კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მოკვლევა კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება სამინისტროს მიერ გასული წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1 000%, 2 000% და 3 000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.
კონკურენციის სააგენტო დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტს რვა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ სწავლობს.
სააგენტო დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიების მხრიდან არასამართლიანი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების ფიქსირებას.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი უკვე გაავრცელა, რის შემდეგადაც წამლების ფასი შემცირდა.
ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე კიდევ ერთი საქმის მოკვლევა დეკემბრის ბოლოს დაასრულა. მოკვლევის შედეგად დაადასტურა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ ქმედებასა და კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევას. კერძოდ, „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები განსაზღვრეს. კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევი ფარმაცევტული კომპანიები 52 797 934 ლარით დააჯარიმა.