„გამოკითხვის შედეგები: დონალდ ტრამპი – 40%, ჯო ბაიდენი 34%“ – Reuters
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „გამოკითხვის შედეგები: დონალდ ტრამპი – 40%, ჯო ბაიდენი 34%“ // დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს“ (ავტორები – ჯეისონ ლანგი, სტივ ჰოლანდი, ალექსანდრე ულმარი), რომელშიც მოცემულია „როიტერ“//„იფსოსის”მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები და ის ვარაუდები, თუ ვინ შეიძლება გახდეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.
კვლევაზე დაფუძნებით, „როიტერი“ წერს, რომ ამომრჩეველთა შორის დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით ლიდერობს. ამასთან, ამომრჩეველთა უმეტესობას არ სურს, რომ ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ერთმანეთის პირისპირ, კვლავ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იხილოს.
ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში 1250 ზრდასრული გამოიკითხა. გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მხარს დონალდ ტრამპს უჭერს, 34% კი, – ჯო ბაიდენს. დანარჩენს, არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას ან სხვას აძლევს, ან არავის. გამოკითხვის შედეგებში, ცდომილების ზღვარი 3%-ია.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის, პარტიის ნომინაციის მოპოვებისთვის მორიგ ბრძოლაში, ნიუ-ჰემფშირში, ტრამპმა ამ კამპანიაში დარჩენილი მისი ერთადერთი კონკურენტი, ნიკი ჰეილი დაამარცხა, ორშაბათიდან, ოთხშაბათამდე ჩატარებული გამოკითხვის დროს, რესპონდენტთა 67%-მა თქვა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი და იგივე კანდიდატების ყოფნით დაიღალა და სურს ვინმე ახალი იხილოს.“ თუმცა, მხოლოდ რესპონდენტთა 18%-მა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევანის გაკეთება ბაიდენსა და ტრამპს შორის მოუწევთ, არჩევნებში ხმას არ მისცემენ.
გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ამბობს, რომ უკმაყოფილონი არიან შეერთებული შტატების ორპარტიული სისტემით. ყოველი ოთხი გამოკითხულიდან ერთი კი ამბობს, რომ ამ სისტემით კმაყოფილია.
ამ გამოკითხვის შედეგები ასკვნის, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ წინაშე არსებული არჩევანით კმაყოფილი არ არის.
გამოკითხულთა 70 პროცენტი – მათ შორის დემოკრატების დაახლოებით ნახევარი – დაეთანხმა განცხადებას, რომ ბაიდენი არ უნდა ცდილობდეს ხელახლა არჩევას. ამავე გამოკითხვაში, გამოკითხულთა 56 პროცენტმა განაცხადა, რომ ტრამპმა არ უნდა იყაროს კენჭი, მათ შორის რესპუბლიკელების დაახლოებით მესამედმა.
დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევს
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის 5 ახლო პირზე დაყრდნობით, “როიტერი” წერს, რომ დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თაობაზე მოკავშირეებსა და დონორებს აზრს ეკითხება.
აიოვასა და ნიუ-ჰემფშირში გამარჯვების შემდეგ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ნომინაციასთან ახლა უფრო ახლოსაა, შესაბამისად, ცდილობს გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ბიულეტენზე ნომერ მეორე რესპუბლიკელი. მართალია პარტიული არჩევნები ჯერ კიდევ ათობით შტატში უნდა ჩატარდეს და საპრეზიდენტო ნომინანტსაც პარტია მხოლოდ ზაფხულში დაასახელებს, მაგრამ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან საყოველთაო არჩევნებში კიდევ ერთხელ შერკინებისთვის ემზადება.
“ყოველდღე, ყველგან, სადაც მიდის ყველას ამა თუ იმ ადამიანზე ეკითხება”, – თქვა მისმა ერთ-ერთმა თანაშემწემ. ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ტრამპის კამპანიის შიდა პროცესებს უშუალოდ იცნობს, ჟურნალისტებს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.
მათი თქმით, ტრამპი განსხვავებულ რჩევებს იღებს, მათ შორის ხშირად შავკანიანი პოლიტიკოსების ან ქალების სახელებია. დონალდ ტრამპს ურჩევენ, რომ თავისი პოზიციები ამგვარად გაიმყაროს, რათა მათი ხმები თეთრ სახლში დაბრუნებაში დაეხმაროს.
ერთ-ერთი მისი ყოფილი თანამშრომელი თეთრი სახლიდან, ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა გამოხატა ინტერესი იმ რჩევის მიმართ, რომ მისი მოკავშირე და ვიცე-პრეზიდენტი ქალი პოლიტიკოსი უნდა იყოს, რადგან ეს მისი არჩევის პერსპექტივას დაეხმარება. რჩეულ კანდიდატებს შორის არიან ნიუ-იორკის კონგრესმენი ელის სტეფანიკი და სამხრეთ დაკოტის გუბერნატორი კრისტი ნოემი.
დონალდ ტრამპმა 10 იანვარს თქვა, რომ იცის, ვინ იქნება მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა მის კამპანიასთან დაახლოებული პირების თქმით, ის ჯერაც განაგრძობს რჩევების მიღებას იმის თაობაზე, თუ ვისი შერჩევა გაზრდის მის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს კი ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ის რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას მოიპოვებს.
წყაროები:
https://www.reuters.com/world/us/americans-dismayed-by-biden-trump-2024-rematch-reutersipsos-poll-finds-2024-01-25/
https://www.reuters.com/world/us/trump-seeking-advice-friends-allies-running-mate-pick-2024-01-25/