1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ – Globe and Mail
„რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ – Globe and Mail

„რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ – Globe and Mail

930
0

კანადის გაზეთი „გლოუბ ენდ მეილი“ (Globe and Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ მიდის რუსეთის ეკონომიკაში საქმე კარგად – თუნდაც ხანმოკლე ვადით, მაგრამ მაინც“ (ავტორი – ჯონ რეპლი, მწერალი, პროფესორი). „ხმები რუსეთის ეკონომიკის კრახზე გადაჭარბებული აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დასავლურ სანქციებს მისი ქვეყანა გაუძლებდა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის იმედმა გაამართლა. მოსკოვისათვის, როგორც ჩანს, დასავლური სანქციები ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა. რუსეთმა დასავლეთთან ეკონომიკურ ომში გამარჯვა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ორი წლის წინათ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, დასავლეთი დაირაზმა, რომ კიევისათვის მხარი დაეჭირა და მოსკოვი იზოლაციაში მოექცია. დასავლეთმა არა მარტო დაიწყო უკრაინისათვის იარაღის მიწოდება და ლტოლვილების მიღება, არამედ სწრაფი და გაბედული ნაბიჯები გადადგა რუსეთის ეკონომიკისათვის „ჟანგბადის გადასაკეტად“: მოსთხოვა თავის კომპანიებს, რომ რუსეთში ოპერაციები შეეწყვიტა, აკრძალა რუსული პროდუქციის იმპორტი, გააუქმა რუსული გემებისათვის დასავლეთის ნავსადგურებში შესვლის ნებართვები, აუკრძალა სადაზღვევო კომპანიებს რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბლოკა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია როგორც რუსეთის თავდაცვის სფეროსთვის, ასევე ენერგეტიკისათვის.

დასავლეთი იმედოვნებდა რუსეთისათვის ფინანსების დაბლოკვას, რათა კრემლს ომის გასაგრძელებლად თანხები არ ჰქონოდა, იმავდროულად კი უკრაინას ყველაფერს აწოდებდა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. და თავდაპირველად მართლაც ისე ჩანდა, რომ სანქციებმა გაამართლა, დასავლეთი ზეიმობდა. უფრო მეტიც – უკრაინამ მოახერხა და რუსეთის ჯარების კიევის მისადგომებიდან უკუაგდო… რუსულმა ეკონომიკამ შემცირება დაიწყო.

მაგრამ გავიდა ორი წელი და დღეს ყველაფერი სულ სხვაგვარად მოჩანს. 2022 წლის რეცესია რუსულ ეკონომიკაში უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, გასულ წელს კი ეკონომიკა მთლიანად აღდგა და მისი განვითარების ტემპები ომის წინა მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ დროს კი დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, გერმანიის მსგავსნი, რომლებიც ძალიან იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ნავთობსა და გაზზე, ძლივს ტივტივებენ იმ დროს, როცა რუსეთი ეკონომიკის ზრდის ტემპებით შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩება. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო მრეწველობა არამარტო არ დაზარალებულა, არამედ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამჟამად ქვეყანა წელიწადში სამ მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს. ეს რაოდენობა თითქმის სამჯერ აჭარბებს აშშ-სა და ევროპას, ერთად აღებულს. ყოველდღიურად ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის არტილერისტები ხუთჯერ მეტ ჭურვს ისვრიან უკრაინელებთან შედარებით.

უკრაინა ისეა დაბომბილი, რომ მსხვილი ქარხნებიდან და ენერგეტიკული ობიექტებიდან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. უკრაინის ეკონომიკა უკიდურესად დაეცა – ქვეყანამ ომის პირველსავე წელს ეკონომიკის თითქმის მესამედი დაკარგა და მისი აღდგენა მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში თუ იქნება შესაძლებელი.

თავისთავად ნათელია, რომ ხმები რუსეთის ეკონომიკური სიკვდილის შესახებ ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა. ქვეყნის საოცარი გამძლეობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

პირველი – რუსეთის მთავრობამ ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა. თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად მთლიანი ეკონომიკის 7%-ს შეადგენს. რუსეთის ტერიტორია ომით, ანუ პირდაპირი სამხედრო მოქმედებებით, არ ზიანდება (მოკავშირეები უკრაინისაგან ითხოვენ, რომ დასავლური იარაღი უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული, რადგან ვაშინგტონს და ბრიუსელს მასშტაბური ომის დაწყება არ სურთ). უცხოურმა კომპანიებმა რუსეთი დატოვეს, მაგრამ მათი დიდი ნაწილი რუსულმა კომპანიებმა ჩაანაცვლეს და ეკონომიკას სიცოცხლე დაუბრუნეს.

მეორე – რუსეთმა მარჯვედ მოძებნა დასავლურ სანქციებში არსებული „ხვრელები’ და ემბარგოს გვერდი აუარა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ინტეგრალური სქემების („ჩიპების“) ექსპორტი აკრძალეს, რომლებიც სამოქალაქო სფეროს პარალელურად, სამხედრო წარმოებაშიც გამოიყენება, რუსეთმა დაიწყო ნებადართული დასავლური პროდუქციის იმპორტის გაფართოება – მაგალითად, მაცივრების, სარეცხი მანქანების, მიკროტალღური ღუმელების შესყიდვა, მათგან „ჩიპების“ ამოღების მიზნით. რუსეთი ფართოდ სარგებლობს უცხოური გემებით ნავსადგურებში თავისი პროდუქციის შესატანად. გარდა ამისა, გაჩნდა უამრავი ქვეყანა-შუამავალი, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც დასავლეთის ორმაგი სტანდარტების საპასუხოდ (განსაკუთრებით ღაზას სექტორში მიმდინარე ომთან მიმართებით), მორალურად ამართლებენ თავიანთ ნაბიჯებს და ანტირუსულ სანქციებს არღვევენ.

მესამე – რუსეთმა ახალი საექსპორტო ბაზრები მონახა. როცა დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი შეამცირეს, ჭარბი იაფფასიანი ნავთობი და გაზი სიამოვნებით შეისყიდეს ინდოეთმა და ჩინეთმა. რასაკვირველია, რუსეთისათვის ინდოეთთან და ჩინეთთან ნავთობითა და გაზით ვაჭრობა ისეთივე მაღალ მომგებიანი არ იყო, როგორც ევროპასთან, მაგრამ მაინც.

მეოთხე – თვითონ ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთთან „შავი ხვრელებით“ ვაჭრობა იმ მიზნით, რომ სანქციების ზემოქმედება საკუთარ ეკონომიკაზე როგორმე შეემცირებინათ. დასავლეთ ევროპის ვაჭრობა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად გაფართოვდა: გერმანული ავტომობილებით ვაჭრობამ ყირგიზეთში 2023 წელს უეცრად 5500%-ით მოიმატა, ხოლო იმავე პერიოდში ყაზახეთიდან რუსეთში ელექტრონული მოწყობილობების ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ გაიზარდა. სიტუაცია ნათელია: ევროპის ქვეყნები რუსეთთან შუამავლების მეშვეობით ვაჭრობენ.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ რუსეთმა დასავლეთთან მეტოქეობა მოიგო, მაგრამ კრემლის სამხედრო კამპანიის მომავალი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, მოსკოვმა კარგად მოძებნა თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრები, მაგრამ კრემლი იძულებულია შეღავათური ფასებით ივაჭროს, რაც მოგებას ამცირებს, ანუ სამხედრო სფეროს ფული აკლდება. გარდა ამისა, რუსეთი დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და ინდოეთზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემხვედრ შეღავათურ ნაბიჯებს არ დგამენ. თუ ასე გაგრძელდება, რუსეთის მრეწველობის მაღალტექნოლოგიური სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, საბოლოოდ კი რუსეთი „მესამე სამყაროს“ ქვეყნად გადაიქცევა.

უკრაინასთან ომის კიდევ უფრო გაჭიანურების შემთხვევაში რუსეთის რესურსებიც ამოიწურება, ქვეყანა გაღარიბდება და დასუსტდება – იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ადრე, 1990-იან წლებში იყო. ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ ეს არ მოხდება. როგორც ჩანს, მას ჰგონია, რომ დასავლელი ამომრჩევლები, რომლებიც კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი, საკუთარ მთავრობებზე ზეწოლას მოახდენენ, ისინი კი უკრაინას დახმარებას შეუწყვეტენ, კიევს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას მოსთხოვენ და შემდეგ რუსეთთან ურთიერთობას განაახლებენ.

თუ ვლადიმერ პუტინს გაუმართლებს, მაშინ მას წინ მართლაც გამარჯვება ელოდება, მაგრამ თუ იგი სცდება, თუ დასავლეთი კრემლს მკაცრ პასუხს გასცემს და უკრაინისათვის დახმარებას გააგრძელებს, მაშინ რუსეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

წყარო