
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო!
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა – ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო! ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
წულუკიანი ამბობს იმასაც, რომ „სახელმწიფო გადატრიალებიდან“ მომდევნო თვეებში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა.
„ამაზე სტრასბურგის სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა. მაშინ ცესკოს ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს თემა გამოიკვეთა და კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში – თუ ვინ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, მოხსენიებული იქნება.
ხელისუფლებაში მავნებელი ძალა მოვიდა და ეს ძალა ხელისუფლებაში გადატრიალებით და გაყალბებული არჩევნებით მოვიდა.
ეს შესავალში ნაჩვენები იქნება კონკრეტულად და დოკუმენტებზე დაფუძნებულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით – 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.