1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია”
“უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია”

“უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია”

82
0

„უკრაინაში დემოგრაფიული სიტუაცია კრიტიკულია. ომმა არამარტო შობადობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია, არამედ მოსახლეობის დიდი საზღვარგარეთული მიგრაციაც, რაც უკრაინისათვის ისტორიულ კატასტროფულ მოვლენას წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – წერს ჟურნალისტი ნატალია მიჩკოვკსკაია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია უკრაინის გაზეთ „ფოკუსში“ (Фокус) სათაურით „ქვეყანა ბავშვების გარეშე: უკრაინის ხუთი დემოგრაფიული პრობლემა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2024 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში სამჯერ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა: იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი 87655 ადამიანია, ხოლო სიკვდილიანობა – 250 872. ბოლო დროს უკრაინის დემოგრაფიის განხილვა უპირველეს თემად იქცა. კითხვაზე „ვინ არის დამნაშავე“ პასუხი რთული არ არის, მაგრამ „რა უნდა გაკეთდეს“ – ამაზე ვერავინ ვერ პასუხობს.

ექსპერტების თქმით, დემოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრია, უფრო მეტიც – ქვეყანაში დარღვეულია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მაგრამ არის შედარებით სხვაგვარი კითხვებიც: ნამდვილად აქვს თუ არა დემოგრაფიას პირდაპირი კავშირი ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასთან და შესაძლებელია თუ არა მოსახლეობის შემცირება – გარკვეულ სიტუაციაში – ქვეყნის უპირატესობად იქცეს? ამ კითხვებზე პასუხისათვის „ფოკუსი“ ეკონომისტებს ესაუბრა.

შობადობა და ქვეყნის კეთილდღეობა: არის თუ არა მათ შორის კავშირი?

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თუ შობადობასა და ქვეყნის კეთილდღეობას შორის რაიმე კავშირი არსებობს, მაშინ მას უკუქცევითი ხასიათიც აქვს. შობადობის საერთაშორისო რეიტინგში ყველაზე პირველ ადგილებს პლანეტის ყველაზე ღარიბი ქვეყნები იკავებენ – ნიგერი, ჩადი, სომალი, კონგო… კოეფიციენტით 6, ანუ როცა ერთი ქალი 6 შვილზე მეტს აჩენს. სამაგიეროდ, გაეროს 2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები შობადობის რეიტინგში ყველა ბოლო ადგილებზე არიან: აშშ – 133-ე ადგილზე იმყოფება 193 ქვეყნიდან (კოეფიციენტით 1,8), ჩინეთი – 148-ე ადგილზე (კოეფ. 1,7), გერმანია – 165-ეზე (კოეფ. 1,6).

„მაღალი დონის შობადობა შეიმჩნევა არა უბრალოდ ღარიბ ქვეყნებში, არამედ იქაც, სადაც კულტურული ტრადიციები ოჯახში ბევრ შვილს ითვალისწინებს, მაგალითად, მუსლიმანურ ქვეყნებში“, – ამბობს ეკონომიკური სადისკუსიო კლუბის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პენდინი. იმავდროულად, მისი თქმით, „ბევრი ევროპული ქვეყნის კულტურული განსაკუთრებულობა დღეს ოჯახებში მრავალშვილიანობას არ გულისხმობს“.

„ოჯახში შვილების რაოდენობაზე გავლენას ახდენს არამარტო ისტორიულ-კულტურული ტრადიციები, არამედ ბავშვის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაც“, – აგრძელებს ექსპერტი, – „მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში შობადობა მაღალია, მაგრამ ასევე მაღალია ბავშვთა სიკვდილიანობის დონეც, ამიტომ მოსახლეობის ზრდა დაბალია. სამაგიეროდ, ევროკავშირში მცხოვრებ ლტოლვილების მუსლიმანურ ოჯახებში, ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების მაღალი დონის წყალობით, ამჟამად 5-6 ბავშვი იზრდება. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა საშუალოს სტატიკურ ევროპულ ოჯახში ხშირად ბავშვების დეფიციტია – ან ერთი ბავშვია, ან საერთოდ არ არის“.

უკრაინის დემოგრაფიული პრობლემა: ხუთი ერთში

უკრაინაში დემოგრაფიული „ორმო“ არა იმდენად დაბალი შობადობით ღრმავდება, არამედ ომისა და მიგრაციის გამო. მილიონობით ლტოლვილი – ეს უპირველესად, შრომისუნარიანი ასაკის მქონე ქალები არიან და ის ბავშვები, რომლებიც ხვალ-ზეგ ევროპის შრომის ბაზარზე გავლენ. ისინი კი, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ, უბრალოდ, ბიუჯეტის აუცილებელ შევსებას ვერ უზრუნველყოფენ. ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენას თვითონ უკრაინელები ვერ შეძლებენ, ამიტომ დღეს ხშირად ლაპარაკობენ, რომ მთელი იმედი მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან მიგრანტებზეა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინამ ევროკავშირს, ლტოლვილთა სახით, შრომისუნარიანი მოსახლეობა გაუზარდა, თვითონ კი „მშრალზე დარჩა“.

„დემოგრაფია – ეს მხოლოდ შობადობა კი არ არის, არამედ მიგრაციული პროცესებიც“, – ამბობს ანალიტიკოსი ალექსი კუში, – ზოგ ქვეყანაში საკუთარი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაციის მაღალი დონე (ანუ მცხოვრებთა შემცირება) მაღალი შობადობით კომპენსირდება, ზოგში კი, კერძოდ ევროპის ქვეყნებში, დაბალი შობადობა ნაზღაურდება მაღალი მიგრაციით სხვა ქვეყნებიდან. თუ ეკონომიკა ისეთ კარგ დონეზეა, რომ იზიდავს განათლებულ და კვალიფიცირებულ მიგრანტებს, მაშინ არავითარი „ორმოები“ არ ჩნდება. სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში საფრანგეთის, გერმანიისა და სკანდინავიის მოსახლეობა, ადგილობრივ ოჯახებში შობადობის დაბალი დონის მიუხედავად, მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა – 15-20%-ით. პოლონეთის მოსახლეობა, რომელიც შობადობის მაღალი დონით ვერანაირად ვერ დაიტრაბახებს, მილიონზე მეტი მიგრანტით – უკრაინელით – გაიზარდა“.

გარდა ამისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უცხოელი მიგრანტების (განსაკუთრებით განათლებულის) ფაქტორი მომგებიანიც კი არის. საკუთარი განათლებული კადრების მომზადებისათვის ქვეყანამ ასობით ათასი დოლარი უნდა დახარჯოს მის სპეციალიზაციაზე, ჯანდაცვით უზრუნველყოფაზე და სხვა მომენტებზე, მიგრანტების მიღების შემთხვევაში კი საქმე მარტივადაა – ქვეყანა იღებს უკვე მომზადებულ სპეციალისტებს საკმაო ცოდნითა და კომპეტენციით.

ალექსი კუშის თქმით, უკრაინის დღევანდელი დემოგრაფიული პრობლემა არც ორი არ არის და არც სამი – უფრო სრულად თუ ვიტყვით, ერთ დიდ პრობლემაში ხუთი პრობლემატური საკითხია: დაბალი შობადობა, მაღალი სიკვდილიანობა, ომამდელი შრომითი მიგრაცია, ომით გამოწვეული ლტოლვილების ნაკადი და საომარი პირდაპირი დანაკარგები. სწორედ ამიტომ ექსპერტები უკვე ლაპარაკობენ არა უკრაინის დემოგრაფიულ პრობლემებზე, არამედ დემოგრაფიულ კატასტროფაზე. თუ მოსახლეობის შემცირება ასეთი ტემპებით გაგრძელდება, უახლოეს ორი-სამი თაობის შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10-15 მილიონი ადამიანი იქნება.
გარდა ამისა, ანალიტიკოს იური ბოგდანოვის აზრით, ჩვენთან, უკრაინაში, ძალიან არის დარღვეული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა: „ამ სახით მოსახლეობის ტრავმირება ჯერ კიდევ XX საუკუნეში მოხდა – პირველი და მეორე მსოფლიო ომები, შიმშილობა… მისი ექო XXI საუკუნეში დაგვეწია – 1990-იან წლებში შობადობის დაცემისა და სიკვდილიანობის ზრდის სახით. შემდეგ მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა – 2005 წლიდან 2012 წლამდე. 2012-დან შობადობამ სწრაფი შემცირება დაიწყო, სიკვდილიანობამ ისევ მოიმატა – იმიტომ, რომ გარდაცვალება დაიწყო 1930-იანი წლების „ქალთა“ თაობამ და 1950-იანი წლების „მამაკაცთა“ თაობამ“. 2011 წლიდან 2020 წლამდე მოკვდა თითქმის 7 მილიონი უკრაინელი, დაიბადა მხოლოდ 4,5 მილიონი. ბოლო ოთხ წელიწადში კორონავირუსმა და ომმა ეს ტენდენციები გააძლიერა“.
მოსახლეობის შემცირება: ზოგი ჭირი მარგებელია?
და მაინც რჩება კითხვა: მართლაც ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესება ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებზე და მის მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ-ზე)? ხომ არსებობენ მსოფლიოში მდიდარი და წარმატებული ქვეყნები მოსახლეობის მცირე რაოდენობით? რამდენად შეიძლება უკრაინისათვის – რიგი გარემოებებისა და პირობების არსებობისას – მოსახლეობის შემცირება უპირატესობად იქცეს?

თეორიულად, როგორც ცნობილ ანდაზაშია ნათქვამი – „თუ ადამიანები ცოტაა, მაშინ ჟანგბადი მათთვის მეტი იქნება“. და არამარტო ჟანგბადი, არამედ რესურსებიც მეტი იქნება ერთ სულ მოსახლეზე. ხომ არის განსხვავება იმაში, დარჩენილი რესურსები 40 მილიონ ადამიანზე გაიყოფა თუ 10-15 მილიონზე? თანაც ცნობილია, რომ მოსახლეობის მაღალი შობადობა მაინცდამაინც პანაცეა არ არის ყველა პრობლემისათვის. გავიხსენოთ ჩინეთი, რომელიც ხელოვნურად ზღუდავდა შობადობას (ერთი ოჯახი – ორი შვილი) ადმინისტრაციული წესებით.

„სინამდვილეში ჩინეთმა ასეთი პოლიტიკა უკვე დიდი ხანია შეცვალა. შობადობის ხელოვნურმა შეზღუდვამ მოსახლეობის დაბერება და ბუნებრივი შემცირება დააჩქარა. ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, რომ შობადობის შეზღუდვა შეცდომა იყო, – აღნიშნავს ალექსი კუში, – რაც შეეხება სულობრივი შემოსავლების ზრდას, რომელიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის შემცირების ხარჯზე მატულობს, ამ შემთხვევაში ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს“. ექსპერტის თქმით, როცა იწყებენ საუბარს მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნის კარგ ცხოვრებაზე, ყველაზე ხშირად ავსტრალიის მაგალითი მოჰყავთ (136-ე ადგილი გაეროს რეიტინგით, შობადობის კოეფიციენტი – 1,6). მაგრამ ჯერ ერთი, რომ ავსტრალიის მოსახლეობა ასე თუ ისე მაინც იზრდება, მეორე – ავსტრალია – ქვეყანა-კონტინენტს წარმოადგენს.
მას თითქმის არ აქვს საგარეო გამოწვევები და საფრთხეები, ის არ მდებარეობს მიგრაციული ნაკადების გზებზე. ავსტრალიაში ჩასვლა რთულია, მასზე თავდასხმა კი უაზრობაა.

„უკრაინაში კი ყველაფერი პირიქითაა: ჩვენ ევროპის ცენტრში ვიმყოფებით ძირითადი გეოპოლიტიკური ღერძებისა და მიგრაციული ნაკადების გადაკვეთაზე, – ამბობს ანალიტიკოსი, – ასეთ პორონენში მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას, უბრალოდ, არსებობა არ შეუძლია – ის ან მიგრაციული შთანთქმის მსხვერპლი გახდება, ან აგრესიის ობიექტი. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ XXI საუკუნე – ეს არის ეკონომიკის ზრდის პერიოდი მოხმარების მეშვეობით, ანუ რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია მოსახლეობის რაოდენობაზე. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღება საინვესტიციო გადაწყვეტილებებიც კი – მაგალითად, ითვლება, რომ 10 ათასზე მეტ თანამშრომლიანი სამრეწველო საწარმოს აშენება 20 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში მიზანშეუწონელია.

ამიტომაც ახლა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს მისი მოსახლეობა, მისი მოქალაქეები – ადამიანები – წარმოადგენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: