1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიძინა ივანიშვილის ღირსების შეურაცხყოფას უპასუხოდ არ დავტოვებთ – დიმიტრი ხუნდაძე
ბიძინა ივანიშვილის ღირსების შეურაცხყოფას უპასუხოდ არ დავტოვებთ – დიმიტრი ხუნდაძე

ბიძინა ივანიშვილის ღირსების შეურაცხყოფას უპასუხოდ არ დავტოვებთ – დიმიტრი ხუნდაძე

565
0

ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისისადმი მიმართვაში.

„რატომ ბიძინა ივანიშვილი?“ – სვამს შეკითხვას დიმიტრი ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ „ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი არ აგვიხსნიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, თუ რა არის რეალური დემოკრატია“.

„დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად ეხმარებოდნენ ჩვენს სამშობლოს და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის?

უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში იწვევს აგრესიას მისი ლობისტების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილის საკითხი გახდება დასავლური ღირებულებების საზომი საქართველოში! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გაიღო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ახლა ჯერი ჩვენზეა!

30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო პარტნიორობა. საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას.

არ გვინდა, ვიდგეთ მუდმივად ნატო-ს მყარად დახურულ კარებთან და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს.

არ გვინდა, უცხო ქვეყნები უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია კეთდებოდეს საელჩოებში, ხელოვნურად ხდებოდეს არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება და სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს.

ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთა ისტორიული არჩევანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატიული ღირებულებები და საქართველო აცდეს იმ მოსალოდნელ საფრთხეებს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე მიმართვაში.