“ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას”- The Daily Telegraph
„ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში: ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი – ცნობილი ინგლისელი პოლიტიკური მიმომხილველი ჩარლზ მური აანალიზებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკურ კურსს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და წერს: კარგია, რომ დონალდ ტრამპს მშვიდობა სურს, მაგრამ ცუდია, რომ მშვიდობის დამყარებას მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ ცდილობს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
108 წლის წინ, 1917 წლის დეკემბრისათვის ის, რასაც ჩვენ პირველ მსოფლიო ომს ვუწოდებთ, უკვე სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა (1900-1905 წლებში) ლორდმა, მარკიზმა ჰენრი ლენსთაუნმა, რომელმაც შვილი გერმანიის ფრონტზე დაკარგა, სწორედ 108 წლის წინ დაწერა „დეილი ტელეგრაფში“ წერილი, რომელშიც მან მოკავშირეებს (ანტანტის წევრებს) გერმანიასთან მოლაპარაკებისა და ზავის დასადებად მოუწოდა: „ჩვენ ამ ომის წაგება არ გვსურს, მაგრამ მისი გაგრძელება ცივილიზებული მსოფლიოს კრახს გამოიწვევს“. ექს-მინისტრის თავის წერილში აღნიშნავდა, რომ უნდა შემუშავდეს შეთანხმება უსაფრთხოებისა და რეპარაციების შესახებ, რომლის შედეგად გერმანია ერთა თანამეგობრობაში დაბრუნდება.
ჰენრი ლენსთაუნის მოწოდება მკაცრად იქნა დაგმობილი და იგი მტერთან დამარცხების მოსურნედ შერაცხეს. დღეისათვის ისტორიკოსთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მთავრობას ყოფილი მინისტრის გეგმა რომც მიეღო, გერმანია კეთილსინდისიერ რეაგირებას მაინც არ მოახდენდა. იმავდროულად ლორდის დამოკიდებულება უშუალოდ ომის მიმართ სრულიად გამართლებული იყო: იგი აპროტესტებდა იმას, რომ „ჩვენ ნელა, მაგრამ დაბეჯითებით ვანადგურებთ სამეფოს მამაკაცების საუკეთესო ნაწილს“. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ყოფილი მინისტრი სინამდვილეს წერდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ალბათ, გაგონილი არ ექნება საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელ პუბლიკაციაზე, მაგრამ ისიც იგივეს ამბობს – წუხს ომში ათასობით დაღუპულ ახალგაზრდებზე, ამიტომ ისწრაფვის ზავის სწრაფად დადებას და მშვიდობის დამყარებას.
რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო კრემლმა 2014 წელს, რომლის სამხედრო-საზღვაო ქვედანაყოფებმა, რომლებიც, უკრაინასთან შეთანხმებით, ყირიმში (სევასტოპოლში) იყვნენ დისლოცირებულები, ყირიმის მთლიანი ოკუპირება განახორციელეს. კატასტროფა მოხდა 2022 წლის თებერვლის ბოლოს, როცა რუსეთის რეგულარული არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო, ანუ იმ დროს, როცა აშშ-ში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იყო (და შესაბამისად, დონალდ ტრამპის აზრით, ყველაფერში დამნაშავე სწორედ ბაიდენია: „მე რომ იმ მომენტში პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ დაიწყებოდაო“).
საინტერესოა, რომ მომავალი წლის ივნისისთვის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ვადები პირველი მსოფლიო ომის ვადებს გაუტოლდება.
დღეს უკრაინის ომის თეატრი ჯერ-ჯერობით მთელ ევროპაზე არ ვრცელდება, ამიტომაც მსხვერპლი შედარებით ნაკლებია, ვიდრე ეს 1914-18 წლების პირველ მსოფლიო ომში და 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. და მაინც, ამის მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ევროპისათვის ისტორიულად ერთ-ერთ უდიდეს უბედურებას ნიშნავს – ადამიანთა მსხვერპლი უკვე მილიონს აღწევს. მხოლოდ ბოლო ხუთი თვის განმავლობში რუსეთმა, რომელიც, მართალია წინ მიიწევს, მაგრამ მაინც 25-28 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. ეს იმდენივეა, რამდენიც იმ პერიოდში ფრონტზე იქნა გაწვეული. დანაკარგები უკრაინას შედარებით ნაკლები აქვს, მაგრამ მაინც შოკის მომგვრელი: უკრაინის მოსახლეობა რუსეთზე ნაკლებია და ამრიგად, კიევისათვის დემოგრაფიული კატაკლიზმი უფრო მძიმეა.
აშშ-ის პრეზიდენტი სრულიად გულწრფელად ამბობს, რომ „ბრძოლის ველზე ამდენი სიკვდილი საშინელებაა“. საერთოდ, იგი აგრესიულია, მაგრამ ომის საშინელებებმა ისიც კი შეაშფოთა. ბუნებრივია, დონალდ ტრამპს აქვს დამატებითი მოტივებიც მშვიდობის იდეის რეალიზების მიზნით: იგი ცდილობს მომგებიანი გარიგებები დადოს საკუთარი ქვეყნისათვის და პირადად თვითონაც განიმტკიცოს საერთაშორისო ავტორიტეტი – გახდეს მსოფლიოს მშვიდობის დამცველი. ტრამპს ხომ ბოლო დროს თავისი ცხოვრების იდეა-ფიქსი აქვს: დაეუფლოს თავის „ოსკარს“ – ნობელის მშვიდობის პრემიას.
დონალდ ტრამპის გულწრფელი ლტოლვა მშვიდობისაკენ გასაგებია. იგი როგორც ბიზნესმენი, ხვდება, რომ ომი ხელს უშლის აშშ-ის აყვავებას და ამერიკული ოცნების ასრულებას. მისი ხედვა ღაზას სექტორის ხმელთაშუაზღვისპირეთის საკურორტო მარგალიტად გადაქცევის თაობაზე მასში პაციფისტის კაპიტალისტურ ვერსიას ამჟღავნებს.
მაგრამ მშვიდობის მომხრეების პრობლემა მათ გულწრფელობაში კი არ არის, არამედ მათ გულუბრყვილობასა და მიამიტობაში. მათ არ სურთ და არც ცდილობენ იმის გაგებას, რატომ უნდა სურდეს ვინმეს ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ ბრძოლა. მათ მშვიდობა განზოგადებულ მოვლენად მიაჩნიათ. „ჩვენ მსოფლიოსთვის მშვიდობის შანსის მიცემა გვინდა“, – ასე მღეროდნენ 1969 წელს ჯგუფი Plastic Ono და დონალდ ტრამპი, რომელიც იმ დროს 23 წლისა იყო. მსოფლიოსათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მშვიდობის სურვილი. ის, რასაც ნამდვილი მშვიდობისმყოფელი აკეთებს, იმაში გამოიხატება, რომ იგი ორივე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა გაიგოს, სად შეიძლება არსებობდეს მშვიდობის შანსი, თუ ის საერთოდ არსებობს.
ალბათ, უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომებიდან ყველაზე საოცარი ის არის, რომ მას უკრაინის არსებობა ნაკლებად აინტერესებს. მართლაცდა, არც თვითონ პრეზიდენტი, არც ვიცე-პრეზიდენტი და არც სპეცწარმომადგენელი უკრაინაში არცერთხელ არ არიან ნამყოფნი. ყველა ისინი, ფაქტიურად უარს აცხადებენ იმაზე, რომ უკრაინამ თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი. არცერთი მათგანი არ ავლენს ინტერესს, თუ როგორ დამყარდა ევროპაში საერთაშორისო მშვიდობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ. როგორც ჩანს, არცერთს არ ესმის, თუ რატომ არის მტკიცე მშვიდობის გასაღები ის დოქტრინა, რომელიც ევროპის საზღვრების ურღვევობას გულისხმობს. ალბათ, არცერთს არ წაუკითხავს, თუ როგორ განმტკიცდა აღნიშნული დოქტრინა ცივი ომის დამთავრების შემდეგ.
დონალდ ტრამპის მომხრეებს სძულთ ვოუქერები და უყვართ ძლიერი მამაკაცები, რომლებიც აცხადებენ (თუნდაც ბიწიერად), რომ ისინი კეთილი ქრისტიანები არიან. ამიტომაც „ტრამპისტები“ ინსტიქტურად იხრებიან ვლადიმერ პუტინისაკენ. მათთვის რუსეთი პრობლემა არ არის. ისინი რუსეთს იმ ქვეყანად აღიქვამენ, რომელთანაც ამერიკა გარიგებას დადებს, დამყარდება მშვიდობა, შემოსავლებს ერთად გაიყოფენ და სიკვდილს ბოლო მოეღება.
ვლადიმერ პუტინმა ეს ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინა და ახლა კმაყოფილია. მისი უსაფუძვლო პრეტენზიები უკრაინის მიმართ ისევ ურყევია. მას მშვენივრად ესმის დონალდ ტრამპის პოზიციების სისუსტე – აშშ-ის მეთაურს ძალიან სურს გარიგების დადება. აქედან გამომდინარე, იგი იოლად დაეთანხმება კრემლის პოზიციას, ანუ მოსკოვს შეუძლია ისევ თვითონვე შეიმუშაოს გარიგების გეგმა. ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ თეთრი სახლი ეჭვს არ შეიტანს ომის მიზეზთა და მიზანთა რუსულ ვერსიაში და ვერ აცნობიერებს იმას, რისი აღიარებისაკენაც ისწრაფვის.
გასულ კვირაში გამოქვეყნებული აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს რუსეთის თითქმის ყველა პრეტენზიას. კრემლს შეუძლია შეინარჩუნოს ომში მონაპოვარი. რუსეთს შეუძლია ნატოს მიუთითოს, რომ დროა აღმოსავლეთით გაფართოება შეწყვიტოს – უკრაინა ვერასოდეს ვერ გახდება ალიანსის წევრი. ნატომ რომც მოისურვოს, რუსეთის გარეშე უკრაინაში თავის ჯარს მაინც ვერ განალაგებს. რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული უკრაინის ჯარის რაოდენობა. სამწუხაროდ, არ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ზარალის არავითარი ანაზღაურება ლორდ ლენსდაუნის სტილით არ მოხდება. მოკლედ, 28 პუნქტი უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს უფლებებს არღვევს.
ტრამპისეული გეგმა ასევე აღიარებს რუსეთის ცილისწამებას, რომ თითქოსდა უკრაინას მართლაც ნაცისტური იდეოლოგია აქვს და ის უნდა აიკრძალოს. დოკუმენტი იმეორებს რუსულ მონაგონს, რომ უკრაინა არ არის დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიის აღსადგენად აუცილებელია არჩევნები 100 დღის შემდეგ ჩატარდეს.
ასეთ გეგმას, დიდი ალბათობით, უკრაინის არცერთი მთავრობა არ აღიარებდა: გეგმა კატასტროფულია ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპმა მოსკოვში თავისი სიძე ჯარედ კუშნერი და სპეცწარმომადგენელი სტივ უიკოპფი სწორედ ამ მიზნით გაგზავნა: ისინი კრემლს შესთავაზებენ რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას ოკუპირებულ დონბასზე და ყირიმზე. და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ დონალდ ტრამპი, მიამიტი მშვიდობისმყოფელი, მოკავშირეებს „დაიკიდებს“, დაარღვევს ყველა ადრე დადებულ შეთანხმებას და უკრაინას უღალატებს. (…)
რუსეთისათვის მომგებიანია ტრამპის გეგმის რეალიზებაც და მისი ჩაშლაც. ვლადიმერ პუტინს შეუძლია გააგრძელოს ლაპარაკი, რომ გეგმის პუნქტები არასაკმარისია და ამით დონალდ ტრამპს უფრო მეტს გამოსტყუებს. კრემლმა კარგად იცის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი დასუსტებულია – კორუფციული სკანდალი, წარუმატებლობა ფრონტზე და ახლა კიდევ მისი მარჯვენა ხელის, „მწვანე კარდინალის“ ანდრეი ერმაკის იძულებითი გადადგომა. ამიტომაც აშშ უფრო მეტად გააკრიტიკებს ზელენსკის, ვიდრე პუტინს, რომელიც სინამდვილეში ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას. გარდა ამისა, მოსკოვი არასოდეს აღიარებს უკრაინის მთავრობის უფლებას მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.
ისეთი შეგრძნებაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობის დამყარების დროშით შეეცდება დააკანონოს ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში მომხდარი უდიდესი აგრესიული ომის შედეგები – რუსეთის ლიდერის სასარგებლოდ. და რას აკეთებს ამ დროს მისტერ კირ სტარმერი? ნუთუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სარკეში საკუთარი ანარეკლის მიმართ ცდილობს მრისხანების გამოვლენას?