1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია”- მიხეილ სარჯველაძე
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია”- მიხეილ სარჯველაძე

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია”- მიხეილ სარჯველაძე

479
0

“ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება კეთდება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესკლიმატი არის პოზიტიური და რეგიონში ქვეყანა ლიდერია,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ისეთი საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში დაეხმარებათ.

“ანგარიშში მითითებაა იმაზეც, რომ საქართველოდან გარკვეული წყაროები საუბრობენ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და აქცენტი კეთდება დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. როცა სამუშაო ფორმატებში ამ პრობლემას ხაზი გაესვა, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მივიღეთ – რატომ არის პრიორიტეტებში საქმეთა გადატვირთულობა და დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. ეს არის რეალური პრობლემა და საჭიროა მაქსიმალური ყურადღების კონცეტრირება. საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც დაგვეხმარება სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში. ეს კარგად გამოყენებადი დოკუმენტია ყველა თვალსაზრისით, ” – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ასევე შეაფასა ანგარიშის ის ნაწილია, სადაც აღნიშნულია: “საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.”

როგორც სარჯველაძემ განაცხადა, საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის “ცივი შხაპია”.

“როცა ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს მკაცრად იცავს, ამაზე სრულიად უარგუმენტო და დაუსაბუთებელ კრიტიკას ვიღებდით, სხვათა შორის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარე ძალებიც ამას აკეთებდნენ. რეალურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება არის კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპი. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანგარიშის შეფასებისას სარჯველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, „საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“.

სარჯველაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა, რაზედაც ფაქტები არსებობს.

“ამ თემაზე ყველა ფლობდა ინფორმაციას. მომეჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ შერბილებულია ტონი, რადგან საუბარი სავარაუდოდ კი არა, უდავოდ დადგენილ ფაქტებზე შეგვიძლია, რომ მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. ამაზე ვარაუდის დონეზე საუბარი მაშინ შეგვეძლო, როცა ის ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და ამ ფაქტების დადასტურება რთული იყო, მაგრამ სასამართლოს მეშვეობით ფაქტებმა დადასტურება დაიწყო არა მხოლოდ ქვეყნის შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ეს აღიარებული პრაქტიკა იყო, რასაც საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით წინა ხელისუფლება მიმართავდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას ძირი გამოუთხარა, საკუთრების უფლების პრობლემა იყო,” – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშში საუბარი საქართველოზეც არის. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს კონსტიტუცია იცავს საკუთრების უფლებებს, მათ შორის საკუთრების შეძენის, განკარგვისა და მემკვიდრეობის მიღების უფლებებს.

“ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის დროს ქონების გადაცემის შემთხვევები იყო, რომელიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა,” – ნათქვამია ანგარიშში.