დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა- მამუკა მდინარაძე
არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს შეგვიძლია, დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით. საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების არაღიარების საკითხი არავისგან დასმულა.
„არჩევნების შესახებ განცხადებებში კანონებზეა ლაპარაკი. ეს აქამდე არ ყოფილა. რა შუაშია ერთი მეორესთან? რაც შეეხება იმას, ვინმემ შეძლო თუ არა, რომ არაღიარების საკითხი დაესვა, ამ ჩემი განცხადების შემდეგ თუ არ მოიფიქრეს ეს და დაიწყეს ამაზე საუბარი, არაღიარება არც ერთი მხრიდან არ წამოსულა. მათ შორის, დიდი მადლობა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.
26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას ეუთო-ს კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.