1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს”-The Guardian
“ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს”-The Guardian

“ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია,რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს”-The Guardian

194
0

“დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოღვაწეობა ღირსეულად უნდა იქნას შეფასებული არა მარტო მისი მომხრეების, არამედ მოწინააღმდეგეების მხრიდანაც”, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) 21 ოქტომბრის ნომერშია გამოქვეყნებული, სათაურით: “ღაზადან უკრაინამდე: დონალდ ტრამპი, შესაძლოა, მშვიდობის ყველაზე ერთგული დამცველია, რისთვისაც იგი მხარდაჭერას ნამდვილად იმსახურებს” (ავტორი – საიმონ ჯენკინსი). „აშშ-ის პრეზიდენტმა მომგებიანი მომენტი დაიჭირა და ბენიამინ ნეთანიაჰუ აიძულა ღაზაში ომი შეეწყვიტა, ახლა კი მას განზრახული აქვს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაასრულოს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ტრამპის მიღწევები მის უდავო დამსახურებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

თუ ვინმე ამერიკის პრეზიდენტის ჭეშმარიტი მოტივების ჩაწვდომას ცდილობს და მის მოქმედებაში რაღაც საეჭვო მომენტებს ეძებს, ეს უაზრობაა. მართლაცდა, რატომ უნდა დავეჭვდეთ დონალდს ტრამპის მოქმედებაში, როცა მისი ძალისხმევის მიზანს და შედეგს კონფლიქტის სწრაფი დასრულება წარმოადგენს?

დონალდ ტრამპი გონივრულად და სწორად მოქმედებს. იგი დიდების შარავანდედით არის მოსილი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გამო. ერთი გენახათ, როგორი გაცისკროვნებული სახით და ამაყად იდგა პრეზიდენტი ჟურნალისტების წინაშე, როცა იგი ფლორიდაში მიფრინავდა. მთელ ევროპაში ომის დაფდაფები გრიალებდა, ვლადიმერ ზელენსკი კი მას „ტომაჰავკის“ რაკეტების მიცემას ევედრებოდა… როგორი იქნებოდა მისი პასუხი? რა თქმა უნდა უარყოფითი.

დონალდ ტრამპს უკვე „ყელში აქვს ამოსული“ ამდენი დამუნათებები და რჩევები უკრაინის პრეზიდენტის მიმართ და ამიტომ მას ასე უთხრა; „წადი და გარიგებას ხელი მოაწერე. დროა კონფლიქტი დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე. დაიშალეთ და სახლში წადით, დაამთავრეთ სისხლისღვრა და ერთმანეთის ხოცვა“. მოკლედ, საკითხი დაიხურა: „ტომაჰავკების“ მიცემა კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევდა. უნდა დაიდოს გარიგება და საქმე ამით დასრულდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი თვის წინათ დონალდ ტრამპს წამოსცდა – უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკან დაიბრუნოსო, არ შეიძლება მხედველობაში არ გვქონდეს ამერიკელი ლიდერის არაპროგნოზირებულობა. ყოველი მისი სიტყვა შეიძლება ცარიელი გამოდგეს, თუმცა თანამედროვე დიპლომატია ისეთი აღარ არის როგორიც იყო – ნაკლებად არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან და თანმიმდევრულობასთან. დღეს დიპლომატია თვითკმაყოფილებასა და სანახაობრივ მოქმედებას წარმოადგენს – მისი არსი იმაშია, რომ ლიდერმა ისარგებლოს ყოველი შესაძლებლობით დემოკრატიული მიზნის მისაღწევად, ჩვენ კი თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას.

დონალდ ტრამპმა აშკარად დაიჭირა ხელსაყრელი მომენტი, რათა ბენამინ ნეთანიაჰუს მიმართ ზეწოლა მოეხდინა და პალესტინელების ხოცვა შეეჩერებინა. მიაღწია რა მიზანს, მან გააღო კარი, რომელიც ადრე მშვიდობისათვის დახურულ იყო. ისინიც კი, ვინც დონალდ ტრამპს ვერ იტანენ, იძულებულნი არიან აღიარონ პრეზიდენტის სამშვიდობო ძალისხმევის შედეგი. სწორი და სამართლიანი რეზულტატი ამართლებს ნებისმიერ მოტივს.

დასავლეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს მტვრიან ლაბირინთებშია გაბნეული. მათი ლიდერები დიდი ხანია გვერდზე არიან გამდგარნი და ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ სურვილებს უთვლიან. მას იმდენით ეხმარებიან, რამდენიც მხოლოდ ბრძოლის გასაგრძელებლად არის საჭირო და არა გამარჯვებისათვის.

ისინი თვითონ თავს კარგად გრძნობენ და მსოფლიოს უყვებიან, თუ რა საშინელი კაცია ვლადიმერ პუტინი, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევენ, რომ რუსების შეტევებს გაუძლოს და უკან არ დაიხიოს.

მკაცრი მიდგომის მომხრეები, ალბათ, წინააღმდეგნი იქნებიან და იტყვიან, რომ ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის არსებული ხაზის მიხედვით „არაფერს არ შეცვლის“ – ის მხოლოდ 2015 წლის დაზავების გამეორება, რუსეთისათვის კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დათმობას გამოიწვევს, ანუ ასეთი ნაბიჯი უამრავი დაღუპულის ხსოვნისადმი ღალატი იქნება, არაფერი რომ ითქვას დასავლეთის მოსახლეობაზე, რომლებიც უკრაინის გამო ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას საკუთარ თავზე განიცდიან. მკაცრი მიდგომის მომხრეების თქმით, უკეთესია ღირსეული იყო და ნანგრევებში იცხოვრო, ვიდრე უღირსი იყო და მშვიდობაში იცხოვრო. და საერთოდ, რა არის ცუდი იმაში, რამდენიმე „ტომაჰავკი“ მოსკოვში ჩამოვარდეს და მტერი დაისაჯოს?

ღაზაც და უკრაინაც ტერიტორიულ კონფლიქტებს წარმოადგენენ, რომლებთანაც დასავლეთს (თეორიულად) შეეძლო გვერდზე მდგარიყო და იქიდან ეყურებინა მოვლენების განვითარებისათვის. ალბათ, ისტორია განსჯის, მართლაც დასავლეთის ჩარევამ განაპირობა თუ არა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი კონფლიქტის დარეგულირება და მშვიდობის დამყარება. უკრაინის შემთხვევაში კი აშშ-მა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რეაგირება რეალისტურად და ფრთხილად გამოავლინეს. ჯო ბაიდენმა მკაცრი შეზღუდვები დააწესა იარაღის (რაკეტების) გამოყენებაზე, რომ ომის ესკლაცია არ მომხდარიყო. სხვათა შორის, დონალდ ტრამპიც საკმაო სიბრძნეს იჩენს და მხარს უჭერს იგივე კურსს.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტის დასრულება სურს. აშკარად ჩანს, რომ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპი დაეთანხმა რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას და უკრაინას „ტომაჰავკების“ გადაცემაზე უარი უთხრა. ველოდებით, თუ რაზე დათანხმდება პუტინი სანაცვლოდ, რათა ტრამპმა კიდევ ერთი დიდების დღესასწაული მოიწყოს. მაგრამ ვლადიმერ პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ არის, მასზე დონალდ ტრამპს გავლენის ბერკეტები არ აქვს. აშშ-ის ლიდერი რისკზე მიდის ბუდაპეშტში.

ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მაჩვენებლებს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტაში შეიძლება „სატირალი“ ვუწოდოთ. დონალდ ტრამპი დიდი ხანია გამოდის საზღვარგარეთ მოწყობილი ავანტიურების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ამერიკა სხვის საქმეებში არ ჩაერიოს. მისთვის არასასიამოვნოა ჯარების გაგზავნა ოკეანის იქით და არასოდეს არ ამტკიცებს იმას, რომ თითქოსდა ამერიკას ღვთაებრივი მისია აქვს დაკისრებული მსოფლიოს გადასარჩენად, დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით. რა თქმა უნდა, მას არ მოსწონს ომები და კონფლიქტები, ცდილობს მათ შეჩერებასა და დასრულებას, მაგრამ ომების დასრულება რთულია – ხან გამოსდის და ხან არ გამოსდის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა შეწყვიტოს.

ახალი რეალიზმი გვკარნახობს, რომ უარი ვთქვათ ცერემონიებზე და ცარიელ სიტყვებზე. ჩვენ იძულებულნი ვართ მსოფლიო თავისი მკაცრი რეალობით მივიღოთ და მას არ ვუყუროთ საკუთარი ილუზიებით და ვარდისფერი სათვალეებით. ამჟამად დონალდ ტრამპს უმძიმესი ამოცანა აქვს შესასრულებელი – შექმნას უსაფრთხოების სისტემა რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის გასწვრივ და თანაც ისეთი, რომელიც მისაღები იქნება როგორც პუტინისთვის, ისე ზელენსკისთვისაც. ასეთი თავსატეხი ელოდება მას ღაზაშიც, სადაც მხარეები კი დაზავდნენ, მაგრამ ისრაელისა და პალესტინის ინტერესები დაბალანსებული არ არის. აშშ-ის ჯარების მხარდაჭერის გარეშე ამ მისიებში ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა. როგორც ჩანს, მისმა დარწმუნების ნიჭმა უჩვეულო არაბუნებრივ ძალას უნდა მიაღწიოს, რომ მას გრძელვადიანი წარმატება ჰქონდეს. სხვაგვარად იგი მშვიდობისმყოფელის რეპუტაციას უნდა გამოემშვიდობოს.

დონალდ ტრამპმა „შორს შეტოპა“, თანაც ისე, რომ არ სარგებლობს არც ნატოს ქვეყნების დიპლომატიური აპარატით და არც კიდევ რომელიმე ორგანიზაციის დახმარებით. იგი მართალია იმაში, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა ამ ხნის განმავლობაში ფაქტიურად ვერაფერს ვერ მიაღწიეს
დონალდ ტრამპს აშკარად აქვს განზრახული, რომ შეიარაღებული კონფლიქტები პირადი ხიბლით მოაგვაროს. მას იმედი აქვს, რომ თავისი ავტორიტეტით დაპირისპირებულ მხარეებზე – ეგოიზმით შეპყრობილ ლიდერებზე – გავლენას მოახდენს, რომლებიც მას მშვიდობისმყოფლობის გზაზე ხელს უშლიან. უკრაინაში სიტუაციას პატური ხასიათი აქვს. ტრამპი მოუწოდებს საომარი მოქმედებები შეწყვიტონ, შეაჩერონ ხოცვა-ჟლეტა და ჯარისკაცები სახლებში თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. დიახ, ვინმემ შეიძლება აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი პატივმოყვარეობად და ეგოიზმად მონათლოს, მაგრამ რა მერე? ეს ხომ მოწოდებებია მშვიდობაზე მსოფლიოს ყველაზე უძლიერესი ლიდერის მხრიდან. ჩვენ დონალდ ტრამპს წარმატება უნდა ვუსურვოთ და მივულოცოთ, თუ ყველაფერს მოაგვარებს მშვიდობის სახელით.

წყარო: