1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა” -Allgemeine Zeitung
“ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა” -Allgemeine Zeitung

“ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა” -Allgemeine Zeitung

188
0

„როცა 2017 წელს ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა, მოსახლეობას დიდი იმედები და მოლოდინები ჰქონდა. დღეს მისი მთავრობა ჩიხშია შესული, საფრანგეთს პოლიტიკური კრიზისები აზანზარებს“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „აუგსბურგერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Augsburger Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა” (ავტორი – ბირგიტ ჰოლცერი).
„კაცი, რომელმაც უეცრად ავიდა პოლიტიკურ ოლიმპზე, ამჟამად საოცრად დაბლაა დაცემული. თანამოქალაქეების ნდობა პრეზიდენტის მიმართ ანტირეკორდულია. ემანუელ მაკრონს არჩევნებამდე დარჩენილი დრო ტანჯვა-წამებად გადაექცა. ერთადერთი გამოსავალი მისთვის ახლა მხოლოდ გადადგომაა“ – ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

როგორ მივიდა საფრანგეთი დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობამდე? 2017 წლის მაისი – ეიფორია როგორც საზღვარგარეთ, ისე თვით საფრანგეთშიც: ემანუელ მაკრონი, პროევროპული „ვუნდერკინდი“, რომელიც ბოლო დრომდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო, სრული სვლით იკავებს ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო პოსტს. იგი 39 წლისაა, ანუ ყველაზე ახალგაზრდა თავის წინამორბედთა შორის. ემანუელი თანამოქალაქეებს ქვეყნის „ჩაბეტონებულ-გაქვავებული სტრუქტურების დამსხვრევას და საზოგადოებაში არსებული განხეთქილების გადალახვას პირდება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ფრანგები პრეზიდენტის ახლადშექმნილ პარტიას En Marhce-ს („წინ, რესპუბლიკა“) ნდობას უცხადებენ, რომელიც დეპუტატთა აბსოლუტურ უმრავლესობას იღებს საკანონმდებლო ორგანოში.
რვანახევარი წლის შემდეგ პარტიას უკვე Renaissance („აღორძინება“) ჰქვია, მაგრამ ასაღორძინებელი უკვე არაფერია, ქვეყნის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება.ვ ხელისუფლებაში დღეს საპარლამენტო უმცირესობის მთავრობაა, თვითონ ემანუელ მაკრონი კი ახალ რეკორდს ამყარებს, ამჯერად უარყოფითს: დღეს მას მხარს ფრანგების მხოლოდ 11% უჭერს. მანამდე ასეთი დაბალი რეიტინგი მხოლოდ ფრანსუა ოლანდს ჰქონდა – მაკრონის დამრიგებელს და წინამორბედს. ახლა კი მოქმედი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტისაგან განდგომას ცდილობს.

სკანდალები: ძველი ახალი პრემიერ-მინისტრი

კაცმა რომ თქვას, მოქმედი პრეზიდენტების არაპოპულარობა საფრანგეთის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. მათ მიმართ ფრანგები სიმპათიებს მხოლოდ გადადგომის შემდეგ თუ იჩენენ – ეს ეხება ნიკოლა სარკოზისაც, რომელიც ამჟამად საპყრობილეში იმყოფება, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით მაინც სარგებლობს.
მაგრამ მაინც საოცარია, რამდენად ძლიერ დაეცა მაკრონისადმი ნდობა თანამემამულეებს შორის. როგორც ჩანს, იგი იმ პოლიტიკური დრამების ფასს იხდის, რომლებიც ბოლო კვირებში განვითარდა: მას შემდეგ, რაც ეროვნულმა კრებამ (პარლამენტმა) უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს და თანამდებობიდან გადააყენა… შემდეგ კი უფრო დრამატული მოვლენა მოხდა – როცა პრეზიდენტმა გადამდგარი ბაირუს ნაცვლად პრემიერის პოსტზე თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ დანიშნა, მან გადადგომა გამოაცხადა მთავრობის წარდგენიდან ერთი დღის შემდეგ (სხდომის ჩატარებაც კი ვერ მოასწრო). გაიმართა დაძაბული მოლაპარაკება და როგორც იქნა პრეზიდენტმა სებასტიან ლეკორნუ უკან დაბრუნებაზე დაითანხმა. ახალი მთავრობა ძველისაგან არაფრით არ განსხვავდება.
სებასტიან ლეკორნუს რთული მისიის შესრულება ეკისრება – მან პარლამენტში მკაცრი ბიუჯეტი უნდა გაიტანოს, მაგრამ მიმდინარე დებატები აჩვენებს, რამდენად რთულია კონსენსუსის მიღწევა. პრემიერ-მინისტრმა სოციალისტებს ისიც კი აღუთქვა, რომ უკან დაიხევს არაპოპულარული საპენსიო რეფორმის განხორციელებისაგან, რომელიც ემანუელ მაკრონის ბოლო წლების მთავარ პროექტად ითვლება. მაგრამ საეჭვოა, რომ ბიუჯეტი ამ დათმობამ გადაარჩინოს..

მაკრონის ამბიციური სტარტი

2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო პრეზიდენტისათვის ტანჯვა-წამებას წარმოადგენს. მსხვილ საკანონმდებლო ინიციატივებზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია: ემანუელ მაკრონის ყოფილი რეფორმატორული შემართებისაგან თითქმის აღარაფერი არ დარჩა. არადა, პირველ წლებში მას ძალიან უმართლებდა: შრომის ბაზრის ლიბერალიზება, ბიზნესის სფეროში გადასახადების შემცირება, პროფგანათლების მხარდაჭერა… საფრანგეთი მიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის, საქმიანი წლების განწყობა გაუმჯობესდა, უმუშევრობის დონე შესამჩნევად შემცირდა…
ემანუელ მაკრონმა საგარეო პოლიტიკაშიც ამბიციური სტარტი აიღო. იგი „ცეცხლოვანი სიტყვით“ გამოვიდა ევროპული ბაზრის მხარდასაჭერად, დამაჯერებლად მოქმედებდა საერთაშორისო არენაზე, აქტიურად უჭერდა მხარს ფრანგულ-გერმანულ პარტნიორობას. მისი ადრეული თეზისი „ევროპის სუვერენიტეტზე“ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თავისი არსით, მეინსტრიმი გახდა.
მაგრამ ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობაც სწრაფად იზრდებოდა: პრეზიდენტს უკვე ამპარტავანს და ხალხისგან დაშორებულს უწოდებდნენ. 2018 წლის შემოდგომიდან ემანუელ მაკრონს ძალიან გაუჭირდა – იგი „ყვითელჟილეტიანთა მოძრაობამ“ თითქმის კედელთან მიაყენა, თუმცა პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, ფართო პროტესტების მიუხედავად, საპანსიო რეფორმის გატარება მაინც მოახერხა. ამასობაში მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ ძალას იკრებდა. 2024 წელს ეროვნული კრების (პარლამენტის) მოულოდნელი დათხოვნა, რომელიც ჩიხიდან გამოსვლისათვის ეფექტურ ნაბიჯად იყო ჩაფიქრებული, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის დაკარგვით შეუბრუნდა.
საფრანგეთის ფინანსური პრობლემები: ვალები მატულობს…
ყოფილი ბანკირისა და ეკონომიკის ექს-მინისტრისათვის, რომელიც პირად ცხოვრებაში ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარს (რისთვისაც მას „ფინანსური მოცარტი“ დაარქვეს), განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ მისი ქვეყანა ამგვარ სატირელ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბიუჯეტის გამო. სახელმწიფო ვალმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია – 3,4 მილიარდ ევროს. იგი პასუხისმგებელია არამარტო პანდემიის დროს ჩადენილი შეცდომებისათვის, არამედ გაზზე და ელექტროენერგიაზე ფასების მატების გამო, რომელიც ენერგოკრიზისშია გადაზრდილი
ემანუელ მაკრონს მისმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმაც კი „უღალატა“ და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა ურჩია. მართალია, მაკრონს მესამედ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აღარ შეუძლია, მაგრამ არ გამორიცხავს მოგვიანებით უკან დაბრუნებას.

წყარო: