“ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანას მოუტანა ოკუპაცია, რეკეტი, რბევა, ნგრევა -ირაკლი ქადაგიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და საქართველოს მოუტანეს ოკუპაცია, რეკეტი, რბევა, ნგრევა, ბიზნესის წართმევა. ოპოზიციაში გადმოვიდნენ და ვხედავთ, რომ მთელი მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს რყევასა და ნჯღრევასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამ ომის დაწყებიდანვე ვნახეთ, მათი გზავნილები რა იყო – მოხალისეები და შეიარაღება გაგვეგზავნა, ყოფილიყო პირდაპირი სანქციები, რაც იწვევდა საქართველოს უმწვავეს კონფრონტაციას რუსეთთან, მათ შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა განუხრელად იზრდებოდა და ირღვეოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც უმძიმესი მდგომარეობა. სააკაშვილის შემოპარვა და მისი მიზნები გაიხსენეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ხდება საქართველოს იმიჯის დაზიანება, თითქოს საქართველო სააკაშვილს წამლავს.
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება, რასაც წინ აღუდგა ხელისუფლება და ამას მოსახლეობაც ხედავს, რაც არ უნდა პროპაგანდა აწარმოონ შავბნელი პიარით. საქართველო განწირული არ არის იმისთვის, რომ ასეთ ნგრევასა და უკრაინიზაციაში მოვხვდეთ. როცა უკრაინიზაციაზე ვსაუბრობთ, იმ პოლიტიკას ვგულისხმობ, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ატარებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.