“შვიდეული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?”- უცხოური პრესა
გერმანიის გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Die Tageszeitung – taz) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „შვიდეული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ: თბილისში მოსახლეობა მხარს უჭერს პროევროპულ პოლიტიკას, მაგრამ რა ხდება რეგიონებში?“ (ავტორი – ქრისტინა მერაბიანი).
მასალაში განხილულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული მდგომარეობა, თბილისი მიმდინარე პროევროპული და იმავდროულად ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
საქართველოს დედაქალაქ თბილისში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციების მონაწილეები აღშფოთებულნი არიან იმით, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ – მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნებიდან“ – ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა. თბილისი გასაგებია, მაგრამ რა ხდება საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში, საიდანაც დედაქალაქამდე შორი გზაა, და სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს?
ახალქალაქი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. აქ, ამ პატარა ქალაქის ცენტრში შვიდი დემონსტრანტი შეიკრიბა და აქცია ჩაატარეს. „ჩვენ როგორღაც მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც თბილისში მიმდინარე აქციებში ზეწოლა განიცადეს და პოლიციის ძალადობა საკუთარ თავზე გამოცადეს“, – ამბობს რიმა ღარიბიანი, ახალქალაქში არსებული სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორი. რიმას მხარი დაუჭირა კიდევ ექვსმა კოლეგამ, რომლებსაც ლოზუნგები უჭირავთ ხელში წარწერებით: „ჟურნალისტები პოლიციელთა სამიზნე არ უნდა იყვნენ“ და „პრესის თავისუფლება ძალადობის გარეშე“.
ახალქალაქელ ჟურნალისტებს ადგილობრივი ბიზნეს-ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვიც შეუერთდა: „მე ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება“, – ამბობს იგი, – „სოლიდარობას ვუცხადებ პოლიციის მიერ ნაცემ ჟურნალისტებს და ქართველ ხალხს“. მახარე მაცუკატოვი შეშფოთებულია ევროპული ბაზრის შესაძლო დაკარგვით: „ჩვენ ხომ წლების განმავლობაში ვისწრაფოდით ევროპული ინტეგრაციისაკენ, ახლა კი 1990-იან წლებში ვბრუნდებით. როგორც ჩანს, უკუსვლა დღეს თუ არა, ხვალ მაინც შესამჩნევი გახდება“.
გამვლელები გაკვირვებით უყურებდნენ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციას და თავიანთი ყოველდღიურ საქმიანობას აგრძელებდნენ. ამასობაში კი „მეამბოხე ჟურნალისტები“ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს – ფოტოსურათები გადაუღეს. ახალქალაქში, სადაც მხოლოდ 7 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს იცნობს, მომიტინგე პირების ამოცნობა ძალზე იოლია.
შემთხვევითი არაა, რომ ჟურნალისტების აქციას არცერთი ახალქალაქელი არ შეუერთდა. ოფიციალური შედეგების თანახმად, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქში ხმების თითქმის 90% მიიღო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცხოვრებთა უმრავლესობისათვის ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება უტოპიას წარმოადგენს, მათ უფრო რუსეთთან დაახლოება სურთ. აქაური მოსახლეობის „პრორუსულობას“ თავისი ისტორია აქვს: საბჭოთა პერიოდში ბევრი ახალქალაქელი რუსეთში დადიოდა სეზონური სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო „მშიერ“ 1990-იან წლებში – ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით.
დღეს ახალქალაქში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ოჯახების ნახევარზე მეტიდან ერთი ადამიანი მაინც მუშაობს საზღვარგარეთ, უმეტესად კი რუსეთში – 96%. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი სომხურენოვანი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება და ეკონომიკა რუსეთიდან გადმორიცხულ-ჩამოტანილ ფულთანაა დაკავშირებული.
ენობრივი პრობლემა
რეგიონის მოსახლეობის პასიურობა მხოლოდ „პრორუსული“ ეკონომიკური ფაქტორით არ აიხსნება. როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბადრიძე ამბობს, ეთნიკური უმცირესობების განსახლების რაიონებში არსებობს აგრეთვე პოლიტიკური პასიურობის ტრადიციებიც – ბევრ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა არასრულად არის ინტეგრირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. „დასანანია, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და სომხები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობენ“, – აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. ისინი პატივისცემით და თავაზიანად ეკიდებიან პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ მასში მონაწილეობას თავს არიდებენ.
და თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ სამცხე-ჯავახეთში ინფორმაციის ძირითად წყაროდ სომხური და რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ითვლებიან, მაშინ სიტუაცია გასაგები გახდება: „მასმედია საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს რეგიონის მცხოვრებლებზე, რომლებთაგანაც უმრავლესობას ქართულად ლაპარაკი არ შეუძლია“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.
დამკვირვებელთა აზრით, ქართული ენის არცოდნა, ძლიერი დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ტრადიციები ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომლის პირობებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სარისკო და უშედეგო ხდება.
თუმცა ახალქალაქელი ახალგაზრდები, რომლებიც თბილისში სწავლობენ, მხარს უჭერენ აქციის მონაწილეებს და თვითონაც მონაწილეობენ დემონსტრაციებში. ამასთან, ისინი თავიანთ მოქმედებას სახლში მაინცდამაინც არ აპიარებენ და რეკლამას არ უკეთებენ, რათა მათი ნაბიჯი ნეგატიურად არ იქნეს შეფასებული. მათ ეშინიათ – ვაითუ მმართველმა პარტიამ და სპეცსამსახურებმა მათი ოჯახის წევრებს საფრთხე და პრობლემები შეუქმნან.
მოამზადა სიმონ კილაძემ