“მთავარი არხი”, “ტვ პირველი” და “ფორმულა” უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე
“მთავარი არხი”, “ტვ-პირველი” და “ფორმულა” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიები უარს ამბობენ “ქართული ოცნების” საარჩევნო ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
“ქართული ოცნება” აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.
ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე – ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია “ქართული ოცნების” ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს.” – წერია განცხადებაში.