,,პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით 29 აპრილს აქტივობებს არ ვგეგმავთ” – ლადო მაჭავარიანი
29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს,- ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს გააგრძელებენ.
“მინდა გავაკეთო განცხადება ახალგაზრდული ჯგუფების, სტუდენტური მოძრაობების და იმ ადამიანების სახელით, ვინც ჩართულები ვართ რუსული კანონის წინააღმდეგ. ბოლო დღეები გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ კონტრაქციის საპასუხოდ.
ჩვენი პასუხია: ერთობა და მშვიდობა. ჩვენი მოძრაობით უძრაობის წინააღმდეგ მივდივართ. ვცდილობთ, ისეთი ქვეყნის მიღწევას, სადაც ვიქნებით ერთიანად, მშვიდობიანად, რუსული კანონის გარეშე. 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ პროვოცირება მოახდინოს. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“,- აღნიშნა ლადო მაჭავარიანმა.