ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება-ირაკლი კობახიძე
დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა ქვეყანა, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„ქვეყანაში გადატრიალების ხუთი განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო.
ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.