ნაურუს რესპუბლიკამ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის” და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
„საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.