1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  “დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი”-El Pais
 “დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი”-El Pais

 “დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი”-El Pais

341
0

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი“ (ავტორი – მაკარენა ბიდალ ლი). ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და მრავალფეროვნების სიმბოლო გახდა, ახლა უკან იხევს ყველა თავისი ფასეულობისაგან, უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე და ხელს უშლის თავის მოკავშირეებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კაცობრიობის არსებობის ისტორიული პროცესი ათასობით წლების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა: იმპერიები და მსოფლიოს ძალთა ცენტრები შინაგანი პრობლემების, მტრების შემოსევებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო ინგრეოდნენ, მაგრამ დღემდე არცერთი იმპერია არ გამქრალა იმისგან, რომ მისი ლიდერი თვითონ ანგრევს ქვეყნის ავტორიტეტს სახელმწიფოს შიგნით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი სწორედ ამით არის დაკავებული – ძირს უთხრის უკვე ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

აშშ-ის პრეზიდენტი ლანძღავს და სჯის თავის მოკავშირეებს. იგი დასცინის აფრიკის ქვეყნებს, რომელთა შესახებ არასდროს არაფერი არ გაუგია. იგი სწრაფად უახლოვდება მეტოქე ქვეყანას, რუსეთს. იგი ტრაბახობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ატყუებდა, მაგრამ მისი მოტყუება ვერ შეძლო. „მას ჩემს წინაშე სიცრუე არასდროს არ უთქვამს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი. ამ ადამიანის თეთრ სახლში დაბრუნებამ მთელი მსოფლიო გადაატრიალა. ქვეყანა, რომლის დემოკრატიამ და მრავალფეროვნებამ მსოფლიოს წესებისა და კანონების სისტემა მისცა, ახლა რეანიმაციაში წევს.

ტრამპმა უკვე გამოაცხადა თავისი ქვეყნის გასვლა „უსამართლო და კორუმპირებული ინსტიტუტებიდან. ასეთებად აშშ-ის პრეზიდენტი თვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს და პარიზის შეთანხმებას, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად იყო ერთგული დემოკრატიისა და მრავალფეროვნებისა, ახლა კი აშშ უკან იხევს თავისი ფასეულობებიდან და უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე. დონალდ ტრამპი ბარიერებს უქმნის სავაჭრო პარტნიორებს, ზრდის საბაჟო გადასახადებს იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან. ტრამპის გუნდი ერევა ევროპულ არჩევნებში და ულტრამემარჯვენე პარტიების მხარეზე გამოდის. ტრამპი ნატოს დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრება და ეჭვის ქვეშ აყენებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. იგი იკვეხნის, რომ ჩინეთთან მშვენიერი ურთიერთობის აწყობას აპირებს და ვლადიმერ პუტინს „გენიოსს“ უწოდებს.

და ამ ყველაფერთან ერთად დონალდ ტრამპი ტელეკამერების წინაშე, პირდაპირ ეთერში ლანძღავს ვოლოდიმირ ზელენსკის – მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტს… იმ ქვეყნის ლიდერს, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ჩვენ გვახსოვს ბევრი ეპიზოდი ისტორიიდან, როცა აშშ საკუთარ ინტერესებს მსოფლიო საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებდა. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ამერიკა გახდა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ბირთვი: „თავისი უახლესი ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში აშშ აშენებდა ისეთ მსოფლიოს, რომელშიც ტერიტორიული სუვერენიტეტი ხელშეუხებელი იყო, ხოლო დანარჩენი დიდი სახელმწიფოები მასთან მხოლოდ გავლენის სფეროებსა და სიმდიდრის გადანაწილებაში კონკურირებდნენ“, – ამბობს ჯონ ოუენი, პოლიტოლოგიის პროფესორი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, – „ამერიკა ქმნიდა მრავალმხრივი წესებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მქონე მსოფლიოს, ერთმანეთზე დამოკიდებულ ეკონომიკებს, სადაც პრიორიტეტი ლიბერალურ  დემოკრატიას ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ თვლიდა, რომ სწორედ ასეთი მსოფლიო პასუხობს მის ინტერესებს. მაგრამ, როგორც ჩანს, თეთრი სახლის პოზიცია შეიცვალა“.

ასეთ თვალსაზრისი საქმით ადასტურებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც. „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი არამარტო მოძველდა, არამედ ის გადაიქცა იმ იარაღად, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ““, – განაცხადა მარკო რუბიომ, აშშ-ის კონგრესის სენატში გამართულ მოსმენებზე, მისი კანდიდატურის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის დროს.

ტრამპის ახალი ძველი ხედვა

თავისი არსით, დონალდ ტრამპის ხედვა მსოფლიოზე ისეთია, როგორებიც იყვნენ გაბატონებულები ასწლეულების განმავლობაში. იგივე შეხედულებებს იზიარებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც. პროფესორი ჯონ ოუენი ასეთ რეზიუმეს აკეთებს: „მსხვილი სახელმწიფოები ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, საზღვრებზე და სხვა საკითხებზე ხელშეკრულებებს დებენ, პატარა სახელმწიფოებმა კი მათი გადაწყვეტილება, როგორც მოცემულობა, ისე უნდა მიიღონ“.

წარსულთან პარალელი რომ გავატაროთ, აშშ-ის პრეზიდენტის კონცეფციას ამ შემთხვევაში მხარს ადვილად დაუჭერდნენ მხარს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეები – ავსტრიის კანცლერი კლემენს მეტერნიხი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ ტალეირანი. ტრამპის ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ნაციონალიზმის თანამედროვე ვერსიების უკიდურეს ფორმებს. საზოგადოებისათვის იოლი გამოსაცნობია, თუ რას ემსახურებიან ლოზუნგები „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

დავამატოთ ამას საერთაშორისო ურთიერთობების მერკანტილური კონცეფცია და კიდევ მშენებელთა ოჯახის ბეგრაუნდი. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის, თუ რატომ აღიქვამს დონალდ ტრამპი ღაზას სექტორს როგორც მიწის ისეთ ნაკვეთს, სადაც „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ შეიძლება გააშენო. ან მოთხოვნა  უკრაინისაგან იმისა, რომ ამერიკას პრიორიტეტული უფლება ჰქონდეს მისი ბუნებრივი რესურსების გამოყენების დროს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ – იმ დახმარებისა, რომელსაც მმართველი დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაცია კიევს რაიმე პირობების წაყენების გარეშე უწევდა.

მოცემულ შემთხვევაში რესპუბლიკელი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ახდენს იმ კონცეფციის დემონსტრირებას, რომლის თანახმად, პატარა და სუსტ ქვეყნებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც კი არ აქვთ. „თქვენ მომგებიანი კარტი არ აქვთ“, – იმეორებს დონალდ ტრამპი და უკრაინის ტრაგედიას პოკერის თამაშს ადარებს.

„თქვენ იმდენს მიიღებთ, რამდენსაც იმსახურებთ“. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხართ – თეორიული მოკავშირე და პოტენციური დაუძინებელი მტერი“. ყველაფერი უკვე შეუბრალებლობამდე და გულგრილობამდე მივიდა. გასულ კვირაში კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა პატარა აფრიკული ქვეყანა მასხარად აიგდო, რომელიც აშშ-საგან განვითარებისათვის დახმარებას იღებდა: „საერთოდ გსმენიათ ვინმეს ლესოტოს არსებობა?“.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტში არის მერკანტილური და საქმიანი იმპულსი“, – განაცხადა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ჩარლზ კუპჩანმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსმა.

ტრამპის პირადი ჟინია  მუდმივად იყოს სიმაღლეზე და ყურადღების ცენტრში. მას სწყურია შოკისმომგვრელი გამარჯვებები კონკურენტებზე და რაც მალე მოხდება, მით უფრო სასურველია. იგი გამარჯვებისათვის უმოკლეს გზას ეძებს, რათა უსიტყვო გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ სხვა რაღაცაზე გადავიდეს, მაგრამ ეს ხდება გრძელვადიანი პერსპექტივის საზარალოდ. იგი არსად არ ჩერდება დიდხანს: თუ რაღაც არ მუშაობს, უბრალოდ თავის პოზიციას ცვლის და მაინც აცხადებს, რომ გაიმარჯვა. „ჩვენ ვხედავთ მრავალ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას, რომლებსაც სამომავლო მკაფიო სტრატეგია არ აქვს“, – ამბობს პროფესორი ჯეფ ლეგრო რიჩმონდის უნივერსიტეტიდან.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ირანის ლიდერებს დაიწყონ დიალოგი ბირთვული პროგრამის თაობაზე – 7 წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ირანისა და უცხო სახელმწიფოებს შორის გარიგება ჩაიშალა. საუბარია იმ შეთანხმების პროექტზე, რომელზეც 6 სახელმწიფო მუშაობდა, რათა თეირანს საკუთარი ბირთვული იარაღი არ შეექმნა. მოგვიანებით რესპუბლიკელმა 25%-იანი ბაჟი დაუწესა აშშ-ში შეტანილ კანადურ და მექსიკურ პროდუქციას, თუმცა ერთ დღეში თავისი გადაწყვეტილება გააუქმა – ამერიკული კომპანიების აქციები სწრაფად დაეცა. დონალდ ტრამპი უკან არ იხევს და თავის საყვარელ ლიდერს – ვლადიმერ პუტინსაც აკრიტიკებს ხოლმე შექების შემდეგ. „თუ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, მე მას სანქციებით მოვახრჩობ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ზეწოლა მსოფლიოს საფუძვლის დასანგრევად – მხოლოდ დიდი პოლიტიკის დასაწყისია. კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპი კიდევ შეეხო პანამის არხის თემას.  ხოლო როცა მან განაცხადა, რომ გრენლანდიას აქვს უფლება თვითგამორკვევის შესახებო (მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დე-ფაქტოდ დანიას ეკუთვნის) კოპენჰაგენში შვებით ამოისუნთქეს. მაგრამ რად გინდა – ტრამპმა იქვე დაიწყო თავისი ჩვეული რიტორიკა – „გრენლანდია ძალიან გვჭირდება და აშშ, ასე თუ ისე, კუნძულს მაინც შეიერთებსო“. როგორც ჩანს, დანიელებს ტრამპისაგან „მოსვენება არ ექნებათ“.

საკვანძო შეხვედრა

მიმდინარე კვირა სერიოზული გამოცდა იქნება დონალდ ტრამპის სტრატეგიისათვის. ხვალ, სამშაბათს, ამერიკული მომლაპარაკებელი მხარე მარკო რუბიოსა და მაიკლ უოტცის შემადგენლობით უკრაინელებს ხვდებიან ერ-რიადში. შეხვედრა ჩატარდება აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. სამიტს ორი სავარაუდო სცენარი აქვს: პირველი – შეთანხმების პროექტის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტის და ორი ქვეყნის დიალოგის ნორმალიზების შესახებ და მეორე – დონალდ ტრამპის იმპულსური გადაწყვეტილებების შედეგები რუსეთთან დაახლოების საკითხში.

ევროპელი პარტნიორები შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან. ამ შეხვედრაზე ასევე არის დამოკიდებული რესპუბლიკური ადმინისტრაციის სამომავლო ურთიერთობები მოკავშირეებთან, რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოხატეს ტრამპისაგან გარიყული ზელენსკის მიმართ.

„ტრამპს შეუძლია ისარგებლოს დაშინების ტაქტიკით თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ მას არ შეუძლია საკუთარ თავს ნება მისცეს დესტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად ან ცუდი გარიგება დადოს რუსეთთან უკრაინის საკითხში“, – წერს Atlantic Council-ის თანამშრომელი დენ ფრიდი. „გლობალური ხედვის არარსებობა, რომელიც ფასეულობებზე იქნება დამყარებული, ძალის ფაქტორზე დაყრდნობა და იმ პრინციპის გაზიარება, როცა ერთი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად უნდა დამარცხდეს“ იმას ნიშნავს, რომ ამერიკა მოკავშირეებს მტრობს, მტრებთან კი ზავს დებს“, – აღნიშნავს დენ ფრიდი.

80-წლიანი ქორწინების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ იდილიაში აღარც აშკარად გატყდა. ამას ადასტურებს ევროპის გადაწყვეტილება გადაიარაღების დაწყების თაობაზე, რომლისთვისაც 800 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ან ემანუელ მაკრონის ამასწინანდელი გამოსვლა:  „მსურს დავიჯერო, რომ ამერიკა ჩვენს მხარეზე დარჩება. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად, თუ ეს არ მოხდება“.

რესპუბლიკურ პარტიასაც მოუწევს ფრთხილად მოეკიდოს დონალდ ტრამპის იმპერიულ ამბიციებს. დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ მსოფლიო გავლენის სფეროებად დაყონ, მაგრამ, როგორც პროფესორი ჯიმ ოუენი აღნიშნავს, „მთელი ისტორიის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს მაშინაც ეომებოდნენ, როცა მსოფლიო სისტემა უფრო მარტივად იყო მოწყობილი“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: