“რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს”-The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 9 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რუსეთის ზღვისიქითა იმპერია ინგრევა: ვლადიმერ პუტინი მოკავშირეებს კარგავს” (ავტორი – კონ კოფლინი – რედაქტორის მოადგილე), რომელშიც გაანალიზებულია კრემლის მოკავშირეების თანამედროვე მდგომარეობა: რუსეთის მიერ შექმნილი ანტიამერიკული (ანტიდასავლური) ღერძი, რომელშიც აზიისა და ლათინური ამერიკის რიგი სახელმწიფოები შედიან, ნელ-ნელა იშლება…
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჯერ სირია, შემდეგ ირანი, ახლა კი ვენესუელა. ნელა, მაგრამ შეუჩერებლად ინგრევა ვლადიმერ პუტინის იმედები ისეთი ალტერნატიული ალიანსების შექმნისათვის, რომლებიც ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგნი იქნებოდნენ.
სირიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა შეძლო ქვეყანა კრემლზე დამოკიდებულად გადაექცია სამოქალაქო ომის შემდეგ განხორციელებული რუსული ინტერვენციით, ახლა ისლამისტური რეჟიმი მართავს, რომელიც ნაკლებად არის დაინტერესებული მოსკოვთან კავშირების შენარჩუნებით.. ჯერ-ჯერობით, სანამ ვლადიმერ პუტინს სირიელი დიქტატორი ბაშარ ასადი თავისთან მოსკოვში ჰყავს და მფარველობს, მანამ რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ბედი სირიაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. კრემლი იძულებული გახდა თავისი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი ტარტუსიდან და ხმეიმიმიდან გაეყვანა.
ანალოგიური სახით, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გასული წლის იანვარში ირანელ აიათოლებთან გააფორმა და რომელსაც მოსკოვისა და თეირანს შორის კავშირის განმამტკიცებელი როლი უნდა შეესრულებინა, უკვე უკვე დარღვეულია – რუსეთი არ დაეხმარა ირანს, როცა ისრაელმა და აშშ-მა დაარტყეს და ბირთვული ობიექტები გაუნადგურეს. არადა, გარიგების საკვანძო მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ირანის დაცვა იყო, გარე მუქარა-საფრთხეების შემთხვევაში. რუსეთი სწორედ მაშინ არ გამოჩნდა, როცა თეირანს ყველაზე მეტად ჭირდებოდა დახმარება… ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი, რომლის დროსაც ეროვნული ვალუტის – რიალის – კურსი ექვსი თვის განმავლობაში 50%-ით დაეცა, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ეროვნული დამცირების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს თეირანი მოსკოვს უკრაინასთან კონფლიქტში ძველებურად ვეღარ დაეხმარება.
იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი უკვე გეოპოლიტიკურად დაზარალდა ორი საკვანძო მოკავშირის დაკარგვის გამო, ვენესუელელი დიქტატორის ნიკოლას მადუროს დამხობამ რუსი დესპოტის პრობლემები უფრო გააღრმავა.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი განუხრელად მუშაობდა კარაკასთან სამხედრო და სავაჭრო კავშირების განმტკიცებისათვის, რათა კრემლის გავლენა აშშ-სთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე განემტკიცებინა. ზოგიერთი შეფასებით, მოსკოვმა ვენესუელის ჩავისტურ რეჟიმს 20 მილიარდი დოლარის იარაღი და სამხედრო ტექნიკა მიჰყიდა, ხოლო რუსულმა კორპორაციებმა მომგებიანი სავაჭრო პირობები მიიღეს.
ნიკოლას მადუროსადმი ვლადიმერ პუტინის მრავალწლიანი მხარდაჭერის დამატებით ბონუსად იქცა ის, რომ ვენესუელა ყველაფრით და განსაკუთრებით ნავთობით და სურსათით ეხმარებოდა ანტიამერიკულ რეჟიმებს კუბაზე და ნიკარაგუაში.
ჩინეთს – ქვეყანას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი თავის საკვანძო პარტნიორად აღიქვამს ავტორიტარული ქვეყნების ღერძში, ასევე მჭიდრო კავშირები აქვს ვენესუელის ჩავისტურ რეჟიმთან. ახლა როცა კარაკასში სოციალისტური იდეების დასასრული ახლოვდება (აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად), რუსეთი სრულიად რეალური პერსპექტივის წინაშე დგება, რომ თავისი ლათინურამერიკელი მოკავშირეების – ნიკარაგუისა და კუბის – კრახის მოწმე გახდეს.
ამ კონტექსტში დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ნიკოლას მადუროს დამხობაზე უფრო მეტად გეოპოლიტიკურ შედევრად გამოიყურება, ვიდრე უბრალო „თავხედურ მცდელობად“ ვენესუელის ნავთობის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად. მადუროსა და მისი მეუღლის ბრუკლინის ციხეში გამოკეტვის შემდეგ, კარაკასს აღარ აქვს იმის უნარი, რომ რუსეთისა და ჩინეთის ანტიამერიკული აქტივობების ეპიცენტრის როლი შეასრულოს.
დონალდ ტრამპმა ერთი დარტყმით გააშიშვლა ვლადიმერ პუტინის უძლურება – კრემლმა ვერ მოახერხა თავისი ანტიდასავლური ალიანსების მნიშვნელოვან ძალად გადაქცევა.
უფრო მეტიც – იმ დროს, როცა რუსეთის ლიდერი თავისი ამერიკელი კოლეგის დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება უკრაინასთან სამშვიდობო გეგმის ხელმოწერის მიზნით, ყოფილი მოკავშირეების – დამასკოს, თეირანისა და ახლა უკვე კარაკასის – კრახი მას მანევრებისათვის მცირე ადგილს უტოვებს.
ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი არასახარბიელო მდგომარეობა მკვეთრ კონტრასტშია მისსავე მცდელობების პიკთან – როცა მან 2022 წელს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო უკრაინის დასამორჩილებლად და კიევის თავის მოკავშირედ გადაქცევის მიზნით.
სირია, რომელიც იმ დროს რუსეთის მარიონეტულ სახელმწიფოს წარმოადგენდა ბაშარ ასადის ხელისუფლებით, იმ ხუთი ქვეყნიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც ხმა მისცა გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ – იმ რეზოლუციისა, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. 35 ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ინდოეთმა, ირანმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, რაც ვლადიმერ პუტინისათვის სასურველი დიპლომატიური სტიმული გახდა. ვენესუელამ კი, რომლის მოსახლეობა ნიკოლას მადუროს რეპრესიული რეჟიმით იტანჯებოდა, გადაწყვიტა, რომ საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა ხმის მიცემაში.
გაეროს ავტორიტეტის შესუსტებამ საერთაშორისო პოლიტიკაში და იმ ფაქტმა, რომ ბევრმა ქვეყანამ არ დაგმო პუტინის მიერ უკრაინის მიწების მიტაცება-დაპყრობის ფაქტი, კრემლს იმედი ჩაუსახა, რომ მსოფლიოში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ ყალიბდება.
მაგრამ დღეს 2022 წელი არ არის. დღეს სხვა სიტუაციაა. თუ დონალდ ტრამპის ვენესუელური სამხედრო ინტერვენციით დასკვნა უნდა გაკეთდეს და მომხდარი ფაქტი რაღაც გაკვეთილი უნდა იყოს, მაშინ ეს გაკვეთილი და დასკვნა ასეთია: აშშ, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, რუსეთს არ დაუთმობს არცერთ გოჯ ტერიტორიას თავისი ტრადიციული გავლენის სფეროში. სადაც არ უნდა იყოს, ლათინურ ამერიკაში თუ არქტიკაში გრენლანდიის სახით (ვაშინგტონმა უკვე მიანიშნა მოსკოვს და პეკინს, რომ არქტიკაში მათ გავლენას ვერ მოითმენს), დონალდ ტრამპის ვენესუელური ავანტიურა იმის მაჩვენებელია, რომ აშშ თავის ინტერესებს ნებისმიერ ფასად დაიცავს.