1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება”-The Economist
“რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება”-The Economist

“რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება”-The Economist

124
0

„რუსეთ-უკრაინის ომი ორივე ქვეყნისათვის კატასტროფას წარმოადგენს. იმდენად, რამდენადაც არცერთ მხარეს არ აქვს ჭარბი უპირატესობა და მათი პოლიტიკური პოზიციები დაზავების საკითხში დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისაგან, საომარი მოქმედებები ახლო მომავალში არ შეწყდება. მაგრამ ერთი რამ აქედანვე ნათელია: ეს ომი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ღრმა და გრძელვადიანი გლობალური შედეგები ექნება“, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინასთან ომში დამარცხდება“ (ავტორი – ფენჯ იუიძინი, პეკინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი).

პუბლიკაციაში გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ჩინელი მეცნიერ-პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ომს კრემლი წააგებს.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ოთხი ძირითადი ფაქტორი:

პირველი – უკრაინელთა წინააღმდეგობა და ეროვნული ერთიანობა, რომელიც ბოლო დრომდე უპრეცედენტოა;

მეორე – საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც, მართალია, ბოლო დროს კიევის მოლოდინს არ ამართლებს, მაგრამ მაინც ფართო რჩება;

მესამე – თანამედროვე ომის ხასიათი, რომელშიც გამოიხატება ეკონომიკური ძლიერების, სარდლობის, კონტროლის, კავშირგაბმულობისა და დაზვერვის ურთიერთშეთავსებაში. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდება რუსეთი უკრაინასთან ომში, არის ის, რომ კრემლი ჯერ კიდევ ვერ გამოსულა დეინდუსტრიალიზაციის ეტაპიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. და თუ ეკონომიკის დონე, დასავლეთთან შედარებით, ბევრად დაბალია, ეს გარემოება განაპირობებს რუსეთის სისუსტეს სხვა მახასიათებლებშიც.

მეოთხე – ინფორმაციის ფაქტორი. როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებამდე მიდის, ვლადიმერ პუტინი საინფორმაციო ხაფანგშია მოქცეული – პრეზიდენტი იმდენ ხანს არის ხელისუფლებაში, რომ მას მხოლოდ მისთვის სასურველ ინფორმაციებს აწვდიან. რუსეთის ლიდერს და მის გუნდს ეროვნული უშიშროების საკითხებში ხშირად ნამდვილი და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაცია არ გააჩნიათ. იმ სისტემაში, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, არ არსებობს შეცდომების გამოსწორების ეფექტური მექანიზმი. ამ მხრივ მათი უკრაინელი კოლეგები უფრო მოქნილები და ეფექტურები არიან.

ამ ოთხი ფაქტორის ერთობლიობა გარდაუვალად გამოიწვევს რუსეთის საბოლოო დამარცხებას. დროთა განმავლობაში კრემლი იძულებული გახდება გავიდეს უკრაინის ყველა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მას აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით. რუსეთის ბირთვული პოტენციალი წარმატების გარანტიად არ ჩაითვლება. აბა, გავიხსენოთ: განა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, არ გავიდა კორეიდან, ვიეტნამიდან და ახლახან – ავღანეთიდან?

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ომი ძალიან ძვირად უჯდება, უკრაინელი ხალხის ერთიანობამ და მტრის წინააღმდეგ გაწეულმა წინააღმდეგობამ გაფანტა მითები რუსეთის დაუმარცხებლობისა და სამხედრო ძლევამოსილების შესახებ.

უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ფერფლისაგან აღდგომა: როცა ომი დასრულდება, კიევს შესაძლებლობა ექნება, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდეს“.

წყარო: