1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს”-Financial Times
“შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს”-Financial Times

“შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს”-Financial Times

167
0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (FT – Financial Times) 12 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს“ (ავტორი – მარტინ ვოლფი, FT-ის მთავარი ეკონომიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში განხილულია გაერთიანებული ევროპის მოდელის – ევროკავშირის პერსპექტივა. „განვითარებას სტაგნაცია ცვლის, პროგრესს – რეგრესი. როგორი იქნება ევროკავშირი მომავალში? ხომ არ ელოდება მას რომის იმპერიის ბედი?“.

გთავაზობთ ვრცელი ანალიტიკური სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

რა გააკეთეს რომაელებმა ისეთი, რისთვისაც ქებით უნდა მოვიხსენიოთ? ბრიტანული კომედიური ჯგუფის „მონტი პაიტონის“ მიერ 1979 წელს გადაღებული ფილმის თანახმად, რომაელებმა შექმნეს აკვედუკები, აბანოები და… დაამყარეს მშვიდობა იმპერიაში. თუმცა იბადება კითხვა: „რატომ დაეცა მათი მშვიდობიანი იმპერია?“

მსოფლიო ისტორიაში დასავლეთ ევროპამ გარდამქმნელის როლი შეასრულა, რაც განპირობებული იყო საერთო ევროპული იმპერიის არარსებობით: ევროპული ქვეყნები სუვერენულად არსებობდნენ და ერთმანეთთან კონკურირებდნენ. კონკურენციამ კი გამოიწვია ისეთი კომერციული, ინტელექტუალური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ცვლილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში ევროპა სამრეწველო რევოლუციამდე მიიყვანა. ამის შემდეგ კი ყველაფერი პოზიტიურად შეიცვალა.

ევროპული იმპერიები – ევროპის მიღმა

ევროპის შემდგომი პროგრესი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ევროპელებმა უარი თქვეს რომის გამოცდილების გაზიარებაზე – კონტინენტური იმპერიის შექმნაზე. ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, ევროპაში ყოვლისმომცველი ცენტრალიზებული იმპერია არ აღორძინებულა.

მთელი 1500 წლის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოები ერთმანეთთან კონკურირებდნენ და მეტოქეობდნენ. ისინი ჰგავდნენ „ბოთლში“ ჩაყრილ შხამიანი ნესტრის მქონე მორიელებს, რომლებსაც მკაცრ გარემოში თავის გადარჩენა სურდათ და ამისთვის ნესტრებსაც იყენებდნენ.  მათ ეს შეძლეს და შემდეგ მზერა აფრიკისკენ, აზიისაკენ და ახალი მიწებისაკენ – ამერიკისაკენ მიმართეს. ზოგიერთმა პატარა ევროპულმა ქვეყანამ თავისზე ასჯერ და მეტჯერ უფრო დიდი კოლონიური იმპერია-სამფლობელო შექმნა. მოგვიანებით რიგი ევროპული ქვეყნები ბრძოლას გამოეთიშნენ, მაგრამ მათი ინოვაციები და იდეები არ გამქრალა – უბრალოდ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაინაცვლეს.

ამრიგად, ევროპელებმა იმპერიები ევროპაში კი არა, დანარჩენ მსოფლიოში შექმნეს. როგორც ავსტრიელი ისტორიკოსი ვალტერ შეიდელი წერს თავის წიგნში „გაქცევა რომიდან“ (2019 წ.), ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს – იგი ერთმანეთს ადარებს ევროპული ქვეყნების კონკურენციას (რაც თავის მხრივ, სიცოცხლისუანარიანობის საფუძველია) აზიურ იმპერიებს, რომლებმაც საბოლოო ჯამში სტაგნაცია განიცადეს და გაქრნენ.. ვალტერ შეიდელის აზრით, რომისა და ჩინეთის იმპერიები ერთმანეთს ჰგავდნენ: იყო მშვიდობა, იყო მიღწევები, მაგრამ მაგრამ არ იყო კონკურენცია სხვა ქვეყნებთან – რომი მარტოდმარტო იყო ევროპაში, ჩინეთი კი აზიაში. ამიტომ ორივე იმპერია დროთა განმავლობაში დაიშალა.

რატომ რჩებოდა ევროპა დანაწევრებული ცალკე სახელმწიფოებად? პასუხი, როგორც ჩანს, გეოგრაფიაში იმალება – მთებისა და ზღვების არსებობით. იყო ნაყოფიერი რეგიონები, რომლებსაც მოსახლეობის გამოკვება კომპაქტურად შეეძლოთ. ქვეყნები ერთმანეთისაგან გეოგრაფიული (ბუნებრივი) ბარიერებით იყვნენ განცალკევებულნი. რომაული ლეგიონების ძალისმიერი გამაერთიანებელი ეფექტი წარსულს ჩაბარდა და აღარ აღდგენილა.

პროგრესს რეგრესი მოსდევს…

XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა: სამრეწველო და სოციალურმა რევოლუციებმა თავისი ეფექტი აჩვენეს. გაძლიერდა ინტეგრაციის ტენდენცია – შეიქმნა ევროგაერთიანება – ევროკავშირი. დღევანდელი ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 19-ჯერ მეტია, ვიდრე 200 წლის წინათ. გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობაც – თუ 1820 წელს 36 წელი იყო, ახლა 82 წელია. რევოლუციები ევროპიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა: მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ხდება. იგივეა აზიაში ჩინეთის როლიც.

მაგრამ გაერთიანებულ ევროპას და დასავლეთს მოაკლდა კონკურენტი საბჭოთა კავშირის სახით. მართალია, მოსკოვი ბევრად ჩამორჩებოდა განვითარებით ევროპას (სამხედრო სფეროში კი პირიქით იყო), მაგრამ მაინც უწევდა გარკვეულ კონკურენციას. საბოლოოდ, საბჭოელმა კომუნისტებმა რეფორმები ბოლომდე ვერ განახორციელეს და საბჭოთა კავშირი დაიშალა. სამაგიეროდ, ჩინეთმა მოახერხა და ევროპასთან (დასავლეთთან) კონკურენციაში საბჭოთა კავშირის ადგილი დაიკავა. ინდოეთსაც შეუძლია მსგავსი სახელმწიფო გახდეს.

ამრიგად,  დღეს „ბოთლად“ მთელი მსოფლიო შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც ყველაზე შხამიან მორიელებს ძველი იმპერიების ნიშნები აქვთ. და რა რჩება ევროპისაგან? ევროპა გაერთიანებულია (თითქმის იმპერიული), მან ბევრ წარმატებას მიაღწია, გამდიდრდა… მაგრამ ახლა კრიზისის სიმპტომები აქვს, მისთვის ძნელია ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსების მობილიზება… ევროკავშირი ბევრ უპირატესობას ფლობს რუსეთთან შედარებით, მაგრამ რესურსები არ ყოფნის და კონკურენტებს (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი…) ბევრად ჩამორჩება. ევროპას არც საკუთარი თავდაცვის ქოლგა არ აქვს და ძველებურად ისევ აშშ-ის იმედზეა, რომელიც დღეს მისი ეკონომიკური კონკურენტია. მოკლედ, გაერთიანებული ევროპის მარგი ქმედების კოეფიციენტი მცირდება…

„უკან, მომავლისაკენ?“

ევროპის ქვეყნებს დღეს მეტი სუვერენიტეტი ჭირდებათ, მეტი ეკონომიკური კონკურენცია ერთმანეთთან, მეტი ეროვნულობა (იდენტურობა). შეიძლება ითქვას, რომ ევროპა საკუთარი ისტორიული პარადოქსით ზიანდება: როცა ის დანაწევრებული იყო და ერთმანეთთან კონკურენცია არსებობდა, ევროპული ქვეყნები ძლიერდებოდნენ, შემდეგ კი ინტეგრაციის პროცესი განვითარდა, პროგრესი გაგრძელდა, მაგრამ პარალელურად სტაგნაციისა და კრიზისის ნიშნებიც გაჩნდა. გამოდის, რომ ევროპას უკუპროცესი – დეზინტეგრაცია გადაარჩენს?

თუმცა უფრო პოზიტიური შესაძლებლობაც არსებობს. ევროკავშირში ცენტრალიზების ტენდენცია უნდა შეჩერდეს, ის ახალ რომის იმპერიად არ უნდა გადაიქცეს. ევროპელებს უნდა უხაროდეთ, რომ რომი დაეცა და მრავალგზისი მცდელობის მიუხედავად, ძველი სახით აღარ აღმდგარა.

 

წყარო: