1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს – ადვოკატი
„ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს – ადვოკატი

„ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს – ადვოკატი

1.01K
0

„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.

როგორც მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოქმში დააფიქსირა, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.

„ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი. ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! უფლებები არ გააცნეს. სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ. არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან. მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები“, – წერს იურისტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ის ლაშა ჯიოშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს ავრცელებს.

„მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა, შედეგი მიღწეულია: „ბატონი“ თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ. ცეცხლი ოლიგარქიას….მალე შევხვდებით“, – ნათქვამია წერილში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის” ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

უფრო ადრე, “ტვ პირველის” ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა. მელაძის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილი “სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს”, მაშინ, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ სვამს რამდენიმე პირი ერთ ადამიანს მანქანაში და ისმის ხმა: “ოპერატორი ვარ, ლაშა ჯიოშვილი”.