1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – ჯანმო
საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – ჯანმო

საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – ჯანმო

163
0

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში – მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ – ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კაკაბაძემ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თამარ სამხარაძემ – მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის თავმჯდომარემ სიმონ გაბრიჭიძემ მიმართეს.

„ექსპერტებმა ჯანმოდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) და სხვა მოწვეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მონაცემები სიმსუქნის მასშტაბის და ტვირთის შესახებ გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და დეტერმინანტებზე, ამ სფეროში პოლიტიკის მიდგომებსა და ზომებზე. NCDC-მ ასევე წარმოადგინა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პროექტები.

სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ობეზოგენური გარემოს ზეგავლენით, ფსიქო-სოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით. ობეზოგენური გარემო დაკავშირებულია სტრუქტურულ ფაქტორებთან, რომლებიც ზღუდავს ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და მარტივ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს არსებობას.

სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.

ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქო-სოციალურ შედეგებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო – 11% მსუქანი. ამ საკითხების გადასაჭრელად, მონაწილეები ჩაერთნენ პარალელურ სესიებში, რომელთა მთავარი ფოკუსი იყო ჯანსაღი კვება და სიმსუქნის მკურნალობის/მართვის პოლიტიკა.

„ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. როგორც დღეს იქნა განხილული, სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკის დიალოგი იყო პირველი მასშტაბური, მრავალსექტორული ღონისძიება საქართველოში სიმსუქნის საკითხებზე. დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიმსუქნის ტვირთს და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.