1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები” -El Tiempo
“ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები” -El Tiempo

“ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები” -El Tiempo

190
0

რომელი ქვეყნები იქნებიან ვენესუელის მოკავშირეები ამერიკის მიერ გამოცხადებული ოპერაციის „სამხრეთის შუბის“ დროს? აშშ-ვენესუელის კონფლიქტის განვითარებაში კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, – ნათქვამია ვენესუელის გაზეთ “ელ ტემპოს” (El Tiempo) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: “ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები” (ავტორი – ანა-მარია როდრიგეს-ბრასონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის სამხედრო სამინისტრომ ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ დაწყება გამოაცხადა, რომელიც კარიბის ზღვაში უპრეცედენტო რაოდენობის სამხედრო ძალების თავმოყრას ნიშნავს. ოპერაციას ოფიციალურად ლოკალური მიზანი – ნარკოტრანზიტის აღკვეთა აქვს, მაგრამ არაოფიციალურად – ვენესუელის ხელისუფლების დამხობაა განზრახული.

აშშ-ის მხრიდან ვენესუელის წინააღმდეგ მიმართულმა პოლიტიკამ კარიბის ზღვამაღალი სამხედრო აქტიურობის ზონად გადააქცია და ახლოს მდებარე ქვეყნები რთული დიპლომატიური და სტრატეგიული დილემის წინაშე დააყენა. ამ კონფლიქტში კარიბის აუზის ქვეყნები არა გვერდიდან მომზირალ და დამკვირვებლებს წარმოადგენენ, არამედ აქტიურ როლს ასრულებენ, რაც გამოიხატება როგორც სტრატეგიულ თანამშრომლობაში, ასევე  დაინტერესებაში რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების მიმართ.

კარიბის ზღვის აუზი როგორც გეოპოლიტიკური არენა

აშშ-ის ძალები კარიბის ზღვაში წარმოდგენილია ავიამზიდებით, სხვადასხვა სახის საბრძოლო ხომალდებით და დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცით – ვითომდა ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ საბრძოლველად. კაცმა რომ თქვას, მათ ამოცანა გარკვეულწილად უკვე შეასრულეს – გაანადგურეს 18 მომცრო გემი, რომლის დროსაც 70 ადამიანი – ნარკოკურიერი – დაიღუპა.

კარიბის ზღვის აუზის ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-სთან ისტორიული ურთიერთობისა თუ ვაშინგტონთან დადებული შეთანხმებების საფუძველზე, ხელს არ უშლიან ამერიკული ძალების ყოფნას თავიანთ საზღვრებთან ახლოს და საკუთარ ტერიტორიაზეც კი. ეს გარემოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნიკოლას მადუროზე „მაქსიმალური ზეწოლის“ სტრატეგიაში, ისევ გავიმეორებთ – ვითომცა ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის საკითხში.

განვიხილოთ კარიბის ზღვის კონკრეტული სახელმწიფოებისა და ავტონომიური წარმონაქმნების (კუნძულების) დამოკიდებულება აშშ-სთან.

ტრინიდადი და ტობაგო: ამ ქვეყანამ უკვე აჩვენა თავისი პოზიცია – მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისათვის, რასაც კარაკასი ნეგატიური დიპლომატიური რეაქციით შეხვდა –  ვენესუელამ ტრინიდადისა და ტობაგოს პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები „ პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა.

გაიანა: ვენესუელასთან ისტორიული ტერიტორიული დავის გამო, ბუნებრივია, გაიანამ მადუროს საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა და ამერიკასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, ანუ ვაშინგტონის მხარეზე დადგა.

არუბა, კიურასაო და ბონაირე: ეს სამი კუნძული ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიებად ითვლებიან და უშუალოდ ვენესუელის ნაპირებთან ახლოს მდებარეობენ, ისინი კონფლიქტში აქტიურად არ მონაწილეობენ, მაგრამ საკუთარ თავზე განიცდიან მიმდინარე კრიზისის ნეგატიურ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებს. გარდა ამისა, სამივე კუნძული საკვანძო თავშესაფარს წარმოადგენს ვენესუელელი ემიგრაციისა და მადუროს ხელისუფლების შიშით გაქცეული ლტოლვილებისათვის, რაც დიდ დატვირთვას წარმოადგენს სოციალური სამსახურებისათვის და შრომის ბაზრისათვის. კუნძულების მთავარი როლი გამოიხატება მიგრაციული ნაკადის გასაკონტროლებლად, ვიზის გაცემაში და ვენესუელელი არალეგალი ემიგრანტებისა და არაკეთილსაიმედო პირების დეპორტაციაში. კუნძულების ხელისუფლება (ანუ ნიდერლანდების მთავრობა) ამერიკის სამხედრო ძალების მიმართ სიფრთხილეს იჩენს და ამ ეტაპზე  გვერდზე დგომას ამჯობინებენ.

კუბა და ნიკარაგუა: პრეზიდენტები მიგელ დიას-კანელი (კუბა) და დანიელ ორტეგა (ნიკარაგუა) ვენესუელის მხარდამჭერთა ღერძს და ნიკოლას მადუროს დიპლომატიური პოზიციის დამცველებს წარმოადგენენ. ჰავანამ და მანაგუამ საჯაროდ მხარი დაუჭირეს კარაკასს და აშშ-ის ჯარების თავმოყრა  დაგმეს. ორივემ აშშ-ის მოქმედება ვენესუელაზე „იმპერიალისტურ შეტევად“ და „სუვერენიტეტის საფრთხედ“ ჩათვალეს.

ბრაზილია: პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა დე სილვას გადაწყვეტილებით, ბრაზილიამ ვენესუელასთან კავშირები აღადგინა და ისეთი პოზიცია დაიკავა, რომლის დროსაც პრიორიტეტს ანიჭებს სუვერენიტეტის დაცვას, რეგიონულ მშვიდობას და თანამშრომლობას. ლუის ინასიო ლულა დე სილვამ დაგმო აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში. „ბრიკს“-ის წევრი ბრაზილია, პრინციპში, ვენესუელის მხარდამჭერია, მაგრამ მას აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობაც აკავშირებს – წინა პრეზიდენტის, პროამერიკელი ჟაირ ბოლსონარუს მმართველობის პერიოდში დადებული შეთანხმების ძალით, იარაღის შესყიდვის სფეროში. ასე რომ, სამხრეთ ამერიკის უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო ბრაზილია, ჯერ-ჯერობით, კარიბის 2025 წლის „კრიზისის“ მიმართ გარკვეულ მყიფე ბალანსს ინარჩუნებს.

კოლუმბია: ამ ქვეყნის დამოკიდებულება ვენესუელასთან კარდინალურად შეიცვალა პრეზიდენტად გუსტავო პედროს არჩევის შემდეგ. თითქმის პარადოქსული მოვლენაა: მოკლე ხანში კოლუმბია აშშ-ის მტკიცე მოკავშირიდან ვენესუელის მხარდამჭერად გადაიქცა. გუსტავო პედრომ ნიკოლას მადუროსთან წინა პრეზიდენტის – თავისი წინამორბედის ივან დუკე-მარკესის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა და თავს არიდებს თავისი ვენესუელელი კოლეგის კრიტიკას – მიუხედავად იმისა, კოლუმბიის მოქალაქეები ვენესუელას საპყრობილეებში იხდიან სასჯელს „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით. გუსტავო პედრომ ამას წინათ აშშ-სთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა შეწყვიტა და, რაც მთავარია, განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ვენესუელას მხარეზე დადგება.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში ვენესუელის მომხრეებსა და მოწინააღმდეებს შორის რაოდენობრივი ბალანსია, მაგრამ პოლიტიკური გავლენებისა და „წონის“ მიხედვით, ვენესუელას მომხრეები მოწინააღმდეგეებს აშკარად ჯაბნიან.

 

წყარო: