“დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს, უკრაინასთან მიმართებით, აშკარა უპირატესობა აქვს” – რას წერს „ვაშინგტონ თაიმსი“
აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დაზვერვის მონაცემებით, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, რუსეთს, უკრაინასთან მიმართებით, აშკარა უპირატესობა აქვს“ (ავტორი – მაიკ გლენი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
როგორც ბრიტანული დაზვერვის მონაცემები მოწმობს, რუსეთს, დასავლური სანქციების მოქმედების მიუხედავად, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სამხედრო ტექნიკაში, საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფაში და ცოცხალ ძალაში. ბრიტანელი კომპეტენტური ჩინოვნიკების თქმით, მოსკოვი ყოველთვიურად ფრონტზე 30 ათას ჯარისკაცს გზავნის და მნიშვნელოვან სამხედრო ძლიერებას ფლობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ომისაგან დაიღალონ და გამოიფიტონ.
იმავდროულად ბრიტანული სპეცსამსახურები თვლიან, რომ სანქციები გარკვეულწილად მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენენ რუსეთის თავდაცვით მრეწველობაზე, კერძოდ, მის მაღალტექნოლოგიურ სექტორზე – საავიაციო და სარაკეტო წარმოებაზე. რუსები სულ უფრო მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ, რომელსაც ინტეგრალური სქემები („ჩიპები“) არ ჭირდება, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით თვითმფრინავებისა და რაკეტების გამოშვებაზე., რომლებშიც ბევრ დასავლურ კომპონენტს შეიცავენ.
სანქციებმა და ომში იარაღის სწრაფმა ხარჯვამ რუსული თავდაცვითი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მშვიდობის პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის წილი იარაღით მსოფლიო ვაჭრობაში 2022-2023 წლებში 11%-მდე შემცირდა, 2014-2021 წლებთან შედარებით, როცა რუსეთის წილი 21%-ს აღემატებოდა.