“აფხაზეთს სანქციების არ ეშინია” – ასლან ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთს სანქციების არ ეშინია.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბაშკირეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების პირობებში, რუსეთს შეუძლია აფხაზეთის პორტებით განახორციელოს საქონლის იმპორტი.
“მას შემდეგ, რაც სახელმწიფოების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის მიმართ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები გამოყენებული იყოს პარალელური იმპორტისთვის. ჩვენ ორი პორტი გვაქვს სხვა სახელმწიფოებთან გასასვლელად.
იცით, რომ აფხაზეთი რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთმა გვაღიარა. სანქციების არ გვეშინია, ისინი ჩვენ მიმართ არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს სირთულეები გვაახლოებს კიდეც”, – განაცხადა ბჟანიამ.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც კვლავ ძალაშია. სანქციები, მათ შორის, შეეხო იმპორტს.