სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შერიგებას.
„ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შერიგების შესახებ ქართველო ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს თავად ქვეყნების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ჯიოევმა.
მისი მტკიცებით, „რუსი პარტნიორები“ ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის კუთხით.
„ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას“, – განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, რაც შეეხება მომავალში „საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების“ შესაძლებლობას, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოზიცია ცნობილია და არაერთხელ გაჟღერებულა.
„ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.