1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე” – კახა კალაძე
“ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე” – კახა კალაძე

“ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე” – კახა კალაძე

252
0

27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.

„მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და საქართველოს ულამაზესი კუთხის – აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებთან და ძმებთან, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა გავითარებით, ეკონომიკური წინსვლით, ევროპული მომავლით. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.

სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა.

დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს – კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი.

მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – წერს კახა კალაძე.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.