1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა – The Daily Telegrhap
რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა – The Daily Telegrhap

რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა – The Daily Telegrhap

265
0

„რუსეთის იმპერიული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: როგორ ნადგურდება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული იდენტობა“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegrhap) სტატია სემიუელ რამანის ავტორობით, რომელშიც განხილულია რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებისა და მოზარდების სწავლა-განათლების მდგომარეობა, ასევე რუსი ახალგაზრდების აღზრდა ნეოიმპერიალისტური და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იელის უნივერსიტეტის (აშშ) ჰუმანიტარული სკოლის მიერ ამას წინათ გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ ცხადჰყო, თუ როგორი მკაცრი დამოკიდებულება აქვთ რუსული განათლების სისტემის მუშაკებს უკრაინელი ბავშვების მიმართ როგორც რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, ისე უშუალოდ რუსეთში.

უკრაინის ხელისუფლების გამოთვლით, ბავშვთა რაოდენობა 19 ათასს აღწევს, ხოლო ჰუმანიტარული სკოლის კვლევის მიხედვით, მათი რიცხვი უფრო მეტია – 35 ათასი. ბევრი ამ ბავშვთაგან „ხელახალი აღზრდის“ პროცესშია მოქცეული, რათა მათ ცნობიერებაში უკრაინული იდენტობა ამოძირკვონ და გაანადგურონ. რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მათ იძულებით ამუშავებენ რუსეთის სამხედრო ქარხნებში, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს) აწარმოებენ.

კრემლმა ფართო პროპაგანდა დაიწყო, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ფაქტებს და იელის უნივერსიტეტის კვლევას  სანდოობის ხარისხი დაუკარგოს. დისკრედიტაციაში ჩართული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც – უცხოეთის სახელმწიფოებში აკრედიტებული რუსი დიპლომატები ყოველნაირად  ცდილობენ უარყონ კიევის ბრალდებები „ყირიმელი ბავშვების გენოციდის“ თაობაზე. პირიქით, რუსები ბავშვებს კი არ იტაცებენ და იძულებით კი არ ამუშავებენ, არამედ ზოგიერთები ფრონტისპირა დასახლებული პუნქტებიდან რუსეთში მიჰყავთ მათი დაცვისა და შესაფერისი სასწავლო პირობების შესაქმნელად.

შესაძლოა, კრემლის პროპაგანდამ გარკვეული შედეგი გამოიღოს და უცხოეთში ზოგიერთებმა დაიჯერონ კიდეც, მაგრამ ადგილებზე არსებული რეალური სიტუაცია აშკარად ეწინააღმდეგება მასობრივი აგიტაციის შედეგად „დახატულ მდგომარეობას“. უფრო მეტიც – რუსეთის ქცევა ხაზს უსვამს, რომ კრემლი აგრესიულ ომს უკრაინაში არამხოლოდ ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად აწარმოებს, არამედ ძალისხმევა ასევე მიმართულია იმისკენ, რომ ბავშვთა გონებაში უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს იდენტობა გაქრეს და უკრაინა რუსული სამყაროს ცივილიზაციურ ნაწილად იქნეს აღქმული, რუსულ ორბიტაში მოქცეულად. უკრაინული კულტურის განადგურებისაკენ მიმართული ესოდენ საშინელი კამპანია მოიცავს უკრაინელი ბავშვების ტვინის გამორეცხვას, რათა ისინი რუს პატრიოტებად გაიზარდნონ და შემდეგ ნეოიმპერიალისტებად გადაიქცნენ.

როცა რუსეთის არმიის ქვედანაყოფები რომელიმე უკრაინულ ქალაქს იკავებენ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვრცელდება რუსული ულტრანაციონალისტური განათლების სისტემა. როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის – ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ჯერ კიდევ 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნულიბ, რუსული სკოლები ზღუდავენ უკრაინული ენის სწავლებას და რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებს ისე წარმოაჩენენ, როგორც სამართლიან „ჯვაროსნულ ლაშქრობას“, უკრაინის ნეონაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულს. 

მაგალითად, როცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ გაბედა და უკრაინულ ენაზე ალაპარაკდა, [გამოძახებულმა] რუსმა ძალოვანებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ქალაქგარეტ გაიყვანეს და იქ მიატოვეს.

სამხედრო სამსახურიც ასევე ითვლება რუსული ულტრანაციონალისტური განათლების განუყოფელ ნაწილად, ანუ უკრაინელი ახალგაზრდების რუსებად გადაქცევის ერთ-ერთ მეთოდად. ქალაქ ლუგანსკში რუსი ოფიცრები 16 წლის მოზარდებს სამხედრო სამსახურისთვის წინასწარ არჩევენ და როგორც კი მათ 17 წელი შეუსრულდებათ, ვალდებულნი არიან გაწვევის პუნქტებში გამოცხადდნენ და არმიაში სამსახურის სურვილი გამოხატონ, 18 წლის ასაკში კი მათ უფლება ეძლევათ სამხედრო კონტრაქტი გააფორმონ. [ყირიმისა და დონბასის]  უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტებს რუსეთის არმიაში სამხედრო სამსახურისთვის (კონტრაქტის სტანდარტული თანხის გარდა) დამატებით თვეში 2150 დოლარი ეძლევათ. ასეთმა მიდგომამ ავისმომასწავებელი ეფექტი გამოიღო – დიდი ფულით „დამტკბარმა“ იძულებითმა გაწვევამ კრემლს შესაძლებლობა მისცა თავიდან აეცილებინა მოსახლეობის სავარაუდო უკმაყოფილება 2022 წლის ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ და უპრობლემოდ გაეგზავნა ახალგაზრდები ფრონტზე – „საზარბაზნე ხორცის“ სახით.

უკრაინელი ბავშვების ჩაბმა სამხედრო აღზრდის სისტემაში რუსეთს ახალ პოტენციურ რესურსს აძლევს სამომავლო რევანშისტული კამპანიებისათვის. ასეთი ქმედება სავსებით ეთანხმება რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევას დაარწმუნოს ახალგაზრდა თაობა ნეოიმპერიულად აზროვნების აუცილებლობაში. ამასთან, შეინიშნება ტენდენცია: მაშინ როცა  რუსების უფროსი თაობა ენთუზიაზმით ესალმება ომის რუსულ პროპაგანდას, „მილენიალები“ და Z-თაობის წარმომადგენლები ბევრად უფრო სკეპტიკურად არიან ომის მიმართ განწყობილნი.

როგორც რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევის არასამთავრობო ორგანიზაციის „ლავადა-ცენტრის“ მიერ 2025 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, საომარ მოქმედებებს მეტ-ნაკლებად 18-დან 24 წლის ასაკის მქონე რუსების მხოლოდ 35% იწონებდა, ხოლო 10% თვლიდა, რომ ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ისეთი პატრიოტული სიმღერების გავრცელებით, როგორიცაა, მაგალითად, „ჯარისკაცები მოდიან“ და იმის პროპაგანდით, თუ როგორ დრაკონული სიმკაცრით ექცევიან ტყვედ ჩავარდნილ  რუს ჯარისკაცებს უკრაინელები, კრემლი ცდილობს 15-18 წლის ახალგაზრდა რუსები ულტრანაციონალისტებად აღზარდოს.

რუსი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მათი ძალისხმევა დაარწმუნებს ახალგაზრდებს შეურიგდნენ სულ უფრო მზარდ კრიზისულ სიმპტომებს რუსეთის ეკონომიკაში და ქვეყნის მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას. რუსული პროპაგანდა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და დასავლეთს რუსეთის ისტორიულ და დაუძინებელ მტრებად წარმოსახავს, ამას უნერგავს ახალგაზრდობას და ამით მომავალ თაობას პერსპექტიული ექსპანსიონისტური ომებისთვის ამზადებს – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესაჭრელად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „მშვიდობის ფორმულა“ ეფუძნება იმ სავარაუდო თეორიას, რომ ტერიტორიული დათმობები მტკიცე მშვიდობამდე მიგვიყვანს, თუმცა ამგვარი მიდგომა რუსული ნეოიმპერიალიზმის იდეოლოგიურ საფუძვლებს ეწინააღმდეგება: ასეთი ფორმულის რეალიზება სამომავლოდ უფრო დამანგრეველ ომების პროვოცირებას გამოიწვევს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ