სურს, რომ ამერიკის არმია კვლავ დარჩეს ევროპის უსაფრთხოების გარანტად, მით უმეტეს იმ დროს, როცა არქტიკაში შეიძლება გარკვეული ავანტიურები მოხდეს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან. სხვები კი, ალბათ, ამაში მოხერხებულ მომენტს იპოვიან იმისთვის, რომ ამერიკელების წინააღმდეგ ბერკეტი გამოიყენონ – “იცოდეთ, რომ ევროპიდან გაგაძევებთ”. თუ ევროპელები ამერიკელებს რამშტაინის ცენტრიდან გააძევებენ, ვაშინგტონს გაუჭირდება აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში თავისი ინტერესების გატარება. სხვათა შორის “როცა ამერიკელებმა რუსული დროშით მცურავი ტანკერი დააკავეს, მათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზით ისარგებლეს. ასევე „გარკვეული დახმარება“ გაუწია დანიამაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებისათვის ევროპელების გარეშე რთული იქნება არქტიკის გაკონტროლება. თავის მხრივ, აშშ ამას გრძნობს და, ალბათ, იმიტომაც უნდა გრენლანდიის ხელში ჩაგდება.

არიან ევროპული ქვეყნები, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულნი აშშ-ზე სამხედრო შეიარაღების მხრივ. მათ აქვთ უახლესი ამერიკული ავიაგამანადგურებლები – F-35-ები, რომელთა ექსპლოატაცია აშშ-სთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელი იქნება. ამიტომ ისინი ამერიკასთან დაპირისპირებაში თავს შეიკავებენ.

ევროპელი ლიდერები, როგორც ჩანს, უროსა და გრდემლს შორის აღმოჩნდებიან: ერთი მხრივ, მათ საზოგადოების რისხვა დაემუქრებათ (გერმანელების 62% თვლის, რომ აშშ-სთან დაპირისპირებაში გერმანია დანიას უნდა დაეხმაროს, ხოლო მეორე მხრივ – ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულება მკაცრ რეალობას წარმოადგენს. ნატო ძალიან რთული ორგანიზაციაა და ის ერთ საათში არ დაიშლება. „რა თქმა უნდა, შიდა კონფრონტაცია და კონფლიქტი ნატოსათვის ელვისებურ შედეგს არ გამოიწვევს“, – ამბობს მისის ჯული სმიტი, – „მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის სერიოზულ სიმპტომებს, რომ ალიანსი დაიშლება. ნატო არსებობას გააგრძელებს, მაგრამ ფუძემდებლური ნდობის გარეშე, რომელიც მისი საფუძველი იყო შექმნის მომენტიდან, 75 წლის განმავლობაში“.

წყარო: