1. Home
  2. სხვა
  3. “დუმილი – საუკეთესო ვარიანტია” – რატომ არ სურს ევროპას ერდოღანთან კონფლიქტი” -Handelsblatt
“დუმილი – საუკეთესო ვარიანტია” – რატომ არ სურს ევროპას  ერდოღანთან კონფლიქტი” -Handelsblatt
0

“დუმილი – საუკეთესო ვარიანტია” – რატომ არ სურს ევროპას ერდოღანთან კონფლიქტი” -Handelsblatt

241
0

გერმანული გაზეთი „ჰანდესბლატი“ (Handelsblatt) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დუმილი – საუკეთესო ვარიანტია“ – რატომ არ სურს ევროპას რეჯეფ ერდოღანთან კონფლიქტი“ (ავტორები – ოზან დემირჩანი და კარსტენ უოლკერი).

თურქეთმა ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში ისევ გაგზავნა გემი ფსკერის გასაბურღად, გაზის საბადოს აღმოჩენის მიზნით. გუშინ რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ხომალდი „მანამდე გააგრძელებს ძიებას, სანამ რაიმეს არ იპოვის“. მეზობელი საბერძნეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ანკარის გეოლოგიურ-დაზვერვით სამუშაოებს იმ ადგილებში, რომლებზე ათენი და კვიპროსი პრეტენზიებს აცხადებენ.

სიტუაცია დელიკატურია: თურქეთისა და ევროკავშირის დამოკიდებულება ისედაც დაბალ დონეზე იმყოფება. ბრიუსელში უკვე რამდენიმე კვირაა რეჯეფ ერდოღანისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მწვავდება. ანკარის პარტნიორებს ძალიან აღიზიანებთ თურქეთის მხრიდან გადადგმული არამარტო საბერძნეთისა და კვიპროსის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ნაბიჯები, არამედ რუსეთთან დაახლოებაც. დასავლურ მასმედიაში ევროპელი ჩინოვნიკები უკვე ხმამაღლა მსჯელობენ ანკარის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, ზოგიერთები კი მოითხოვენ, თურქეთი ნატოდან გაირიცხოსო. „ჩვენი მოთმინების ფიალა უკვე ბოლომდე ივსება“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი. 

მაგრამ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ნაკლებ საეჭვოა, რომ ამერიკამ და ევროპამ ნატოელი მოკავშირის მიმართ რაიმე საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას. ბოლო დროს თურქეთი ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან ქვეყნად გადაიქცა, ამიტომ მისი ხელისუფლების  წინააღმდეგ ხისტი პოზიციის დაკავება დასავლეთს კარგს არაფერს მოუტანს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გაიმართება, მანამდე კი ევროპის რეაქციას „რეჯეფ ერდოღანის ავანტიურაზე“ არავინ არ უნდა ელოდოს.

თურქეთის ნაბიჯების მიმართ ხმელთაშუა ზღვაში გერმანიის მთავრობაც მხოლოდ ზოგადი და ცარიელი ფრაზებით შემოიფარგლება. „ჰანდელსბლატის“ კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს ბერლინი სიტუაციის გამწვავების პირობებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრობლემა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დაინტერესებული მხარეების დიალოგით უნდა მოგვარდესო“.

თურქეთის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ არჩევნებამდე დასავლეთმა მას „ხელში კარტ-ბლანში მისცა“, შესაბამისად, იგი სიტუაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, ევროკავშირის წაყრუებით. იმიტომ, რომ უკრაინის ომის გამო ევროკავშირს გაზი ჭირდება, გაზი კი შეიძლება თურქეთმა იპოვოს.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე თურქეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა. ანკარა აკონტროლებს შავი ზღვის სრუტეებს, თურქეთს ნატოში მეორე ადგილზეა არმიის რიცხოვნობით, ხოლო მისი ტერიტორიას – ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე – უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქ ნატოს რამდენიმე ბაზაა განლაგებული. გარდა ამისა, თურქეთს კარგი კავშირები აქვს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებთან.

„თურქეთი ჩვენი ისეთი მოკავშირეა, რომელიც ცხოვრებას გვიმწარებს, მაგრამ რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ“, – ამბობს აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში ივო დალდერი გაზეთ „პოლიტიკოსთვის“ მცემულ ინტერვიუში. თურქეთის ნატოდან გარიცხვაზე ლაპარაკი არ მიდის, რადგან ეს მხოლოდ თვითონ ანკარის თანხმობაზეა დამოკიდებული: გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ალიანსში კონსენსუსის პრინციპი მოქმედებს. ალიანსიდან გასვლა თვითონ თურქეთმა უნდა მოისურვოს, გარიცხვა შეუძლებელია.

გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანმა უკვე რამდენჯერმე შეასრულა კონსტრუქციული როლი რუსეთ-უკრაინის ომში: მიაწოდა უკრაინას თანამედროვე საბრძოლო დრონები, მონაწილეობდა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობაში შუამავლის სტატუსით, ხელი შეუწყო რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას უკრაინული ხორბლის ექსპორტის თაობაზე. გარდა ამისა, ბრიუსელში რეჯეფ ერდოღანს „სასარგებლო ემისრად“ თვლიან, რომელიც დასავლეთის ეპისტოლეებს რუსეთს აწვდის.

თუმცა, რასაკვირველია, დასავლელ დიპლომატებს შეშფოთების საფუძველიც აქვთ რეჯეფ ერდოღანი ოპორტუნისტულ (შემრიგებლურ) პოლიტიკას ეწევა. თურქი ლიდერი თავის სასარგებლოდ მუშაობს და იმ ვაკუუმს ავსებს, რომელსაც დასავლური სანქციები ვერ ფარავს. სოჭში შეხვედრის შემდეგ დასავლეთს ეჭვი გაუჩნდა, რომ თურქეთი ერთგვარი ჰაბი გახდება ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

რამდენადაც ევროკავშირის სანქციები ექსტერიტორიული არ არის, მესამე ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობის გამო ვერ დაისჯებიან. თუმცა ითვლება, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, ანტირუსული სანქციების რეჟიმი უნდა დაიცვან. ამასთან, რადგანაც თურქეთის ევროკავშირში მიღების პროცესი დიდი ხანია გაყინულია, ამიტომ ბრიუსელი ანკარას ვერანაირ პრეტენზიას ვერ წაუყენებს.

დღეს ევროკავშირი თურქეთს ელოლიავება: ბრიუსელი ისეთ მდგომარეობაშია, როცა მას არ შეუძლია რეჯეფ ერდოღან პირდაპირ უთხრას ის, რასაც მის ნაბიჯებზე ფიქრობს. თურქეთის პრეზიდენტიც ასეთი ვითარებით „მიზანმიმართულად სარგებლობს“: ხვდება ვლადიმერ პუტინს, გზავნის გაზის საბადოების დასაზვერად გემებს, სრულიად არ ადარდებს საბერძნეთ-კვიპროსის რეაქცია და თუ რაიმე მოლაპარაკებას მართავს, თავის ევროპელ კოლეგებს საქმის კურსში მხოლოდ მაშინ აყენებს და ეუბნება, როცა მოლაპარაკება უკვე დასრულებულია. მაგალითად, გაეროს გენმდივანი და ევროპელი პოლიტიკოსები აზრზე არ იყვნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება უკრაინული ხორბლის გატანის თაობაზე, სანამ ისინი ხელმოწერის ცერემონიაზე არ იქნენ მიწვეულნი.

რეჯეფ ერდოღანის მიმართ შექმნილი უკმაყოფილება მხოლოდ ევროკომისიის შიგნით იხილება და ანკარას დაბალი დონის დიპლომატიური არხებით გადაეცემა. თვითონ ევროკომისია და წევრი-ქვეყნები დუმილს ინარჩუნებენ. მიზეზი ისაა, რომ საჯაროდ და ღიად გამოხატულმა საყვედურებმა საეჭვოა თურქეთის ლიდერზე რაიმე შთაბეჭდილება მოახდინოს და მხოლოდ ხაზს გაუსვამს ბრიუსელის სისუსტეს. ევროპარლამენტიც ეთანხმება იმ აზრს, რომ ამჟამად დუმილი საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს.

წყარო