
მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით-ირაკლი კობახიძე
ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან.
„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.