
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს -რადოსლავ სიკორსკი
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
სიკორსკიმ უპასუხა კითხვას, რა არის პოლონეთის პოზიცია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე?
„მე დავიბადე კომუნისტურ პოლონეთში. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ზოგიერთ პერიოდში გვაძლევდა საშუალებას, საზღვარგარეთ გვემოგზაურა. და ამ დროს ჩვენ, კერძოდ, ვაფასებდით ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც გვაძლევდნენ უვიზოდ შესვლის შესაძლებლობას. ეს იყო ფანჯარა სამყაროში ჩვენთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.
სიკორსკის განმარტებით, „პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საკითხზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას, რომელიც ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, რომ სცადოს, დაარწმუნოს საქართველოს მთავრობა, შეწყვიტოს ოპოზიციის სამართლებრივი დევნა“.
„მე შევხვდი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის მიმართაც წაყენებული ბრალდებები ჩემთვის სრულიად ყალბად გამოიყურება. და ჩვენ ვუჭერთ მხარს ქართულ საზოგადოებას მათ ევროპულ მისწრაფებებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გააკეთებს იმას, რისი პირობაც დადო არჩევნებზე, ნაცვლად იმისა, რასაც ახლა აკეთებს, რაც ევროპასთან დაშორების კურსია“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მინისტრმა სიკორსკიმ მზარდი შეშფოთება გამოხატა საქართველოში პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისივე თქმით, სულ უფრო ჰგავს ავტორიტარული მმართველობის მოდელს, ხოლო რუსული გავლენა იზრდება.
სიკორსკის განმარტებით, პოლონეთი ელოდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და დაიწყოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მან გამოხატა მხარდაჭერა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის მიერ შეთავაზებული ზომების მიმართ, მათ შორის, სანქციების სფეროში.