
“რატომ იგებს ომს უკრაინა” – Financial Times
„რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მთავარი მიზნის მიღწევა – უკრანელი ერი ვერ გაანადგურა“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 27 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „რატომ იგებს ომს უკრაინა“ (ავტორი – იუვალ ნოე ჰარისი – სამხედრო ისტორიკოსი ისრაელიდან, იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი). „უკვე შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. თვით დონალდ ტრამპიც კი, რომელიც თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკის ნოტაციებს უკითხავდა, ახლა აცხადებს, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, გამარჯვების გზაზე დგას, იბრძვის და გაიმარჯვებს“, – წერს ავტორი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
2014 წელს უკრაინა სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, რის გამოც რუსეთმა მოახერხა ყირიმისა და დონბასის ნაწილის მიტაცება. 2022 წელს კი, რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად, უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს განადგურების საფრთხე დაემუქრა.
რუსეთის ხელისუფლება და საერთაშორისო დამკვირვებლები თვლიდნენ, რომ უკრაინის ჯარი მალე დამარცხდებოდა და რუსეთის არმია კიევს რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკავებდა. დასავლელ პოლიტიკოსებს და ლიდერებს იმდენად ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის წინააღმდეგობის გაწევაში, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ევაკუირებას და დევნილი მთავრობის შექმნას სთავაზობდნენ.
მაგრამ პრეზიდენტი კიევში დარჩა. მალე მსოფლიომ გასაოცარი ამბავი შეიტყო – უკრაინის არმიამ რუსეთის ჯარებს კიევიდან უკან დაახევინა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 2022 წლის ზაფხულის დამლევს, კონტრშეტევაზე გადავიდა და ოკუპირებული ტერიტორიები ნაწილობრივ უკან დაიბრუნა. უკვე ომის მესამე წელია და ორივე დაპირისპირებული მხარის მოკრძალებული წარმატებების ფონზე, ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში, 2022 წლის გაზაფხულიდან კრემლმა ვერ შეძლო უკრაინის ვერცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საოლქო ცენტრის დაკავება – ვერც კიევის, ვერც ხარკოვის, და ვერც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ხელში ჩაგდება.
2025 წლისათვის, უდიდესი სამხედრო დანაკარგების მიუხედავად (200-300 ათასი მოკლული და დაჭრილი), კრემლმა უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 0,6%-ის ოკუპირება შეძლო და თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს წინსვლას, უკრაინას მთლიანად მხოლოდ 100 წლის შემდეგ თუ დაიკავებს.
სიტუაცია ჰგავს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტს, როცა ულმობელი გენერლები ათასობით ჯარისკაცს ერეკებოდნენ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ნანგრევების დასაკავებლად. იმდროინდელი „პატრიოტულად“ განწყობილი პრესა სინამდვილეს მალავდა და ადგილობრივი მნიშვნელობის ოპერაციებს „სტრატეგიულ“ შეტევად ნათლავდა, ხოლო უმნიშვნელო სოფლების დაკავებას დიდ სამხედრო წარმატებად თვლიდა. სხვათა შორის, იგივეს აკეთებს დღეს რუსეთიც.
უკრაინისათვის, სამხედრო თვალსაზრისით, აქვს აზრი ტაქტიკურ უკან დახევას მცირე მანძილზე, რომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე შეინარჩუნოს და ძალები დაზოგოს, სამაგიეროდ, რუსეთი უამრავი სამხედრო მოსამსახურის სისხლს ღვრის და მოკრძალებულ წარმატებებს აზვიადებს. არადა, სინამდვილეში რუსეთი ჩიხშია შეყვანილი.
ამას წინათ ავსტრალიელმა სამხედრო ექსპერტმა, გადამდგარმა გენერალ მაიორმა მიკ რაიანმა ასეთი შედარება გააკეთა: აშშ-ის არმიას რომ ერაყში შეჭრის შემდეგ, 2003 წელს, 2006 წლისათვის მხოლოდ ქვეყნის 20% გაეკონტროლებინა და ამ დროს მილიონამდე ჯარისკაცი დაღუპულ-დასახიჩრებულიყო, ვინმე ამას გამარჯვებას უწოდებდა?
თუ ომის ისტორიას გადავხედავთ, უკრაინის წარმატებები შთამბეჭდავია:
ა) რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტი, რომელსაც 2022 წლამდე უკრაინის ფლოტზე დიდი უპირატესობა ჰქონდა, დიდი დანაკარგების გამო ამჟამად პარალიზებულია. ჯერ მარტო კუნძულ ზმეინის ოპერაცია მოწმობს უკრაინელთა გამბედაობას, რომ არაფერი ვთქვათ რუსების ფლოტის საფლაგმანო ხომალდის – რაკეტული კრეისერის „მოსკოვის“ განადგურებაზე, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე განისვენებს. უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსეთის ფლოტი აიძულეს თავისი მთავარი ბაზა ყირიმში – სევასტოპოლი – დაეტოვებინა და სადღაც მოშორებით ეპოვა თავშესაფარი;
ბ) რუსეთმა უპირატესობა ჰაერშიც დაკარგა: რუსული ავიაცია ვერ ბედავს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ფრენას, შესაბამისად, რაკეტებს და „პლანირებად ბომბებს“ ფრონტის ხაზიდან მოშორებით უშვებს. შევადაროთ: ისრაელის ავიაციამ როცა ირანი დაბომბა, ქვეყნის საჰაერო სივრცეს 36 საათი აკონტროლებდა და ამ დროს არცერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავს, უკრაინამ კი, ივნისში განხორციელებული ოპერაციით, რუსეთს ერთბაშად ათზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი გაუნადგურა. რასაკვირველია, გამძვინვარებული კრემლი სულ უფრო მეტად აქტიურობს დრონებითა და რაკეტებით უკრაინის დაბომბვაში, არ ერიდება მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების დანგრევა-აფეთქებას, უკრაინის ხელისუფლება კი მსგავსი მოქმედებისაგან თავს იკავებს და შეტევებს მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე ახორციელებს (მაგ.: აეროდრომებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე…).
გ) საყურადღებოა, რომ უკრაინელებმა ამ ყველაფერს უცხოეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის (ცოცხალი ძალის მონაწილეობის) გარეშე მიაღწიეს, რუსების მხარეს კი ომში უშუალოდ და პირდაპირ მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები. მართალია, ნატოს ქვეყნები უკრაინას შეიარაღებაში დახმარებას უწევენ (ხშირად გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ ფაქტია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების არცერთი ჯარისკაცი კიევის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს.
ამრიგად, დასავლეთს რომ დროულად მიეწოდებინა უკრაინელებისათვის 2022 წლის განმავლობაში იარაღი, როცა მათ გამარჯვება მოიპოვეს კიევთან, ხერსონთან და ხარკოვთან ბრძოლებში, უკრაინას რუსეთი 2023 წლისათვის უკვე დამარცხებული ეყოლებოდა, ანუ მანამდე, სანამ კრემლი თავის მრეწველობას სამხედრო რელსებზე გადაიყვანდა..
დღეს კრემლი გამალებით ეწევა პროპაგანდას, რომ „რუსეთის გამარჯვება, ანუ უკრაინის დამარცხება, გარდაუვალია და რომ მალე დადგება დრო – ამერიკელები და უკრაინელები სულით დაეცემიან, შეწყვეტენ უკრაინისადმი დახმარებას და კიევს იძულებულს გახდიან კაპიტულაციაზე ხელი მოაწეროს“. თუ ასე მოხდება, ეს იქნება კატასტროფა არა მარტო უკრაინისათვის, არამედ ნატოს წევრებისთვისაც, რომლებიც ავტორიტეტსაც დაკარგავენ და რუსეთის მხრიდან მუდმივად მუქარა-საფრთხის ქვეშ იქნებიან.
ევროპისათვის უკრაინის სამხედრო ძლევამოსილებას და მის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: დღეს უკრაინის არმია ევროპის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვან და ბრძოლისუნარიან, ბრძოლაში გამოწრთობილ არმიას წარმოადგენს (თითქმის მილიონი სამხედრო მოსამსახურით), ნატოს ევროპელი წევრი-ქვეყნების – პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის – 200 ათასი ჯარისკაციდან კი უმრავლესობას „ომის სუნი“ ჯერ არ უყნოსია, რეალურად არ უბრძოლია.
ორი კვირის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, უფრო ადრე კი რუსული დრონები პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე შეფრინდნენ, სულ ახლახან კი – არსებობს ამის დიდი ეჭვი – დრონები დანიის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. დროა ევროპელები დაფიქრდნენ: თუ მათ ხვალ რუსული თვითმფრინავები დაბომბვას დაუწყებენ და აშშ გვერდიდან ყურებას ამჯობინებს, ამ დროს ევროპისათვის ყველაზე დიდი დამხმარე და მოკავშირე-მაშველი სწორედ უკრაინის არმია იქნება. ამერიკელ სამხედროებსაც მოუწევთ კიევისაგან რაღაც-რაღაცები ისწავლონ: ომმა უკრაინა იარაღის მწარმოებელ მოწინავე ქვეყნად გადააქცია, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დონალდ ტრამპი ბოლო დროს უკრაინისაკენ ლმობიერად იყურება – მას ძალიან „მოსწონს“ გამარჯვებულისადმი მხარდაჭერა.
რასაკვირველია, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი და საით გადაიხრება საბოლოოდ ომის სასწორი – იმიტომ, რომ მოვლენების მსვლელობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც არის დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას: უკრაინამ ნამდვილად მოიპოვა გადამწყვეტი და შეუქცევადი გამარჯვება და აი, რატომ: საომარი მოქმედებები ხომ პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით? ანუ იგებს არა ის, ვინც მეტ ტერიტორიას ჩაიგდებს ხელში, არამედ ის, ვინც თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევს. უკრაინაში კი სრულიად ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინმა თავის მთავარ სამხედრო მიზანს ვერ მიაღწია – ვერ მოსპო უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ერი.
რუსეთის პრეზიდენტი თავის მრავალრიცხოვან გამოსვლებში და სტატიებში ამტკიცებდა, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო არ არის და არც არასოდეს არ ყოფილა. 2021 წელს თავის ძირითად პუბლიკაციაში სათაურით „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“ ვლადიმერ პუტინი წერდა, რომ უკრაინა ხელოვნური წარმონაქმნია და რომ დასავლეთი კიევს მხარს მოსკოვის დასუსტების მიზნით უჭერს. კრემლის ბინადარი ამტკიცებდა, რომ უკრაინელები პირველი შესაძლებლობისთანავე სიხარულით გაერთიანდებიან „დედა-რუსეთთან“.
ვერავინ იკისრებს იმის წინასწარმეტყველებას, თუ კიდევ რამდენი ადამიანი დაიღუპება ომში ვლადიმერ პუტინის ილუზიებისა და ამბიციების გამო, მაგრამ მთელი მსოფლიოსათვის კრისტალურად ნათელი გახდა, რომ უკრაინელი ერი დიახაც არსებობს და რომ მილიონობით უკრაინელი მზადაა იბრძოლოს არა მხოლოდ სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისთვისაც, თავისი ქვეყნის რუსეთისაგან დამოუკიდებლობის დასაცავად.
ერები შედგებიან არამარტო ტერიტორიისაგან და მოსახლეობისაგან, არამედ ადამიანთა ხსოვნისაგანაც. როგორც არ უნდა განვითარდეს კონფლიქტი უახლოეს თვეებში, უკრაინელთა ცნობიერებაში მუდმივად იქნება ახლობლების დაღუპვის ფაქტები, რუსების შეტევები, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი მხეცობები… შესაბამისად, უკრაინელთა პატრიოტიზმს მუდმივად ექნება მკვებავი წყარო მომავალი თაობებიდან.