1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან”-Deutsche Welle
“თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან”-Deutsche Welle

“თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან”-Deutsche Welle

129
0

„საქართველომ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. მაგრამ ქვეყნის სრული გადაქცევა პროკრემლურ სატელიტ-ქვეყნად შეუძლებელია – იმიტომ რომ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორი: ოკუპირებული ტერიტორიები, – წერს ივან პრეობრაჟენსკი, გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle» – „გერმანული ტალღა“) პოლიტიკური მიმომილველი, სტატიაში სათაურით „თბილისის სახიფათო ფლირტი მოსკოვთან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაზე ლაპარაკობს, რომელიც თითქოსდა უკრაინისადმი მეგობრულად განწყობილ ოპოზიციონერებს უნდა მოეხდინათ. ქართველი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას აშინებს – თუ ჩვენ ხელისუფლებაში არარ ვიქნებით, რუსეთთან ომი დაიწყებაო. თავის მხრივ, მარია ზახაროვა, არამკითხე მოამბესავით, ქვეყნის „ოდკბ“-ში გაწევრიანებაზე მსჯელობს (თუმცა ამის შესახებ საქართველოს არ უთხოვია), ხოლო რუსი სენატორი ანდრეი კლიმოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალით დაეხმაროს.

რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი უთავსდებოდეს იმ ფაქტს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდანაა გაწყვეტილი, ხოლო რუსი სამხედროები აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას აგრძელებენ?

არჩევნები რუსული თარგით

საქართველოში 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს. 2024 წელს პარლამენტმა, რომელშიც „ოცნების“ წევრი დეპუტატები დომინირებენ, საზოგადოების საპროტესტო აქციების მიუხედავად, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც ოპოზიცია პრორუსულ „უცხოური აგენტების“ კანონს უწოდებს.

ახლახან კი საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული თავდასხმის მცდელობა მმართველი პარტიის არაფორმალურ ლიდერსა და სპონსორზე ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც რუსეთთან ბიზნეს-კავშირები აქვს. თავის მხრივ, კრემლმა სწრაფად დაგმო „თავდასხმის მცდელობა“, რომელშიც „ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზოციონერები – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველები და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები დაადანაშაულა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ჯერ სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე და შემდეგ აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ამბები მთლად დაუჯერებლად უკვე არ ჟღერს. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა კონსპიროლოგია გაეთამაშებინა და განაცხადა, რომ თავდასხმას „ის ძალები“ ამზადებდნენ, რომლებმაც კინაღამ რობერტ ფიცო და დონალდ ტრამპი მოკლეს, თუმცა ცნობილი, რომ აღნიშნული ტერაქტები მარტოხელმა პირებმა მოახდინეს. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში სინამდვილეში არანაირი მკვლელობის მცდელობა არ მომხდარა და როგორც ოპოზიცია აცხადებს, ყველაფერი ხელოვნურად არის გამოგონილი. რეალური მხოლოდ ისაა, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ რეპრესიებს ახორციელებს.

აბიუზურ-დამამცირებელი დიპლომატიური ურთიერთობა

ამ მხრივ საჩვენებელ ამბად გამოიყურება ივნისში მომხდარი ინციდენტი, როცა საქართველოში შესვლა აეკრძალა სომეხ პოლიტიკოსს ტიგრან ხემალიანს, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს სომხეთის გასვლას ОДКБ-დან (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან).  იმიტომ, რომ სომხეთს ეს ორგანიზაცია არაფერში არ დაეხმარა – არც მთიანი ყარაბახზე კონტროლის შენარჩუნებაში და არც აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის დროს.

და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის ოფიციალური პირები არაორაზროვნად იწვევენ საქართველოს ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. და თბილისი „ოდკბ“-ის წევრი გახდება, მაშინ რუსეთი საქართველოს დაეხმარება იმ საიდუმლო ძალების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში, რომლებმაც ვითომდა ჯერ რობერტ ფიცოზეა და დონალდ ტრამპზე მოამზადეს თავდასხმა, ახლა კიდევ ბიძინა ივანიშვილზეც.

საქართველო, რასაკვირველია, „ოდკბ“-ში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, რაც არ უნდა ილაპარაკონ მოსკოვში, ჯერ-ჯერობით დუმილს ინაჩუნებს – ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ასე უწოდებენ ქართველები  „სამხრეთ ოსეთს“) ოკუპირებას აგრძელებს.

მაგრამ არის ნორმალიზაციის სხვა გზაც – დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, ოკუპაციის მიუხედავად. ხომ აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომ მისი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანად გეგმავს, ამისათვის კი მოლაპარაკების დაწყებაა აუცილებელი, მოლაპარაკებამდე კი დიპურთიერთობის აღდგენა. ასე რომ, ხმები იმის შესახებ, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დიპლომატიურ კავშირებს აღადგენს, სრულიად სარწმუნოდ გამოიყურება.

რატომ არ არის საქართველო ყირგიზეთი?

რუსი ოპოზიციონერები, რომლებიც მასობრივად წავიდნენ საქართველოში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ახლა ისევ მასობრივად ამზადებენ ჩემოდნებს უფრო უსაფრთხო ადგილზე გასამგზავრებლად. საქართველო მათ უკვე თავის ტერიტორიაზე აღარ უშვებს. შესაბამისად, ისინი შიშობენ, რომ ვაითუ ხელისუფლებამ ყველას უკან, რუსეთში დაბრუნება აიძულოს, სადაც მათ სისხლის სამართლის საქმეები ელოდებათ, „რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა“ და უფრო მეტი – „სამშობლოს ღალატის“’ ბრალდებებით.

თავის მხრივ, ქართული ოპოზიცია, რომელსაც მაინცდამაინც დიდი შანსები არ აქვს არჩევნებში გასამარჯვებლად, აშკარად ელოდება რეპრესიების ახალ ტალღას.

მიმდინარე წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც ვერავინ ხელს ვერ შეუშლის ბიძინა ივანიშვილის პარტიას ქვეყანაში ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინოს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. იქმნება ისეთი განცდა, რომ საქართველო სწრაფად უბრუნდება რუსეთის სატელიტურ ორბიტას, ყირგიზეთის მსგავსად, სადაც რუსეთის გავლენის შედეგად პერმანენტულად იზღუდება სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები.

მაგრამ ამ ფონზე ოკუპირებული ტერიტორიები ჯერ-ჯერობით ისევ რჩება გადაულახავ დაბრკოლებად არამარტო ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ სხვა ისეთი პოლიტიკოსისთვისაც, რომელიც მოსკოვს იმედის მზერას მიაპყრობს და კრემლზე დაყრდნობას გადაწყვეტს. რუსეთის ხელისუფლება დაპყრობილ მიწებს ნებაყოფლობით არავის არ დაუბრუნებს. ცხადია, ასეთ კომპრომისზე არც ქართველი ხალხი არ დათანხმდება, ამ გარემოების გამო კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში ყველა პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი არასტაბილური იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: