“რუსეთი არანაირად არ არის დაინტერესებული სიტუაციის სერიოზული ესკალაციით ახლო აღმოსავლეთში”-Welt TV
„თუ ორ სახელმწიფოს – ისრაელსა და ირანს – შორის ახალი სრულმასშტაბიანი ომი გაჩაღდება, მაშინ ირანი რუსეთს უკრაინასთან ომში უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) და რაკეტებით ვეღარ დაეხმარება, ამიტომ მოსკოვი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული სიტუაციის გამწვავებით“, – დარწმუნებულია გერმანული ტელეარხის „ველტ თი-ვი“-ს (Welt TV) მოსკოველი კორესპონდენტი ქრისტოფ ვანერი ვიდეოსიუჟეტში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთი არანაირად არ არის დაინტერესებული სიტუაციის სერიოზული ესკალაციით ახლო აღმოსავლეთში“.
როგორც ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, კრემლისათვის ირან-ისრაელის ომი რეგიონში გავლენის დაკარგვას ნიშნავს, ამიტომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თეირან-იერუსალიმის კონფლიქტი არ გაფართოვდეს.
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას:
პროგრამის წამყვანი:
ვესაუბროთ ჩვენს საკუთარ კორესპონდენტს მოსკოვში ქრისტოფერ ვანერს, რომელიც, რა თქმა უნდა, აქტიურად თვალს ადევნებს მოვლენებს და რუსეთის ხელისუფლების განწყობა-რეაქციას.
ქრისტოფ, მოგესალმებით. როგორ შეაფასებდი ირან-ისრაელს შორის დაძაბულობის გამწვავებას და პირველ რიგში, რას ნიშნავს ეს ყველაფერი რუსეთისათვის?
ქრისტოფ ვანერი:
გავბედავ და ამ რთულ სიტუაციაში ჩემს პროგნოზს გეტყვით: რუსეთი არანაირად არ არის დაინტერესებული სიტუაციის სერიოზული ესკალაციით ახლო აღმოსავლეთში. ამის პირველი მიზეზი შემდეგი გარემოება გახლავთ: თუ ირანი დასუსტდება და ძალას დაკარგავს ისრაელის წინააღმდეგ სავარაუდო ომში, მაშინ თეირანი ისე ძლიერად ვეღარ დაუჭერს მხარს რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით – კერძოდ, სამხედრო ტექნიკით უკრაინასთან მიმართებით, როგორც დღეს აკეთებს. ასე რომ, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია „ნაპირებს არ გადმოლახავს“.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპილოტო თვითმფრინავების „შაჰედ-131“-ისა და „შაჰედ136“-ის დიდი რაოდენობით მიწოდება რუსეთს უკრაინის დასაბომბად მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. გარდა ამისა, ამ დრონებს რუსეთის ირანული ლიცენზიითაც აწარმოებს ქარხანაში, რომელიც თათრეთის რესპუბლიკაშია განლაგებული.
სხვათა შორის, ირანულ იაფფასიან დრონებს რუსეთი მოხერხებულად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ: ჯერ „შაჰედებს“ უშვებენ დიდი რაოდენობით (ათობით და ასობით), რათა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემამ მთელი ძალები მათ გასანადგურებლად მიმართოს და რესურსები ამოეწუროს, შემდეგ კი იმავდროულად ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს. ასე რომ, ირანულ იარაღს რუსეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მეორე მიზეზი, თუ რატომ არ სურს რუსეთს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავება, იმით გამოიხატება, რომ 2015 წლიდან რუსეთი ახლო აღმოსავლეთში აქტიურ მოთამაშედ ითვლება – ანუ იმ პერიოდიდან, როცა კრემლმა სირიის მხარდაჭერა ივალდებულა და პრაქტიკულად, ბაშარ ასადს მმართველობა შეუნარჩუნა, კრახისგან გადაარჩინა.
და თუ დღეს ყველაფერი ნაპირებიდან გადმოვა, თუ ვითარება გამწვავდება და უმართავი გახდება, ეს შეეხება სირიასაც – იმიტომ, რომ სირიაში ირანელი სამხედრო მოსამსახურეებიც არიან. შესაბამისად, მოსკოვი თავის გავლენას დიდი მოცულობით დაკარგავს. კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობის აწყობას ახლო აღმოსავლელ ყველა მოთამაშესთან, მათ შორის ისრაელთანაც (თუმცა გარკვეული სირთულეების თანხლებით). ამიტომ, ომის დაწყება რუსეთის ინტერესებისათვის წამგებიანი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ კრემლი კულისებში და კულისებს მიღმაც იმაზე მუშაობს, რომ მდგომარეობა გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ