არავითარ შემთხვევაში არ დათმოთ უკრაინის ტერიტორიები – ჰენრი კისინჯერი
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დასავლეთსა და კიევს მოუწოდა, მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების დროს, არ დათმონ უკრაინის ტერიტორიები, რომელთა ოკუპირება რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მოახდინა. ამის შესახებ კისინჯერმა გერმანულ ტელეარხ ZDF-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“დღევანდელ ვითარებაში, დემოკრატიის ლიდერებმა ნათლად უნდა გაიგონ, რისთვის არიან მზად მოლაპარაკებებისთვის და რისი დათმობისთვის არ არიან მზად არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა კისინჯერმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ აგრესიის მსხვერპლებთან – უკრაინის ხელმძღვანელობასა და ხალხთან “სრული თანამშრომლობით”.
“უკრაინის ტერიტორიის დათმობა არ შეიძლება იყოს პირობა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ”, – ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა. “ფაქტია, რომ რუსეთს მოუწევს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომელიც წაართვა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ”.
შეგახსენებთ, მაისში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, კისინჯერმა თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გამყოფი ხაზი უნდა იყოს “უწინდელი სტატუს კვოს დაბრუნება”. ბევრმა მედიასაშუალებამ და პოლიტიკოსმა ეს სიტყვები განმარტა, როგორც კიევისადმი მოწოდება, დათმოს თავისი ტერიტორიების ნაწილი მშვიდობის მისაღწევად.
ივლისის დასაწყისში კისინჯერმა Time-თან ინტერვიუში განმარტა თავისი სიტყვები და თქვა, რომ ის არ მოუწოდებდა უკრაინას ტერიტორიების დათმობისკენ.