
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
დაკავებული ლაშა ცანავა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.
ლაშა ცანავა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 31 ივლისს დააკავეს.
მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
სუს-ის ცნობით, ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 დოლარი მოსთხოვა.
“მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა”. – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.