1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს
დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს

315
0

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ბინას უსახლკარო სტატუსის მქონე 151 ოჯახს გადასცემს.

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, დამატებით გამოიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს მიღებული.

როგორც კალაძე აღნიშნავს, საცხოვრებელი ფართებით, მომავალი წლის ბოლომდე, 400-ვე უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი დაკმაყოფილდება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკარო სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა.

ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად, მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული.

უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს. აღნიშნული ბინები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა და სხვადასხვა კომპანიის მიერ შენდება.

სამშენებლო კომპანიებს მუნიციპალიტეტის წინაშე ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ამის შემდგომ კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ჩვენვე უზრუნველვყოფთ სარემონტო სამუშაოების შესრულებას და ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანას. საბოლოოდ კი, აღნიშნული საცხოვრებელი ფართები უსახლკარო ოჯახებს ეტაპობრივად, განსაზღვრული რიგითობით გადაეცემათ სარგებლობაში.

აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენი საარჩევნო დაპირების შესაბამისად, ჩვენს ბაზაში აღრიცხული ყველა უსახლკარო ოჯახი საცხოვრებლით არ იქნება უზრუნველყოფილი,“ – განაცხადა კალაძემ.