გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს
გიორგი ვაშაძე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის საქმეზე, გამოკითხვაზე დაიბარეს. ვაშაძეს პოლიციამ სახლში უწყება მიუტანა და განუმარტა, რომ გამოკითხვაზე აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იბარებენ. ვიდეომასალა ამის თაობაზე თავად „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გაავრცელა. ამასთან მას განუმარტეს, რომ თუ საგამოძიებო უწყებაში არ მივა, გამოძიება მიმართავს სასამართლოს, რათა მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.
სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემაც. მისი თქმით პოლიცია მის სახლთანაც იმყოფებოდა და პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას ითხოვდა.
სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწევთ გამოძიების კითხვებს გასცენ პასუხი, რადგან სწორედ ოპოზიციის ჩართულობით იღებდა მშვიდობიანი აქციები რადიკალურ სახეს.