“ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს”-Financial Times
რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით თეთრი სახლის ადმინისტრაციის წევრებმა და კრემლის ოფიციალურმა პირებმა ახალი მასშტაბური წინადადებები მოამზადეს, რომლებიც კიევის მხრიდან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს. როგორც საქმეში ჩახედული და ინფორმირებული ადამიანები ამბობენ, მათ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდეს, რომ შემუშავებულ პროექტს დაეთანხმოს და მასზე უარი არ თქვას“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 20 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით „ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი, ანასტასია სტოგნეი და ემი მაკინონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირებისგან შექმნილი ჯგუფი იმ გეგმის შემუშავებაში მონაწილეობდა, რომლის სრული სახე ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მისი ძირითადი ელემენტები უკვე პროექტის სახით არსებობს, – შეატყობინეს „ფაინენშელ თაიმსს“ ადამიანებმა, რომლებიც საქმის კურსში არიან მოლაპარაკების თაობაზე. მათი თქმით, პროექტის ერთ-ერთ ავტორად ითვლება კირილ დმიტრიევი, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ხელმძღვანელი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამოაზრეა.
გეგმის პროექტი უკვე გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, რომელიც, თავის მხრივ, მაიამიში შეხვდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ამჟამინდელ მდივანს რუსტემ უმაროვს იმ 28 პუნქტის განსახილველად, რომელსაც დოკუმენტი შეიცავს. საქმეში ჩახედული ორი ადამიანის თქმით, სტივ უიტკოფმა მკაფიოდ მიანიშნა რუსტემ უმაროვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გეგმა უნდა მიიღოს, იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტი უკრაინისთვის „წითელი ხაზების“ აღმნიშვნელ დებულებებს შეიცავს.
როგორც „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა აღნიშნა, თუ კიევი ამ გეგმაზე დათანხმდება, ეს იქნება საკუთარ სუვერენიტეტზე უკრაინის უარის ტოლფასი გადაწყვეტილება. მან კრემლის ძალისხმევას „თამაში“ უწოდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიმართ, რომელსაც ძალიან სურს პროგრესი აჩვენოს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასა და სამშვიდობო პროცესში.
გეგმის პროექტის მცოდნე პირების თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ უკრაინამ უნდა დათმოს დონბასის დარჩენილი ტერიტორია, რომელსაც ამჟამად ჯერ კიდევ უკრაინის ჯარები აკონტროლებენ. ასევე კიევი უნდა დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნას უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ორჯერ შემცირების შესახებ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ გეგმაში შეტანილია რუსეთის რიგი სხვა მოთხოვნებიც: უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს შეიარაღების საკვანძო სახეობებზე, ასევე აშშ შეწყვეტს კიევისადმი დახმარებას, რომელიც, რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი თავდაცვისათვის, რათა ქვეყანა რუსეთის სავარაუდო სამომავლო აგრესიის დროს მოწყვლადი არ იყოს. გარდა ამისა, უკრაინა ვალდებულებას იღებს, რომ თავის ტერიტორიაზე უცხოეთის არცერთი ქვეყნის ჯარები არ განალაგოს. კიევი მეტად აღარ მიიღებს შორი მოქმედების მქონე დასავლურ იარაღს, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
გეგმაში ასევე გათვალისწინებულია რუსული ენის აღიარება უკრაინის ოფიციალურ სახელმწიფო ენად და ოფიციალური სტატუსის მინიჭება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი სტრუქტურისათვის – ეს ის დებულებაა, რომელიც კრემლის დიდი ხნის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება.
ერთ-ერთმა საქმეში ჩახედულმა პიროვნებამ „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დოკუმენტს საკმაოდ ზოგადი ხასიათი აქვს, „მაგრამ ძალიან არის ორიენტირებული მოსკოვზე“. კიდევ ერთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ „გეგმა ძალიან აწყობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს“.
„კაცმა რომ თქვას, ამ გეგმას რაიმე ტრადიციული დოკუმენტის სახე კი არ აქვს, არამედ ეს არის პრაქტიკული შეთავაზებებისა და რჩევების კრებული კეთილი განწყობებით“, – ამბობს ინკოგნიტო რუსი პოლიტიკოსი, – „გასაგებია, რომ მისი ნაწილი უკრაინისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება“.
კიეველი ოფიციალური პირები, რომლებიც გეგმას იცნობენ, აცხადებენ, რომ ის სრულიად შეესაბამება კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს. ბუნებრივია, რომ თუ გეგმა არ შეიცვლება, კიევი მას არ დათანხმდება და რეალიზაციას არ დაიწყებს.
მაგრამ ერთ-ერთი დიპლომატი, რომელიც ასევე კარგად იცნობს სიტუაციას, სხვებზე შედარებით ნაკლებად პესიმისტურია და აცხადებს, რომ „ამერიკელებმა მოსკოვზე ზეწოლა განახორციელეს, რათა კრემლს, ერთხელ და საბოლოოდ, მტკიცედ ჩამოეყალიბებინა თავისი მოთხოვნები მოლაპარაკების დაწყების წინ და შემდეგ არაფერი აღარ შეეცვალა ისე, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე“.
აღსანიშნავია, რომ რუსულ-ამერიკული გეგმა გაჩნდა იმ დროს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური და სამხედრო პოზიციები საკმაოდ არის შესუსტებული: კიევში მწვავე კორუფციული სკანდალის ფონზე ფრონტის მდგომარეობაც სახარბიელო არ არის.
ვოლოდიმირ ზელენსკისათვის განსაკუთრებით ზიანის მომტანია ის მასშტაბური კორუფციული სკანდალი, რომელშიც მინისტრები (აწ უკვე ყოფილნი) და მისი მეგობრები აღმოჩნდნენ გახვეულნი. სკანდალმა ოპოზიციას გაბედულება შესძინა, ხოლო მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ შიგნით უთანხმოება გააჩინა. ვერხოვნა რადის სხდომაზე ზოგიერთმა დეპუტატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, [ყოვლისშემძლე] ანდრეი ერმაკის გადადგომა მოითხოვეს. მათ ასევე წამოაყენეს წინადადება ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის ლიკვიდაციისა და „ეროვნული ერთიანობის“ მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის შედეგად პრეზიდენტის გავლენა შემცირდება.
ამგვარი სიტუაციით ვაშინგტონს შესაძლებლობა მიეცა კიევზე ზეწოლა განეახლებინა ისეთი შეთანხმების მიღწევის მიზნით, რომელშიც უპირატესობა რუსეთის მოთხოვნებს მიენიჭებოდა, უკრაინისთვის კი ნაკლებად მომგებიანი იქნებოდა.
როგორც კრემლს, ასევე თეთრ სახლს რაიმე კომენტარები არ გაუკეთებიათ. ამ გეგმის თაობაზე პირველი ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემამ „აქსიოსმა“ (Axios) გაავრცელა.
სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობების გამოქვეყნებისთანავე ნავთობის ფასები დაეცა – იმდენად, რამდენადაც ტრეიდერებმა ფსონი დადეს იმაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რისკებს შეამცირებენ ნავთობის მიწოდების სფეროშიც. გეგმა, სავარაუდოდ, ასევე მოასწავებს აგრეთვე აშშ-ის სანქციების შერბილებას ორი რუსული ნავთობკომპანიის – „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ მიმართ.
სხვათა შორის, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა, ანუ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა ზემოთ ხსენებულ ორ რუსულ კომპანიას და ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი გააუქმა. ბოლო წვეთი აღმოჩნდა სერგეი ლავროვის აგრესიული საუბარი მარკო რუბიოსთან, რომლის შედეგად აშშ დარწმუნდა – იმ მომენტში მოსკოვი დათმობებისათვის მზად არ იყო.