1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

437
0

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც ანაკლიის პორტს ეხებოდა, გადაწყვეტილება გამოაცხადა.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, რადგან, მისივე თქმით, ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა.

„საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“, რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება.

ხელისუფლება, მრავალი წელია, აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ – რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი.

ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციაში.

რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მაგალითზე ვნახეთ, რამდენი პრობლემა ჩნდება, როდესაც ეს მთავრობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინელ კონტრაქტორებს აბარებს. ჩინურ კომპანიებს დაქირავებული მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და შექმნილ სამუშაო ადგილებს, ქართველების ნაცვლად, უცხოელები იკავებენ.

ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.

ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს „მარშალის გეგმის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის.

ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!“ – აღნიშნავს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს დაწყების შესახებ განცხადება 2020 წლის 9 იანვარს გააკეთა. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ უსაფუძვლო იყო და აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.