1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

527
0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.

„მოგეხსენებათ, 2020 წელს შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ქვეყანას, ქართულ განათლებას პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის თუ მინისტრის რანგში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი, მათთან ერთად ბევრი რამ გავიარე და ერთად ბევრ მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ, რაც მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. პრემიერ-მინისტრს და გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა, ოთხწლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. პოლიტიკა უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო, გაუფრთხილდნენ მათ. მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა, შემოვიდეს სამინისტროში და წარუძღვეს არჩევნებამდე“, – განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრის თანამდებობაზე გასული წლის მარტში დაინიშნა. მანამდე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.