NDI – ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის კვლევის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
კვლევის თანახმად, მოსაზრებას, რომ „მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან – 78 პროცენტი ეთანხმება, 17 პროცენტი არ ეთანხმება, 5 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის; ოპოზიციის მხარდამჭერებიდან – 16 პროცენტი ეთანხმება, 80 პროცენტი არ ეთანხმება, 4 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის; მათგან, ვინც არ ასახელებს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას, 20 პროცენტი ეთანხმება, 71 პროცენტი არ ეთანხმება, 9 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის და ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხზე.
ამასთან, მოსაზრებას, რომ „პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან – 29 პროცენტი ეთანხმება, 64 პროცენტი არ ეთანხმება, 7 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის; ოპოზიციის მხარდამჭერებიდან – 29 პროცენტი ეთანხმება, 63 პროცენტი არ ეთანხმება, 8 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის; მათგან, ვინც არ ასახელებს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას, 18 პროცენტი ეთანხმება, 71 პროცენტი არ ეთანხმება, 10 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის და ერთი პროცენტი უარს ამბობს პასუხზე.
NDI-ის ცნობით, მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.