“თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ” – იაგო ხვიჩია
ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები – იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა ქვეყნის წინაშე დანაშაულია არ ლაპარაკის გაგრძელება ან იმ ხარისხის დისკუსიების გაგრძელება, რაც შეიძლება მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრში.
“ზოგადად ადეკვატური როგორ შეიძლება იყოს პარლამენტის ავსება სპეცრაზმით და იმის გამო, რომ იქ სპეცრაზმია, დეპუტატების არშეშვება? აი, აქედან დავიწყოთ. გასაგებია, გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი მე არ მომწონდა და მათ შორის, ეს უაზრო კარებთან ჯაჯგური, მაგრამ ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, იმასთან დაკავშირებით მინიმუმ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები. იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, ახალგაზრდები დარბიან – ხან რას ამტვრევენ, ხან რას. საბოლოოდ ჯამში, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და არავინ პასუხისმგებელი რომ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს პირისპირ მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს და მათ შორის, მედიასაშუალებებს, რომ მოდით გავხსნათ დისკუსია პოლიტიკურ პარტიებში, იმ პარტიებს შორის, ვინც ბუნებრივი ბარიერი გადალახა წინა არჩევნებზე, თუ როგორ ვუყურებთ ზოგადად მიტინგების განვითარებას და როგორ ვუყურებთ “ქართული ოცნების” შემდეგ ამ ქვეყნის განვითარებას.
აქციას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა. ჩემი რწმენით ეს მოთხოვნა უნდა იყოს – “ არა რუსულ კანონს”, რაც არის და დაკავებული ხალხის დაუყოვნებლივ გამოშვება. მანამ სანამ ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, აქცია ამ მოთხოვნით უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც “რუსულ კანონს” მიიღებენ, ნებისმიერი მოთხოვნა შეიძლება ლეგიტიმური იყოს.
მე მგონი, გუშინდელ ამბავზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია კავშირების ამ ხალხის და ოპოზიციონერების. პირველ რიგში, ჯაჯგურის წინააღმდეგი კი არ ვარ, მართლა უნდა ჯაჯგურობდე, თუ ჯაჯგურზე მიდის საქმე და გადაწყვეტილებაა, რომ უნდა ვიჯაჯგუროთ, პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთ, მარტო ერთ კარს რატომ ეჯაჯგურები? ნახეთ, რამდენი კარი და ფანჯარა არის, თუ პარლამენტში შესვლა გინდა. თუ ზოგადად ჯაჯგურზე მივდივართ, რატომ ერთ შენობას? მოდი გადანაწილდეს ამდენი ხალხი და 10 შენობას დაეჯაჯგუროს. თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ. იქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ეტაპებია გასავლელი და ჩვენ ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს. მასე ჯაჯგურით პირდაპირ არ გამოვა”, – განაცხადა ხვიჩიამ.