სწორი არჩევანის შემთხვევაში იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას – მიტროპოლიტი საბა
დიდი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე მიმართვა გამეკეთებინა იმ ადამიანებისადმი, ვინც გვისმენს და ჩვენგან ყურადღებას, მხარდაჭერას ელოდება. მას შემდეგ, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ, დაახლოებით 35 წელია, არასდროს ვყოფილვარ ვინმეს მიმართ პოლიტიკურად მიდრეკილი და განსაკუთრებული მხარდამჭერი, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ აუცილებელია. ისეთი დრო და ვითარებაა მთელ სამყაროში, საქართველოშიც, რომ საჭიროდ ჩავთვალე მივმართო საზოგადოებას, – განაცხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, რომელიც საზოგადოებას მიმართავს.
როგორც მიტროპოლიტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, არავის უნდა დავუპირისპირდეთ, უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით და ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არამედ ქვეყნის დაცვაზე და გადარჩენაზე. მისივე თქმით, სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია.
„არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს არის მიკერძოებული დამოკიდებულება ვინმეს მიმართ, მე რეალურ სურათს დავხატავ და შემდგომ ყველამ თავისი არჩევანი გააკეთოს. პირველ რიგში, მინდა მოგიყვეთ 2002 წელს პატრიარქის მიერ გამოთქმული ერთი ამბის შესახებ. პატრიარქს გლობალიზაციის შესახებ შეეკითხნენ, თუ რას ფიქრობდა ის და როგორი იყო მისი დამოკიდებულება. უწმინდესმა ბრძანა, რომ გლობალიზაცია ისეთი პროცესია, რომელსაც ჩვენ, ადამიანები ვერ შევაჩერებთ და გლობალიზაცია შეადარა მეცხრე ტალღას, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. მან ხელები გაშალა და ბრძანა, რომ ჩვენ ხელი უნდა გავშალოთ და ჩავეხუტოთ, ამ თემით ჩავყვინთოთ წყალში, რომ გადაგვიაროს ტალღამ და შემდგომ ამოვყვინთოთ. ამ თემის რეალიზება მოვახდინოთ. რამდენიმე წამის დაფიქრების შემდეგ თქვა, რომ ის, რაც ჩვენ უნდა ჩავიხუტოთ ეს არის ოჯახის სიწმინდე. თქვენ ამას ამ წუთში ვერ გაიგებთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ მოვა დრო და ამას მიხვდებით. გავიდა 22 წელი და მთელი სამყარო ამ თემაზე საუბრობს, კამათობს და მათ შორის, საქართველოშიც ოჯახის სიწმინდეზე არის ბევრი საუბარი. იცით, დადგინდა კიდეც ეკლესიის სიწმინდის დღე. ამას ძალიან ბევრი ადამიანი ეთანხმება და არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ან ეწინააღმდეგებიან ან საჭიროდ არ თვლიან ამაზე ყურადღების გამახვილებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა და მკაცრად აღნიშნა, რომ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ოჯახის სიწმინდის დაცვა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ არ იქნება ოჯახი წმინდა, არ იქნება ძლიერი, ქვეყანაც არ იქნება წმინდა და არ იქნება ძლიერი. ამიტომ მინდა ვიფიქრო და ვიყო დარწმუნებული, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მომგებიანი ნაბიჯი და ამიტომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ მიაღწიო პოლიტიკურ წარმატებას, ვფიქრობ, ეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ყველა უნდა ვფიქრობდეთ ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე და ქვეყნის განვითარებაზე. მინდა ყველამ დაინახოს სად არის სიმართლე, სად არის სიწმინდე, სად არის ერთგულება და თავგანწირვა. ჩვენ არ უნდა დავუპირისპირდეთ არავის, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, იმ ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, არა მხოლოდ პოლიტიკურ წარმატებაზე, არა მხოლოდ თანამდებობაზე, არა მხოლოდ პირად კარიერაზე, არამედ ქვეყნის დაცვაზე, ქვეყნის გადარჩენაზე და ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი და სწორი გადაწყვეტილების მიღება თითოეული ჩვენგანის ვალია და სწორი არჩევანის შემთხვევაში მაქვს იმედი, რომ საქართველოში იქნება მშვიდობა, საქართველოში იქნება განვითარება, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, ქვეყნის გაბრწყინებას, ქვეყნის გადარჩენას და ღმერთიც შეგვეწევა ამ დიდი საქმეში“-განაცხადა მიტროპოლიტმა საბამ.