1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

251
0

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია “მთავარ არხს” ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, განჩინებები, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, ოფიციალურად ჩაბარდა შპს “მთავარი არხი”-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს და მათ დოკუმენტების გადმოსაცემად მიეცათ გონივრული ვადა.

“საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საქართველოს პროკურატურა მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ამ განცხადებამდე, ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გაავრცელა განცხადება: “საქართველოს გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას და გაყიდვების სახლს დღეს გადაეცა.

გამოძიება დაწყებულია”მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.”